Wednesday, June 20, 2012

ერთი-ერთზე ლე მანთან

ძველი სტატია, რომელიც გაზეთ 24 საათში 2003 წელს გავიდა
ლე მანის 24 საათიანი რბოლა ავტოსპორტულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და ბუნებრივია, მასში მონაწილეობის მსურველნი რბოლიდან რბოლამდე არ წყვეტენ მისთვის მზადებას, რათა მათი სახელები სამუდამოდ დამკვიდრდეს ავტოსპორტის ისტორიაში.

ისევე როგორც მონაკოსა და ინდიანაპოლისში, ლე მანის 24 საათიან მარათონში გამარჯვებაც დიდ პრესტიჟად ითვლება. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავის კარიერაში სამივე ამ რბოლის მოგება შეძლო, ინგლისელი გრემ ჰილია. მიზანთან ახლოს იმყოფებოდა ამერიკელი მარიო ანდრეტი, მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად, მას სწორედ სარტეს (პარიზიდან სამხრეთში, ას მილზე მდებარეობს) ავტოდრომი არ დანებდა.
პიერ ლევეგი
დღეს ლე მანში მონაწილე გუნდები რბოლის დასრულებისთანავე ემზადებიან მომავალი წლის სტარტისთვის. ხდება ტექნიკის გადახალისება, ეკიპაჟების წევრთა შერჩევა და უამრავი საორგანიზაციო საკითხის მოგვარება. დღეს გამორიცხულია, რომ ეკიპაჟში მინიმუმ ორი წევრი მაინც არ ირიცხებოდეს და ყოველ მათგანს საჭესთან ყოფნის მინიმალური დრო აქვს „გამოწერილი“. არადა, იყო დრო, როცა პილოტები ეულად ცდილობდნენ რბოლის დასრულებას. სხვა საკითხია, რამდენად გამოსდიოდათ მათ ეს...
1935 წელს ფრანგმა რაიმონ სომერმა, იმის გამო, რომ მეწყვილე ავად გაუხდა, მარტოდმარტომ სცადა ფინიშამდე მიღწევა. კარგა ხანს ის ლიდერობდა კიდეც რბოლას, მაგრამ დილისთვის მის მანქანას საწვავის სისტემა დაუზიანდა და გულადმა პილოტმა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
სომერს ლე მანი მანამდე ორჯერ ჰქონდა მოგებული სახელოვან ტაციო ნუვოლარისთან და ლუიჯი ჩინეტისთან ერთად. ამასთან, 1932 წელს, როცა მისი მეწყვილე ჩინეტი იყო, საჭესთან 20 საათი სომერმა გაატარა. ლე მანზე ეულად გამოსვლაში რეკორდსმენი კი ფრანგი ლუი როზიეა, რომელმაც 1950 წელს თავის შვილთან, ჟან-ლუი როზიესთან ერთად მოიგო ლე მანი. ლუიმ საჭესთან 23 საათი და 40 წუთი დაჰყო...
ლუი როზიე
სწორედ როზიეს მაგალითზე მოინდომა კიდევ ერთმა ფრანგმა, ვეტერანმა პიერ ლევეგმა (ლევეგი მისი ფსევდონიმია, ნამდვილი სახელი კი არის - პიერ ეჟენ ალფრედ ბუალონი) ლე მანის ეულად დაპყრობა და 1952 წლის რბოლის განაცხადში „ტალბო ლაგოს“ პილოტად მხოლოდ თვითონ ჩაეწერა.
უნდა ითქვას, რომ ლევეგმა თითქმის მიაღწია საწადელს - თავიდანვე დაწინაურდა და ფინიშამდე ერთი საათით ადრე დამაჯერებლადაც ლიდერობდა. უახლოესი მდევრები მას სამი წრით ჩამორჩებოდნენ. თითქოს, სანუკვარი გამარჯვება არც ისე შორს იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს იჩინა თავი დაღლილობამ.
მზის ამოსვლიდან მოყოლებული, პიერი სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებდა, რის შედეგადაც რამდენჯერმე მისი „ტალბო ლაგოს“ ოთხივე ბორბალი გზის სავალი ნაწილის მიღმა აღმოჩნდა. ფინიშამდე 50 წუთით ადრე, თითქმის მძინარე ლევეგმა დასანანი შეცდომა დაუშვა: მოსახვევიდან გამოსვლისას, მესამე გადაცემის ნაცვლად გადაცემათა კოლოფი პირველზე გადაიყვანა, რაზეც მისი ბოლიდის ძრავმა ერთი გამგმირავი ხმით „ამოიოხრა“ და იქვე დადუმდა.
რაიმონ სომერი
სასწაული არ მოხდა, გამარჯვება სხვას (ჰერმან ლანგი და ფრიც რისი გერმანიიდან, რომლებიც „მერსედეს-ბენცის“ საჭეს უსხდნენ) დარჩა, მაგრამ ლევეგმა შედეგად ის მოიმკა, რომ მისი თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მსაჯებს, რომლებმაც მომდევნო წლიდან პილოტებს საჭესთან ზედიზედ 18 საათის გატარება აუკრძალეს.
რაც მთავარია, ლევეგის თავგანწირვით აღფრთოვანებული დარჩა „მერსედეს-ბენცის“ საქარხნო გუნდის შეფი ალფრედ ნოიბაუერი, რომელმაც ვეტერანი ფრანგი „სამქიმიანთა“ ძლიერ გუნდში მიიწვია, სადაც იმ წლებში ისეთი სახელოვანი პილოტები ასპარეზობდნენ, როგორებიც იყვნენ არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო და ინგლისელი სტირლინგ მოსი. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ „მერსედესის“ გუნდში გამოსვლა ლევეგს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, მისი ავარია კი 1955 წლის 11 ივნისს 84 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა.

No comments:

Post a Comment