Sunday, November 18, 2012

ჰამილტონის ბრწყინვალე გამარჯვება ტექსასში

ჩემპიონი ბრაზილიაში გაირკვევა
Hamilton wins in Texas, Vettel must wait
18 ნოემბერი
ოსტინის ტრასა მოინათლა. და მასზე პირველი გამარჯვება ლუის ჰამილტონმა მოიპოვა. ბრიტანელმა მრბოლმა შეინარჩუნა ამერიკის დიდი პრიზის გამარჯვებულის ტიტული, რომელიც ხუთი წლის წინათ, ინდიანაპოლისის ტრეკზე მოიპოვა. ჰამილტონმა რბოლა ბრწყინვალედ ჩაატარა, მის მიწურულს, ლიდერ სებასტიან ფეტელს გაასწრო და ფინიშამდე მოწინავეობა აღარც დაუთმია.
სტარტამდე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, თუ ფინიში ასეთი იქნებოდა. ჯერ კიდევ კვალიფიკაციის შემდეგ, ჰამილტონი გაოცებული იყო თავისი მეორე შედეგით. ესეც რომ არა, ფეტელს მთელი სარბოლო უქმეების განმავლობაში, ბადალი არ ჰყავდა. გერმანელი სამივე პრაქტიკაზე და კვალიფიკაციაზე შეუდარებელი იყო. თითქოს რბოლის დასაწყისსაც ადვილად აკონტროლებდა...
ახლა კი მთავარზე: ამერიკული ეტაპის შემდეგ, ფეტელსა და ტიტულზე მის მოცილე ფერნანდო ალონსოს შორის სხვაობა ისევ 13 ქულამდე გაიზარდა. ალონსომაც რბოლა იმაზე უკეთ ჩაატარა, ვიდრე ამის საშუალებას მანქანა აძლევდა, მაგრამ ფინიში მხოლოდ მესამემ გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციაზე ის მეცხრე იყო, თუმცა სტარტამდე ორი ადგილით წინ წაიწია, რადგან რომენ გროჟანს და ფელიპე მასას მანქანებზე კოლოფები შეცვალეს და ამის გამო, ამ ორ პილოტს ხუთი ადგილით უკან დაწევამ მოუწია.

მოკლედ, სამგზის ახალი ჩემპიონის ვინაობას ბრაზილიაში შევიტყობთ. სამაგიეროდ, „რედ ბულმა“ ოსტინშივე გაინაღდა ზედიზედ მესამე ტიტული. მართალია, „წითელმა ხარებმა“ ვერც რბოლა მოიგეს და ფინიშსაც მათმა მხოლოდ ერთმა პილოტმა უწია (მარკ ვებერი რბოლას გამოეთიშა), მაგრამ ბრაზილიის წინ, ისინი უახლოეს მდევარ „ფერარის“ 73 ქულას უგებენ. მოკლედ, „რედ ბული“ ფ1-ის ისტორიაში სულ მეოთხე გუნდია, რომელმაც ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ზედიზედ სამჯერ შეძლო.
„წარმოუდგენელია, მთელმა გუნდმა ძალიან ძნელი სამუშაო შეასრულა და ამის შედეგი ესაა. ეს... სიტყვები არ მყოფნის“, - ნარბოლევს სიხარულს არ მალავდა „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი. კიდევ უფრო დიდი სიხარულისთვის მას სან პაულუში ფეტელის მინიმუმ მეოთხე ადგილი სჭირდება, რა შემთხვევაშიც ის ალონსოსთვის მიუწვდომელი გახდება.
სხვათა შორის, ჰორნერმა ფეტელის მარცხი აუტსაიდერ ნარაინ კართიკეიანს დააბრალა, რომლის გასწრების დროსაც, ფეტელმა ტემპი დაკარგა, რითაც ჰამილტონმა ისარგებლა. ჰორნერის თქმით, მთელი რბოლის განმავლობაში, ჰამილტონს და ფეტელს დაახლოებით ერთმაირი ტემპი ჰქონდათ და „ისპანიას“ ინდოელი პილოტის ჩაურევლად, ჰამილტონს გასწრება გაუჭირდებოდა.
მართლაც, სტარტიდან ფინიშამდე, მათ შორის სხვაობა 3 წამზე მეტი მხოლოდ ერთხელ გახდა, როდსაც ჰამილტონმა რეზინი ფეტელზე ერთი წრით ადრე შეცვალა. ისე კი, მეტოქეს ორჯერ დაეწია და პირველად მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო ლიდერის პოზიციაზე იერიშის მიტანა, რომ საბურავი „გაუთავდა“. გასწრებამდ კი ჰამილტონი ფეტელს ყოველ წრეზე სჯობდა. ისე კი, ბოლოსწინა წრეზე რბოლის საუკეთესო დრო ჰამილტონს ჰქონდა, ბოლო წრეზე კი - ფეტელს...
წუწუნის მიუხედავად, ჰორნერმა ჰამილტონს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ბრიტანელს ამ სეზონში ხშირად ბედი არ სწყალობდა. სხვათა შორის, ფინიშის შემდეგ პირველმა გამარჯვებულს ფეტელმა მიულოცა, რომელმაც ჰამილტონის თავდადება ფინიშისთანავე ცერის აწევით და ტაშით შეაფასა. ცნობისათვის, ფეტელის კარიერაში ეს მეასე რბოლა იყო.
„(ამ ტრასის) პირველი გამარჯვებული ვარ, რა ბედნიერებაა! აქ მხურვალედ მიმიღეს და მიხარია, რომ მაყურებელს ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, რბოლა შევთავაზეთ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ასეა. დიდი ხანია, რაც არ მომეგო და ეს სწორედ აქ შევძელი. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით და მათი მადლიერი ვარ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც სახელდახელო ინტერვიუ, ლეგენდარულმა ამერიკელმა მარიო ანდრეტიმ კვარცხლბეკზევე ჩამოართვა.


აშშ-ის დიდი პრიზი
ოსტინი. ცირკვიტ ოფ ამერიკას, დსტანცია 308.896 კმ (5.516 კმ, 56 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:35:55.269
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               +00:00.675
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:39.229
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:46.013
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                00:56.432
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         01:04.425
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   01:10.313
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:13.792
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         01:14.525
10. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        01:15.133
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         01:24.341
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      01:24.871
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   01:25.510
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1 წრე
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1 წრე
16. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1 წრე
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1 წრე
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1 წრე
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1 წრე
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          2 წრე
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 2 წრე
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               2 წრე
გ. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      40 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)             42 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:39.347, 56-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 273 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 260; 3. კიმი რაიკონენი - 206; 4. ლუის ჰამილტონი - 190; 5. მარკ ვებერი - 167; 6. ჯენსონ ბატონი - 163; 7. ფელიპე მასა - 107; 8. რომენ გროჟანი - 96; 9. ნიკო როსბერგი - 93; 10. სერხიო პერესი - 66; 11. კამუი კობაიაში - 58; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 53; 13. პოლ დი რესტა - 46; 14. პასტორ მალდონადო - 45; 15. მიხაელ შუმახერი - 43; 16. ბრუნო სენა - 31; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 12; 18. დანიელ რიკიარდო 10; 19. ტიმო გლოკი - 0; 20. ჰეიკი კოვალაინენი - 0; 21. ვიტალი პეტროვი - 0; 22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ლოტუსი) - 0; 23. შარლ პიკი - 0; 24. ნარაინ კართიკეიანი - 0; 25. პედრო დე ლა როსა - 0


კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 440 ქულა; 2. ფერარი - 367; 3. მაკლარენ-მერსედესი - 353; 4. ლოტუს-რენო - 302; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერ-ფერარი - 124; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 99; 8. უილიამს-რენო - 76; 9. ტორო როსო-ფერარი - 22; 10. მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0; 12. ისპანია-კოსუორტი - 0

No comments:

Post a Comment