Friday, July 29, 2011

ბეემვე i - ახალი ისტორიის დასაწყისი

BMW i3 and i8 revealed
29 ივლისი

ამ მარკის ბევრი მოყვარული ალბათ ასეთ ავტომობილებს ალმაცერად შეხედავს, მაგრამ ფაქტია - „ბეემვე“ მსოფლიო ავტოინდუსტრიის ავანგარდში რჩება და ამის დასტურად, ფრანკფურტში, საზოგადოებას თავის ახალ სუბ-ბრენდ i-ს ორი უახლესი ავტომობილი - ელექტრული i3 და ჰიბრიდული i8 უჩვენა.
ჯერჯერობით, ეს ორი ავტომობილი მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს, თუმცა შორს არც ის დროა, როდესდაც ისინი ბავარიული კომპანიის შოურუმებში გამოჩნდებიან და სკეპტიკოსებსაც კი იოლად მოხიბლავენ.

i3

ამ ავტომობილს ადრე ბავარიელები „მეგასიტის“ უწოდებდნენ. ამ სახელით კი მისი დანიშნულება იშიფრება - ის საქალაქო ავტომობილია და აქედან გამომდინარე, მისგან განსაკუთრებულ დინამიკურ მახასიათებლებს ნუ ელით! ეს პირველი სერიული ავტომობილია, რომელიც ბაზარზე i-ბრენდით გამოვა (მერმისს).
პირობითად, i3-ის სტრუქტურა შეიძლება ორ ქვე-სტრუქტურად (მოდულად) დაიყოს. ესაა „ლაიფ“ და „დრაივ“. მთლიანობაში, მის არქიტექტურას (პლატფორმას) ასეც ეწოდება - ლაიფდრაივ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მოდული „ლაიფ“ მანქანის იმ ნაწილს მოიცავს, რომელშიც მძღოლი და მგზავრები თავსდებიან. დრაივ-მოდული კი მართვის სისტემას, აკუმულატორების ბლოკს, საკიდარს და ძალურ დანადგარებს მოიცავს.

შასი ალუმინის სტრუქტურას წარმოადგენს, რომელზეც ალუმინისა და კარბონის ბოჭკოს კომპოზიტით დამზადებული ძარა დგას. ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი, რომელსაც გაგრილების თხევადი სისტემა ემსახურება, ავტომობილის ძირზეა მოთავსებული, რაც სიმძიმის ცენტრს დაბლა სწევს. ამასთან, ალუმინისა და კომპოზიტების გამოყენება, ავტომობილის სიმსუბუქეს განაპირობებს.
i3-ის გაბარიტებია: სიგრძე 3 845, სიგანე 1 537, სიმაღლე 2 011 და ბაზა 2 570 მილიმეტრი. მის სალონში ოთხი ადგილია, რომლებზე მოხვედრაც ოთხი კარიდან შეიძლება. ამასთან ერთ მხარეს მოთავსებული კარები ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. ამგვარად, ძარას არ აქვს შუა საყრდენი, თუმცა ეს მის სიხისტესა და სიმტკიცეზე უარყოფითად არ აისახება. უკანა საბარგულის მოცულობა 200 ლიტრია. მცირე საბარგული წინაც მდებარეობს, თუმცა მისი მოცულობა არ გამოცხადებულა.


კომპანია აცხადებს, რომ ძარის დიზაინი, მისი უცნაურობის და ზედმეტად ფუტურისტულობის მიუხედავად, სერიულ ვერსიაზეც უცვლელად გადავა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია ჩაუტარდება სალონს.
ელექტროძრავი უკანა ღერძზე ზის და მასვე ატრიალებს. ამგვარად, ბავარიელებმა უკანაამძრავიანი სქემა შეინარჩუნეს. ძრავი 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუავებს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე დაახლოებით 8 წამში აკრიფოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული. ეს კი იმისთვის გაკეთდა, რომ უფრო მაღალ სიჩქარეზე ძრავი ელექტროენერგიას ინტენსიურად მოიხმარს.

„ბეემვეს“ მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა (ზედა ფოტოზე, i3 და i8-თან ერთად) პრეზენტაციისას განაცხადა, რომ i3 ასევე აღიჭურვება კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის (იმ ტიპის სისტემაა, როგორსაც ფ1-ში იყენებენ) სისტემით, რომელიც აკუმულატორებს მოძრაობისას, ნაწილობრივ შეავსებს. ისე კი, გაჩერებულ i3-ს საყოფაცხოვრებო ქსელის შტეპსელიდან სრულად 6 საათში დამუხტავთ, სწრაფად დასამუხტი მოწყობილობით, 80 პროცენტით დასამუხტად კი ერთი საათიც კი საკმარისია.

თუ აკუმულატორების ტევადობა საკმარისი არაა, შესაძლებელი იქნება ავტომობილის დამატებითი სისტემით (სვლის სიშორის გამზრდელი - რეინჯ იქსტენდერ - REx) აღჭურვა. თუმცა ამ ეტაპზე, ბავარიელები არ აზუსტებენ, თუ რა მონაცემების შიდაწვის (ბენზინის) ძრავი შევა ამ სისტემაში და რამდენით გაუზრდის ის i3-ს სვლის სიშორეს. მის გარეშე, i3-ს დაახლოებით 150-160 კილომეტრის გავლა შეუძლია.
„ბეემვეს“ შოურუმებში i3 2013 წლამდე გამოჩნდება.

i8

რა თქმა უნდა, i3-ს მახასიათებლები, „ბეემვეს“ თაყვანისმცემელთა მოთხოვნებს ნაკლებად შეესაბამება. ჰოდა, ბავარიელებმა მათთვის i8 მოამზადეს - ელექტრომობილი თითქმის სუპერ ავტომობილის ტემპერამენტით.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ სპორტული ავტომობილის საბაზო ვერსია პლაგ-ინ ჰიბრიდია, რომლის ძალურ სისტემაშიც, წინ განლაგებული, 1.5-ლიტრიანი, სამცილინდრიანი ტურბოძრავი შედის, რომელიც 220 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. თანაც, ამ ძრავის დანიშნულება, არამხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავება, არამედ ავტომობილისთვის მბიძგველი ძალის მინიჭებაცაა.
ორივე (შიდაწვის და ელექტრო ძრავის) აგრეგატის სრული სიმძლავრით მუშაობისას, 0-დან 100-მდე აჩქარება i8-ს 4.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული. პრეს რელიზი გვამცნობს, რომ მშვიდი რეჟიმით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად i8-ს 2.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, მაგრამ თუ გინდათ, რომ „ბეემვეს“ ტემპერამენტი იგრძნოთ, მაშინ ბენზინის ხარჯი 7 ლიტრამდე გაიზრდება.
შიდაწვის ძრავი წინაა მოთავსებული და უკანა ბორბლებს ატრიალებს. ელექტროძრავიც წინ მდებარეობს, ოღონდ ეს წინა ბორბლებსვე ემსახურება. აქედან გამომდინარე, ავტომობილი სრულამძრავიანია. ოღონდ, არა ყოველთვის. საქმე ისაა, რომ მას სამ რეჟიმში მუშაობა შერუძლია. ერთის შემთხვევაში, წამყვანი წინა ბორბლებია და ამ დროს, i8 ენერგიას ყველაზე ეკონომიურად მოიხმარს. თუ „ბეემვეს“ სტილი გნებავთ, საწვავის არანაირი შეზღუდვით, მაშინ უკანა წამყვანი ბორბლებით ივლით. და თუ ტემპერამენტიც გინდათ და ეკონომიურობაც, მაშინ სრულამძრავიანი რეჟიმის არჩევა შეგიძლიათ.

ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკის საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან სრულ დამუხტვას 1 საათი და 45 წუთი ჰყოფნის. ბლოკის ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ მარტო ელექტროძრავით მოძრაობისას, i8-მ დაახლოებით 30-35 კილომეტრის გავლა შეძლოს.
მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების წყალობით, i8 1 480 კილოგრამს იწონის, ეს წონა კი ორივე ღერძს შორის 50/50 პროპორციითაა გადანაწილებული. დაბოლოს, 2+2-ადგილიანი ავტომობილის სიგრძე 4 632, სიმაღლე 1 280, სიგანე კი 1 955 მილიმეტრია.
i8-ს დებიუტი ფრანკფურტის ავტო შოუზე შედგება, ბავარიული კომპანიის შოურუმებში კი ის 2013 წელს გამოჩნდება.






No comments:

Post a Comment