Friday, March 30, 2012

„ფიატი“ „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზე ქროსოვერსაც გამოუშვებს

Fiat will launch 500X small crossover next year
30 მარტი
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ფიატი“ მერმისს ახალი ქროსოვერის წარმოებას დაიწყებს, რომელიც „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზე შემუშავდება. ახალ ავტომობილს სახელად 500X-ს დაარქმევენ, სადაც X ქროსოვერის აღმნიშვნელია. ეს ავტომობილი ტურინული კონცერნის გამაში პატარა ქროსოვერ „სედიჩის“ შეცვლის, რომლის მსგავსადაც, ის ჰეჩბეკის და უგზოობის ავტომობილის სტილში შესრულდება.

500X „ჩინკვეჩენტოს“ მეხუთე ვარიანტი იქნება. ამჟამად მის სუბ-გამაში შედის: სამკარიანი ჰეჩბეკი, სპორტული „აბარტი“, კაბრიოლეტი 500C და ოთხკარიანი ჰეჩბეკი 500L, რომელიც მაღალი ჭერით გამოირჩევა და მიკროვენის კლასს უფრო მიესადაგება.
უკვე ცნობილია, რომ 500X-ის სიგრძე 4200 მილიმეტრი უნდა იყოს და ამგვარად, „ხუთასის“ ოჯახში ის ყველაზე გრძელი ავტომობილი იქნება. ამასთან, 500L-ის (ფოტოზე) მსგავსად, მისთვისაც სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „პუნტოს“ გაგანიერებულ პლატფორმას გამოიყენებენ.
500X-ს „ფიატი“ თავის ტურინულ ქარხანაში (მირაფიორი) გამოუშვებს. ამგვარად, ეს 500-ის ოჯახში იქნება პირველი მოდელი, რომელსაც იტალიაში გამოუშვებენ. ცნობისათვის, სამკარიან ჰეჩბეკს და კაბრიოლეტს ტიშის (პოლონეთი) ქარხანა აწარმოებს, „500 აბარტს“ - ტოლუკას (მექსიკა) ქარხანა, სადაც ასევე სამკარიან ჰეჩბეკებს ამერიკული და ჩინური ბაზრებისთვის აწარმოებენ, 500L-ს კი კრაგუიავიცეს (სერბეთი) ქარხანა გამოუშვებს. საინტერესოა ისიც, რომ „სედიჩის“ (და მის ტყუპისცალ სუძუკი SX4-ს), რომელსაც 500X შეცვლის, „სუძუკის“ უნგრული ქარხანა აწარმოებს.
„ფიატი“ 500X-ის წარმოებას 2013 წლის ბოლოს დაიწყებს. იტალიურმა კომპანიამ ამისთვის 1 მილიარდი ევრო დაახარჯა მირაფიორის ქარხანას, რომელიც წლიურად 280 000 ქროსოვერს გამოუშვებს. იმავე ქარხანაში მოგვიანებით დაიწყება „ჯიპის“ ყველაზე პატარა უგზოობის ავტომობილის წარმოება, რომელიც ამჟამად B-SUV-ის სახელითაა ცნობილი. ის „ჯიპის“ ორ მოდელზე - „კომპასსა“ და „პეტრიოტზე“ პატარა იქნება. ეს ავტომობილი, ევროპის გარდა, ამერიკასა და სხვა დიდ ქვეყნებშიც გაიყიდება.
„ფიატ 500X“ წინა და სრულამძრავიანი ტრანსმისიებით აღიჭურვება. რაც შეეხება ძრავების გამას, მასში შევა ბენზინის ორცილინდრიანი 0.9-ლიტრიანი და ოთხცილინდრიანი 1.4-ლიტრიანი აგრეგატები, ასევე სერია „მულტიჯეტის“ მეორე თაობის 1.3-ლიტრიანი დიზელი.

No comments:

Post a Comment