Friday, July 1, 2011

ავტომობილი, რომელსაც 4.5 მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი

Volvo's iconic P1800 turns 50 as record-holding owner passes 2.9 million miles
1 ივლისი
შეიმუშავეს შვედმა ინჟინრებმა, დიზაინი იტალიური აქვს, ინგლისში კი აწარმოებდნენ. ეს ავტომობილი არის „ვოლვოს“ ლეგენდარული კუპე P1800, რომელმაც სახელი სერიალ „წმინდანით“ გაითქვა, სადაც მას როჯერ მური მართავდა, სანამ ჯეიმს ბონდი გახდებოდა. მსახიობმა ამ სერიალში გადაღებებისას, ბონდის როლის შესრულებაზე ორჯერ თქვა უარი, ავტომობილი კი იმდენად მოსწონებია, რომ ერთი თავადაც შეუძენია.
ამ ლეგენდარულ ავტომობილს წელს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა!
P1800-ის გარეგნობა, „ვოლვოს“ იმდროინდელ ინჟინერ კონსულტანტ ჰელმერ პეტერსონის შვილს, პელე პეტერსონს შეუმუშავებია, ვინც იმ დროისთვის იტალიურ დიზაინერ პიეტრო ფრუას სტუდიაში მუშაობდა. შვედური კომპანია კარგა ხანს ირწმუნებოდა, რომ P1800-ის დიზაინი იტალიური ნამუშევარი იყო, თუმცა ორი წლის წინ აღიარა, რომ ის პელე პეტერსონმა დაამუშავა.
მოკლედ, P1800-ის „ფერარის“ სტილის გარეგნობით და „ვოლვოსთვის“ დამახასიათებელი, შესრულების მაღალი დონით და საიმედობით გამოირჩეოდა. თავიდან მისი დანიშნულება მხოლოდ შოურუმებში პოტენციურ მყიდველთა მიზიდვა იყო, თუმცა პოპულარობამ წარმოების გაზრდა მოითხოვა. ამის შედეგი ისაა, რომ შვედურმა კომპანიამ 46 000 ცალი P1800 და მისი რამდენიმე ვერსია გამოუშვა.
რაც მთავარია, ამ ავტომობილს ერთი რეკორდი (რა თქმა უნდა, გინესის წიგნშია შეტანილი) ეკუთვნის, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერცერთი სხვა ავტომობილი ვეღარ მოხსნის: ამერიკის გზებზე დადის „ვოლვო P1800“, რომელსაც 2.9 მილიონი მილი (დაახლოებით 4.64 მლნ კმ) აქვს გავლილი!
რეკორდსმენი ავტომობილი ვინმე ირვ გორდონს (ფოტოზე თავის მანქანასთან ერთად) ეკუთვნის, ყოფილ მასწავლებელს ნიუ იორკის გარეუბნიდან, ვინც ის 1966 წელს შეიძინა და პირველივე 48 საათში 1 500 მილი (დაახლოებით 2 400 კმ) გაიარა, პირველ ათ წელიწადში მან ნახევარი მილიონი მილის (800 000 კმ) გავლა მოასწრო, გინესის წიგნში კი პირველად 1998 წელს შევიდა, როდესაც მის ანგარიშზე უკვე 1.69 მილიონი მილი (2.7 მლნ კმ) ეწერა. ორმილიონ მილიანი ზღვარი ოთხი წლის შემდეგ, ტაიმ სკვერზე გადალახა, ამჯამად კი მის ოდომეტრზე 2.9 მილიონზე მეტი მილია აღნიშნული.
გორდონი იმედოვნებს, რომ მალე სამ მილიონსაც გასცდება, რაშიც მას კლასიკური ავტომობილების გარბენში მონაწილეობა უნდა დაეხმაროს, რომელსაც „ვოლვო“ უფინანსებს. სხვათა შორის, მის ავტომობილზე ძრავი, ტრანსმისია და ღერძები ერთხელაც არაა შეცვლილი!

No comments:

Post a Comment