Saturday, July 28, 2012

„კადილაკ ELR“ – „კადის“ ფორმაში გამოწყობილი “შევროლე ვოლტი“

Cadillac ELR: More Details On How the Volt Will Become a Caddy
28 ივლისი

კონცეპტუალურ ჰიბრიდულ სპორტულ ავტომობილს, რომელიც დეტროიტის 2009 წლის მოტორ შოუზე „კადილაკმა“ წარადგინა, საკმაოდ უცნაური სახელი - „კონვერჯი“ ერქვა. და თავისი დაკუთხული და საკმაოდ აგრესიული ფორმებით, რისთვისაც ბევრმა ამერიკული „გალიარდო“ დაარქვა, კარგი გამოხმაურება მიიღო. თუმცა, იქვე ბევრი გაოცებული დარჩა იმით, რომ ფაქტობრივად, ეს იყო „შევროლე ვოლტის“ ბაზაზე აწყობილი 2+2 სალონიანი პლაგ-ინ ჰიბრიდული კუპე.

გაოცებას უფრო ის ფაქტი იწვევდა, რომ სიძვირის მიუხედავად, „ჯენერალ მოტორსმა“ პირველ რიგში, სწორედ „ვოლტი“ გამოუშვა. თუმცა ბევრი თვლიდა, რომ ასეთ ფასს უფრო სპორტული ავტომობილი შეესაბამებოდა და ფასისვე გამო, ბაზარზე უფრო წარმატებულიც „კონვერჯი“ იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. მოგვიანებით კი, გენერლებმა მანქანას სახელი (თუნდაც უცნაური) აბრევიატურით - ELR შეუცვალა და მწვანე შუქიც აუნთო.
მას შემდეგ, ამ ავტომობილის შესახებ ბევრი ჭორი აგორდა. ყველაზე ინტენსიური ის იყო, რომელიც გვამცნობდა, რომ ეს იქნებოდა სახეშეცვლილი „ვოლტი“. ზოგი კი ირწმუნებოდა, რომ ოთხცილინდრიანი მძლავრი ტურბოძრავით აღჭურვავდნენ. და აი, ზუსტი ინფორმაციის დროც დადგა. ყოველ შემთხვევაში, ამ ინფორმაციას ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ ავრცელებს.
ინჟინრებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, წონის შენარჩუნება იყო. იმ დროს, როდესაც „ვოლტის“ სალონი, „კადილაკის“ შესაფერისი (მდიდრული) ელემენტებით უნდა აღჭურვო, წონის მატება გარდაუვალია. მაგრამ „კადის“ ინჟინრებმა მიზანს მიაღწიეს - ELR 1.8 ტონას იწონის, ანუ „ვოლტზე“ მხოლოდ 45 კილოგრამით მეტი.
შეიცვალა შიდაწვის ძრავიც - „ვოლტის“ 1.4-ლიტრიანი, 100-ცხენისძალიანი აგრეგატი, რომლის დანიშნულებაც, მოძრაობისას ელემენტების ბლოკის დამუხტვაა, იმავე დანიშნულების 1.8-ლიტრიანმა შეცვალა. ოდნავ უფრო ტევადია ელემენტების ბლოკიც, რომელიც 17 კილოვატსაათ ელექტროენერგიას (ვოლტისაზე 0.5-ით მეტს) იტევს.
რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის ოფიციალურ პრემიერამდე, „კადილაკი“ მის შესახებ ყველაფერს არ გვიამბობს - პრემიერაზეც ხომ უნდა ჰქონდეს რაიმე ახალი სათქმელი. სავარაუდოდ, „კადილაკ ELR“ დაახლოებით 50 ათასი დოლარი ეღირება, დაახლოებით 15 000 დოლარით მეტი კუპე CTS-ზე. მისი გაყიდვები კი 2014 წელს უნდა დაიწყოს.


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment