Saturday, May 14, 2011

„ნისანი“ და „რენო“ ერთად 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ

Nissan, Renault aim for combined 10 mln unit sales - media

14 მაისი

„რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსი იმედოვნებს, რომ სამ-ხუთ წელიწადში გაყიდვებს 10 მილიონამდე გაზრდის. ეს ინფორმაცია, იაპონურ გაზეთ „მაინიჩის“, იაპონურ-ფრანგული ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა გააცნო. ამგვარად, გამოჩნდა მეოთხე საავტომობილო კონგლომერატი, რომელსაც მსოფლიო ლიდერობის პრეტენზია გააჩნია.

შარშანდელი მონაცემებით, ლიდერი „ტოიოტაა“, რომელმაც „ჯენერალ მოტორსი“ სამი ათეული ათასი ავტომობილით ჩამოიტოვა. მეოთხეზეა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დიდ და პატარა კომპანიას აერთიანებს. „რენო-ნისანმა“ შარშან 7.3 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა და ამ მაჩვენებლით მესამე იყო. სავარაუდოდ, „ტოიოტა“ წელს პირველობას დაკარგავს, რადგან მისი წარმოება და გაყიდვები იაპონიის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა და სრული დატვირთვით ამუშავებას წლის ბოლომდე ვერ შეძლებს. თუმცა ვინ გახდება პირველი, ეს ჯერაც უცნობია, რადგან იაპონურმა კატაკლიზმებმა თავისი კვალი ამერიკულ და ევროპულ კომპანიებსაც დაატყო.

იაპონურ კომპანიებს შორის, ყველაზე მეტად სწორედ „ტოიოტამ“ იზარალა. თუმცა, კარგ დღეში არც „ნისანია“, რომელსაც მიწისძვრის არეალში რამდენიმე საწარმო აქვს. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია ძრავების ქარხანა, რომელიც ფუკუშიმას პრეფექტურაში მდბარეობს. გონის თქმით, ეს საწარმო მუშაობას მალე განაახლებს. ყოველივეს მიუხედავად, ალიანსი პოზიციების დათმობას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ ისევე როგორც შარშან, წელსაც მისი გაყიდვები რეკორდული იქნება.

„ნისანის“ საწარმოებს შორის, მიწისძვრამ ყველაზე მეტად ფუკუშიმაში მდებარე ძრავების ქარხანა დააზარალა. ამჟამად, ეს საწარმო ენერგიით არ მარაგდება. ამ ქარხნაში აწყობილი ძრავებით, „ნისანის“ იაპონური და უცხოური ქარხნები მარაგდება. ის ორცვლიანი რეჟიმით მუშაობას მალე განაახლებს. სულ კი, „ნისანის“ ყველა საწარმო სრული დატვირთვით, ოქტომბერში ამუშავდება.

გუნმა ასევე უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი კატასტროფები უარყოფითად იმოქმედებს ელექტრომობილების წარმოებასა და გაყიდვებზე. პირიქით, „ნისან ლიფის“ წარმოება დაგეგმილი ტემპით მიმდინარეობს და პრაქტიკულად არც შეფერხებულა.

დონალდ ტრამპს ეი ჯეი ფოიტი შეცვლის

A.J. Foyt to replace Donald Trump

14 მაისი

ინდი 500-ის რბოლას ერთი საინტერესო ტრადიცია აქვს - მის პეისკარს ცნობილი ადამიანები პილოტირებენ. წელს ეს რბოლა მეასედ ტარდება და პეისკარის პილოტად, არც მეტი, არც ნაკლები, მილიარდერი დონალდ ტრამპი (ფოტოზე პეისკარის საჭესთან) იყო მიწვეუილი. ისიც დათანხმდა, თუმცა საიუბილეო რბოლის სტარტამდე სამიოდ კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ კაბრიოლეტ „შევროლე კორვეტ SS-ის“ საჭეს ტრამპი კი არა, სახელოვანი ამერიკელი მრბოლი, ინდი 500-ის ოთხგზის გამარჯვებული (ის ერთადერთია, ვისაც ეს ლეგენდარული რბოლა სამზე მეტჯერ აქვს მოგებული) ეი ჯეი (ენტონი ჯოზეფ) ფოიტი მიუჯდება.

სხვათა შორის, როდსაც პეისკარის პილოტად ტრამპი გამოცხადდა, ამან რბოლის ფანებს შორის პროტესტის ტალღა გამოიწვია. თავად ბიზნესმენი შესაძლოა მალე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად ჩაებას და საყოველთაო უკმაყოფილების გამოწვევა არ ისურვა. პროტესტებს რბოლის ორგანიზატორებიც მოერიდნენ. და ამიტომ, ტრამპი ფოიტმა შეცვალა.

წლევანდელ ინდი 500-ს ორი დებიუტანტო ეყოლება. ესენი არიან ფ1-ის ბოლო ამერიკელი პილოტი სკოტ სპიდი და ჩინელი ჰო-პინ ტუნი. სპიდი ერთხანს „რედ ბულის“ ტესტ პილოტი იყო, 2006 წელს კი, „ტორო როსოს“ მანქანით, ფორმულა ერთში მისი დბიუტი შედგა. თუმცა წარმატებები არ ჰქონია.

ტუნი პირველი ჩინელი პილოტია, ვინც ინდი 500-ზე იასპარეზებს. ესეც ფ1-თანაა დაკავშირებული - „რენოს“ სარეზერვო და ტესტ პილოტია. გარდა ამისა, მას გამოცდილება მიღებული აქვს ისეთ სერიებში, როგორებიცაა GP2, A1GP და ფორმულა სუპერლიგა. ორივე ახალბედა როჯერ პენსკეს „დრაგონ რეისინგის“ მანქანებით იასპარეზებს.

სხვათა შორის, ორივე პილოტს თუნდაც მიზერული შანსი აქვს იმისა, რომ ბონუსის სახით, 5 მილიონი დოლარი მიიღოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე მათგანი ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. ამხელა ბონუსი მხოლოდ იმ ახალბედბისთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც ინდი 500-ზე სხვა სერიებიდან არიან მოსულები და ინდი ქარის სერიაში რეგულარულად არ მონაწილეობენ.

კუნიოს პირველი ავტომობილი

Fardier de Cugnot

14 მაისი

წელს „მერსედეს ბენცი“, კარლ ბენცის მიერ პირველი ავტომობილის შექმნიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ეს მხოლოდ პირველი შიდაწვისძრავიანი ავტომობილი იყო. გაცილებით ადრე, კერძოდ კი 1769 წელს, პირველი თვითმავალი ურემი, რომელსაც დღეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ავტომობილი, ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟოზე კუნიომ დაამზადა.

კუნიოს თვითმავალი ურემი (ფარდიე დე კუნიო, ან ფარდიე ა ვაპურ) სამხედრო დანიშნულებით შექმნა და მის მამოძრავებლად ორთქლის მანქანა გამოიყენა. თავისი ქმნილების საფუძვლად, მან ორბორბლიანი მძიმე ურემი გამოიყენა, რომელსაც სამხედროები მძიმე არტილერიის გადასატანად იყენებდნენ. ჩვეულებრივ, ურემს ცხენები ეზიდებოდნენ, რომლებიც კუნიომ დამატებითი ბორბლით და მასზე დამაგრებული ორთქლის მანქანით შეცვალა.

პირველად კუნიომ შედარებით პატარა ორთქლის მანქანა დაამზადა. მომდევნო წელს კი დიდი ზომის მანქანაც დამზადდა, რომელსაც გამომგონებლის გათვლით, ერთ საათში, 4 ტონა ტვირთის თითქმის 8 კილომეტრზე გადატანა შეეძლო (თუმცა, პრაქტიკაში ეს არავის შეუმოწმებია). საკუთრივ ორთქლის ურიკა 2.5 ტონას იწონიდა.

იმის გამო, რომ ყრიკაზე წონა მეტისმეტად უთანაბროდ იყო განაწილებული, ის არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ამ არასტაბილურობას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ ურიკას მოძრაობა მოუწყობელ გზებსა და აღმართებზე უწევდა. სწორედ ეს გახდა პირველი ავარიის მიზეზიც - 1771 წელს, მეორე ურიკა უკონტროლო გახდა, დაღმართზე დაგორდა და არსენალის კედელს დაეჯახა. სწორედ ეს ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს პირველ საავტომობილო ავარიად.

არც ორთქლის მანქანა გამოირჩეოდა სტაბილური მუშაობით. მისი ქვაბი ურიკის წინ იყო დაკიდული. მის ძირზე საცეცხლე იყო განლაგებული. დგუშის ასამოძრავებლად საჭირო ორთქლის წარმოქმნას დაახლოებით 15 წუთი სჭირდებოდა, რის გამოც, მანქანის მოძრაობა ხშირად წყდებოდა და მისი სიჩქარეც ამის გამო მცირდებოდა.

ხანმოკლე ტესტების შემდეგ, საფრანგეთის არმიამ კუნიოს ორთქლის მანქანაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, 1772 წელს საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ, კუნიოს პენსიის სახით, წლიური 600 ლივრი დაუწესა. მისი მანქანა კი, 1800 წელს პარიზის ხელოვნების და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის მუზეუმში გადაიტანეს, სადაც დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.

კუნიოს ორთქლის ურიკის ზუსტი ასლი ტამპა ბეის (აშშ) საავტომობილო მუზეუმშიცაა გამოფენილი. ეს ექსპონატი, რომელიც ორიგინალურისგან განსხვავებით, მოქმედია, ახლახანს პარიზში, ყოველწლიურ პოპულარულ შოუ „რეტრომობილზე“ გამოფინეს.