Wednesday, June 10, 2009

ეკლსტოუნი იმუქრება

Formula 1

10 ივნისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს მრავალმილიონიანი ჯარიმების გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფ1-ის ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებას გაბედავენ და სპონსორებისა და ტელეკომპანიების გადაბირებას ეცდებიან.

ბრიტანულ გამოცემა ”დეილი ექსპრესის” ცნობით, გუნდებს მუქარა ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა გამგებელმა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარმა იმპრესარიო ბერნი ეკლსტოუნმა შეუთვალა. გაზეთის ინფორმაციით, ხუთ გუნდს, რომელთა შორისაცაა ”ფერარი”, ბერნის კომპანია FOM-თან (ფორმულა ვან მენეჯმენტ) კონტრაქტი აკავშირებს და ეკლსტოუნი არაორაზროვნად აცხადებს, რომ ამ კონტრაქტების დარღვევას არაფრით დაუშვებს.

”თუ ისინი საკუთარი ჩემპიონატის ორგანიზებას გაბედავენ, საკუთარ თავს უამრავ პრობლემას შეუქმნიან. თუმცა, არა მგონია, რომ მათ ეს შეძლონ. დავივიწყოთ, რომ მათ ჩემთან კონტრაქტები აქვთ. მაგრამ თუ ისინი გაბედავენ და ჩემს პარტნიორ კომპანიებსა და ტელეკომპანიებს გადაბირებას დაუპირებენ, ამას ძალიან სერიოზულ გამოწვცევად მივიღებ. ეს იქნება არსებული კონტრაქტების დარღვევის მცდელობა, რაც ჩემთვის უაღრესად მიუღებელია. ამის უფლებას არავის მივცემ. მათს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელებს შევიტან და ასეულობით მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოვითხოვ”, - იმუქრება ეკლსტოუნი.

”ფერარის” გარდა, იმ ხუთ გუნდს შორის, რომლებსაც მასთან კონტრაქრები აქვთ, ”რედ ბულს”, ”ტორო როსოს”, ”უილიამსსა” და ”ფორს ინდიას” მოიაზრებს. ამათ ფ1-ის ჩემპიონატში 2012 წლამდე მონაწილეობის ვალდებულება აქვთ აღებული. იტალიური გუნდი ირწმუნება, რომ მისი კონტრაქტი დარღვეულია და ეს მაშინ მოხდა, როცა მომავალი სეზონის რეგლამენტი ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეიცვალა. ასე რომ, მარანელოში მიაჩნიათ, რომ ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფალნი არიან.

ამაზე ეკლსტოუნი შემდეგს ფიქრობს: ”მათ ჰგონიათ, რომ ჩემთან კონტრაქტი აღარ აკავშირებთ. იმ გუნდების გარდა, რომლებსაც კონტრაქტები აქვთ, კიდევ ორი გუნდი - ”ბეემვე” და ”ტოიოტა” არ იჩქარებენ წასვლას. ამ ორი კომპანიის დირექტორთა საბჭოები მუდმივად ჩვენი სპორტის სიძვირეზე წუწუნებენ და არ მგონია, მილიონები გადაყარონ იმ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციასთან საერთო არაფერი აქვს. და ესეც რომ არა, ჩემპიონატის ორგანიზება მეტად ძვირი სიამოვნებაა”.

ბერნი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ გუნდებს ასპარეზობა ფაქტობრივად უფასოდ უწევთ - ისინი ტრასების დასაქირავებლად ცენტსაც კი არ იხდიან. პირიქით, ტრასები ყიდულობენ რბოლების ჩატარების უფლებას. გუნდები კი თავიანთი სპონსორეპის რეკლამირებას ფაქტობრივად უფასოდ ახერხებენ. ამ დროს მათ უზარმაზარი ტელეაუდიტორია ჰყავთ. ყველაფერ ამას კი არსებული კონტრაქტები უზრუნველყოფს. ბოლოს კი, ტელეკომპანიბიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილიც გუნდებსვე უნაწილდებათ.

”რაც შეეხება პილოტებს, მათ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება სურთ და არა რაღაც გაუგებარ ჩემპიონატში, რომელსაც ღმერთმა იცის, როგორი მომავალი აქვს. შესაძლოა, მათგან ვინმე მაინც გადავიდეს ალტერნატიულ ჩემპიონატში, უფრო მეტი ხელფასიც მიიღოს და ამით კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ ეს ფ1-ის ტიტული არ იქნება და მისი გამარჯვებაც ფასს დაკარგავს. მოკლედ, არ მგონია, რომ ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზევას შეძლებენ”, - დასძენს ბერნი და იმასაც იხსენებს, რომ გუნდებს 1998 წელს ”თანხმობის ხელშეკრულების” იმ ვერსიის გაფორმება შეეძლოთ, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მაქს მოსლის მათ გარეშე რეგკამენტის შემუშავების უფლება არ ექნებოდა. მაგრამ მათ ეს შანსი არ გამოიყენეს...

”ფიატს” ”კრაისლერის” ყიდვის უფლება დაუბრუნეს

10 ივნისი

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ საბოლოოდ დაამტკიცა ”ფიატსა” და ”კრაისლერს” შორის გაფორმებული გარიგება, რომლის მიხედვითაც, ამერიკული კომპანია იტალიელი პარტნიორის ხელში გადადის. ამგვარად, ”კრაისლერი” გააგრძელებს გაკოტრების რეჟიმში რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც, იურიდიულად ახალი კომპანიის სახელით დარეგისტრირდება.

ახალ კომპანიაში 68-პროცენტიან წილს სმერიკული ავტოპროფკავშირების ჯანდაცვის შტო მიიღებს, რაც მას 2 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ”ფიატს” აქციების 20 პროცენტი გადაეცემა, დარჩენილ 12 პროცენტს კი აშშ-ის და კანადის მთავრობები გაინაწილებენ.

გარიგება რამდენიმე დღის წინ შტატ ინდიანას საპენსიო ფონდებმა და ”კრაისლერის” იმ დილერებმა გაასაჩივრეს, რომლებსაც გაკოტრებულმა ”კრაისლერმა” კონტრაქტები გაუუქმა (გაკოტრების კანონი ამის უფლებას აძლევდა). მომჩივანები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ გაკოტრებული კომპანია მეტისმეტად სწრაფად მოქმედებს და ასეულობით სადილერო პუნქტს საჭიროების გარეშე ხურავს, რითაც გაკოტრების პრინციპებს არღვევს.

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ საჩივრები უარყო, რაც მოსალოდნელიც იყო. სხვათა შორის, ”ფიატზე” მიყიდვის გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვვაში, ”კრაისლერს” გარანტირებული ჰქონდა სრული ლიკვიდაცია, რაც გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანდა როგორც დილერებს, ასევე პროფკავშირებს და მთლიანად სახელმწიფოს.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ რეკომენდაციით მიმართა უმაღლეს სასამართლოს, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურება უარყოფითად იმოქმედებდა კომპანიის გადარჩენის პროცესზე და ურჩია მას, ”კრაისლერის” გაყიდვის ნებართვა გაეცა.

გაკოტრების პროცესში, ”კრაისლერს” ყველა საწარმო გაჩერებული აქვს, სადაც ათასობით ნაწილობრივ აწყობილი ავტომობილი, აგრეგატი და სხვადასხვა კომპონენტი ქარხნის ამუშავებას ელოდბა. საერთო ჯამში, ექსპერტთა დაანგარიშებით, ყოველი გაცდენილი სამუშაო დღე ”კრაისლერს” 100 მილიონი დოლარი უჯდება.

მოსალოდნელია, რომ 15 ივნისს რეგისტრაციას გაივლის ახალი კომპანია - ”კრაისლერის” ჯგუფი, რომელიც გაჩერებულ საწარმოებს მაშინვე აამოქმედებს.

”ბენტლი” კუპე ”კონტინენტალ GT-ს” ჰიბრიდულ ვერსიას ქმნის

Bentley

10 ივნისი

”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი ინგლისური კომპანია ”ბენტლი”, თავისი პოპულარული კუპეს, ”კონტინენტალ GT-ს” ბაზაზე ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ინტერნეტ-გამოცენა ”ქარსკუპი”, რომელმაც თავის ბლოგ-გვერდზე თითქმის შეუნიღბავი ”ბენტლის” ტესტირების დროს გადაღებული მსტოვრული სურათები გამოაქვეყნა.

სურათებზე კარგად ჩანს, რომ ავტომობილის საბარგულის სეგმენტში უცნაური აგრეგატებია ჩამონტაჟებული. სპეციალისტების ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს ან აკუმულატორების ბლოკი, ან კიდევ ჰიბრიდული აგრეგატის ელექტროძრავები. ისე კი, ჩვეულებრივ, ”ბენტლის” ავტომობილებს ძრავი წინ აქვთ ხოლმე მოთავსებული.

ეს ვარაუდი ემთხვევა კომპანიის შეფ ფრანც იოზეფ პაეფგენის მიერ ორი წლის წინ გაკეთებული განცხადებაში გამოთქმულ მიზნებს, რომელთა თანახმადაც, ”ბენტლი” მომავალში დიზელისა და ჰიბრიდული აგრეგატების დანერგვას აპირებს.

სავარაუდოდ, ”კონტინენტალ GT-ს” ჰიბრიდულ ვერსიაზე ”ფოლკსვაგენის” რომელიმე ჰიბრიდულ აგრეგატს გამოიყენებენ. ასეთი აგრეგატები 50 კმ/სთ სიჩქარემდე მხოლოდ ელექტროძრავს ამუშავებენ, უფრო მაღალ სიჩქარეზე კი, თუ აკუმულატორები განმუხტულიამ, საქმეში შიდაწვის ძრავი ერთვება.

პაეფგენს ნათქვამი აქვს, რომ ჰიბრიდულ აგრეგატს მხოლოდ მომდევნო თაობის ”კონტინენტალ GT” მიიღებს. საბაზო ვერსიაში კი ამ ავტომობილს ბენზინის W12 ძრავით აღჭურვავენ, რომლის მინიმალური სიმძლავრე 580 ცხენის ძალა, მაქსიმალური კი 650 ცხენის ძალა იქნება. ამავე მოდელზე ასევე გამოიყენებენ 4.2-ლიტრიან დიზელს, რომლის სიმძლავრე 375 ცხენის ძალა იქნება.

ახალი კუპე ბაზარზე ორი წლის შემდეგ გამოჩნდება, მას კი მოჰყვებიან სედანი ”ფლაინგ სპერი” კაბრიოლეტი GTC და ყველა ამ მოდელის ”სპიდ” მოდიფიკაცია.


”მერსედესი” უსაფრთხოების რევოლუციას ამზადებს

Mercedes PreSafe

10 ივნისი

”მერსედეს-ბენცი” წარმოებისთვის ამზადებს უსაფრთხოების სისტემა ”პრესეიფის” მეორე თაობის მოწყობილობას, რომელიც მძღოლს ავარიის თავიდან არიდებაში დაეხმარება და თუ ავარია მაინც მოხდა, მის შედეგებს შეარბილებს. ინგლისურ გამოცემა ”ქარ-ის” ინფორმაციით, ”სამქიმიანები” თავიანთი ახალი ტექნოლოგიის ოფიციალურ დებიუტს მომდევნო კვირაში გეგმავენ.

იგივე ჟურნალი წინასწარ გვაცნობს შტუტგარტული კომპანიის უსაფრთხოების პასიური და აქრიური სისტემების მოქმედების პრინციპს. სი, ზოიერთი მათგანი:

მალე ”მერსედეს-ბენცის” ავტომობილები აღიჭურვება ცვალებადი ფორმის გვერდითა პანელებით, რომლებიც სტრუქტურას და ფორმას მაშინვე იცვლიან, თუ სისტემა ”პრესეიფ” ავარიის გარდაუვალობას დაადგენს. ამ დროს, კარებში, სპეციალური პნევმატური მოწყობილობით გააქტიურდება ცილინდრული სექცია, რომელიც დამატებითი დამცველი ძელის ფუნქციას შეასრულებს და მძღოლს და მგზავრებს ტრავმისგან დაიცავს.

მეორე სისტემა, გვერდითი დარტყმის შემთხვევაში, სავარძლებს შუისკენ მიმართავს. მგზავრების ერთმანეთთან შეჯახებისგან დასაცავად კი, მათ შორის მყისიერად გაიბერება უსაფრთხოების ბალიში.

კიდევ ერთი სისტემაა უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების გასაბერი ღვედები. მათი მეშვეობით, ძლიერი შეჯახებისას, მგზავრების მკერდის არე მძიმე დაზიანებისგან იქნება დაცული.

მომავალში ”მერსედეს-ბენცი” გეგმავს ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც უკნიდან გარდაუვალ ავარიულ სიტუაციას გამოიცნობს. კიდევ ერთი სისტემა, უკნიდან შეჯახების შემთხვევაში, ავტომობილს დამატებით დაამუხრუჭებს, რათა ის წინ მიმავალ მანქანას არ დაეჯახოს.

დაბოლოს, გერმანელმა ინჟინრებმა შეიმუშავეს უსაფრთხოების გარე ბალიში, რომელიც წინა ბორბლებს შორის მოთავსდება. ამ ბალიშის გარსი ფრიქციული მასალისგან დამზადდება და მაშინ ამოქმედდება, თუ ”პრესეიფი” დაადგენს, რომ ჩვეულებრივი მუხრუჭებით შეჯახების თავიდან არიდება ვერ ხერხდება. ამ დროს იშლება სამუხრუჭე ბალიში და გზის საფართან ხახუნის წყალობით, დამატებითი მუხრუჭის მოვალეობას ასრულებს.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის დაიწყებს ”მერსედეს-ბენცი” ამ სისტემების დანრგვას. მათგან კომპანიი სერიულ ავტომობილებზე ყველაზე ადრე ალბათ უსაფრთხოების გასაბერი ღვედები და უკანა შეჯახების ამომცნობი სენსორები დაინერგება.