Thursday, March 17, 2011

ჟენევა 2011

„პორშე პანამერა S ჰიბრიდი“

Porsche Panamera S Hybrid

17 მარტი

„პორშემ“ ჟენევის საავტომობილო გამოფენა თავისი ახალი ავტომობილის - ჰიბრიდული „პანამერას“ (პანამერა S ჰიბრიდის) პრემიერისთვის გამოიყენა. მწარმოებლის განცხადებით, 380-ცხენისძალიანი გრანტურიზმო, „პორშეს“ ისტორიაში ყველაზე ეკონომიური ავტომობილია.
თავად განსაჯეთ, კომბინირებული რეჟიმით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 6.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი, ატმოსფეროს მხოლოდ 159 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ავტომობილი „მიშლენის“ წარმოების ყველა სეზონის საბურავებზე დგას, რომლებიც რხევებზე შემცირებული წინააღმდეგობით გამოირჩევა.
რაც შეეხება „პანამერა S ჰიბრიდის“ აღჭურვილობას, მის კაპოტქვეშ მოთავსებულია „აუდისგან“ მიღებული 3.0-ლიტრიანი დამჭირხნიანი V6, რომელიც 333 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე გაერთიანებულია მომცრო ელექტროძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 47 ცხენის ძალაა. ამ ორი აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 380 ცხენის ძალაა.
ორივე ძრავს ავტომობილის ერთად და ცალ-ცალკე ტარება შეუძლია. ელექტროძრავი ასევე მუშაობს როგორც გენერატორი და სტარტერი. ამგვარად, საჭირო აღარაა ამ ორი აგრეგატის ცალკე დაყენება, რითაც ავტომობილის წონა მცირდება. ორივე ძრავი ერთმანეთთანაა შეწყვილებული და ისინი 8-საფეხურიან ტრანსმისიასთანაა (ტიპტრონიკ) დაკავშირებული, რომელიც მათ მიერ გამომუავებულ მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

„პორშეს“ განცხადებით, ჰიბრიდული „პანამერა“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.0 წამში აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ია. მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილებისას, ავტომობილის სვლის სიშორე მხოლოდ 2 კილომეტრია და ამ დროს, მისი სიჩქარე მხოლოდ 85 კმ/სთ-ია. ელექტროძრავი ენერგიას ნიკელ მეტალ ჰიდრიდული აკუმულატორისგან ღებულობს, რომელიც თავის მხრივ, დამუხრუჭებისას და ინერციით მოძრაობისას, ძრავ/გენერატორისგან იმუხტება.

„პორშე“ ჰიბრიდული „პანამერას“ გაყიდვას ივნისში დაიწყებს. გერმანიაში ამ ავტომობილის საბაზო ღირებულება 106 185 ევრო იქნება.

ჟენევა 2011

„როლს როისის“ პირველი ელექტრომობილი

Rolls Royce 102EX Phantom Electric

17 მარტი

ვინ იფიქრებდა, რომ „როლს როისი“ ოდესმე გიგანტურ ძრავებზე უარს იტყოდა. მაგრამ თანამედროვე ავტოინდუსტრიის ახალი მოდა, უფრო სწორედ ტრენდი, ლიმუზინების მწარმოებელი ბრიტანული მარკისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ჟენევის ავტო შოუზე, „როლს როისმა“ ელექტრონული „ფანტომი“ – 102EX წარადგინა.
ამ ავტომობილზე, 6.75-ლიტრიანი V12 ძრავი ორმა ელექტროძრავმა შეცვალა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 389 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 800 ნიუტონმეტრია. ექვსსაფეხურიანი ავტომატური კოლოფი კი ერთსაფეხურიანი ტრანსმისიით შეიცვალა.
ორივე ელექტროძრავი უკანა ღერძზე ზის და ისინი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება. სხვათა შორის, ეს აკუმულატორების ყველაზე დიდი ბლოკია მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე ავტომობილებზე გამოუყენებიათ. მისი ტევადობა 70 კილოვატსაათია, გამართულად მუშაობის ვადა კი - სამი წელი.
აკუმულატორების დასამუხტად, სამი ტიპის მოწყობილობას იყენებენ. მათგან ერთფაზიანის გამოყენების შემთხვევაში, აკუმულატორების სრულ დამუხტვას 20 საათი სჭირდება, სამფაზიანს კი 8 საათი ჰყოფნის. მესამე მოწყობილობა ეგრეთ წოდებული ინდუქციური დამმუხტავია, რომელიც მანქანის ძირზე მოთავსებულ ფირფიტას იყენებს. ოღონდ, ის ჯერ სამუშაო კონდიციამდე არ მიუყვანიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრული „ფანტომის“ სვლის სიშორე 200 კილომეტრია.

რაც შეეხება ამ გიგანტური ელექტრომობილის ტემპერამენტს, 102EX-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 8 წამში შეუძლია (ბენზინისძრავიანი ფანტომი იგივეს 5.7 წამში ახერხებს), მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული (ენერგიის დაზოგვის მიზნით) და 160 კმ/სთ-ს აღწევს.

ჟენევის შოუს დასრულებისთანავე, „როლს როისმა“ თავისი პირველი ელექტრომობილი, მსოფლიო ტურნეში გააგზავნა, იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ავტომობილი ეყიდება. ამ ტურნეს მიზანი კი მარტივია - პოტენციურ მყიდველთა აზრის შესწავლა. მიღებული გამოხმაურებების ანალიზის შემდეგ კი გადაწყდება, რომელი ალტერნატიული ტექნოლოგიებია როლსების მყიდველებისთვის ყველაზე მისაღები.

ინდური „ფერარი“ „ტოიოტა კოროლას“ ბაზაზე

ამაზე უკეთესს საქართველოში დაგიმზადებენ!

Indian Firm Whips up a Ferrari F430 Replica out of a Toyota Corolla

17 მარტი

მთელს მსოფლიოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც სუპერ ავტომობილების კლონებს ამზადებენ. ზოგიერთი მათგანის ნამუშევარი იმდენად დახვეწილია, რომ ნამდვილი „ფერარის“, „ლამბორგინის“ და „ეი-სი კობრასგან“ ვერც განასხვავებთ. მაგრამ ყველა მათგანი „პონტიაკ ფიეროს“, „ტოიოტა MR2-ის“, ან კიდევ (იშვიათად) „ტოიოტა სელიკას“ ბაზაზეა შექმნილი.

მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც თავიანთი „შედევრებისთვის“ (ასეთ ავტომობილებს ხშირად კიტქარებად მოიხსენიებენ) სხვა, წინაამძრავიანი ავტომობილების ბაზაზე ქმნიან. ამ ფოტოზე გამოსახული ავტომობილი, რომელიც ძლიერ ჰგავს „ფერარი F430-ს“, არც მეტი, არც ნაკლები, „ტოიოტა კოროლას“ პლატფორმაზეა ბაზირებული.

კომპანიას, უფრო სწორედ, პატარა ფირმას, რომელმაც ეს მანქანა შექმნა, „იგზეეკიუტივ მოდქარ ტრენდს“ ეწოდება. ეს ინდური ფირმაა, რომელიც ქალაქ მუმბაიში მდებარეობს. ამ ავტომობილის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2 და ის 10 ლაკჰი, ანუ დაახლოებით 22 500 ამერიკული დოლარი ღირს.

ისე, თუ მსგავსი კიტქარის ყიდვა გსურთ, ინდოეთში წასვლა სულაც არაა საჭირო. მსგავს სუპერ ავტომობილს შეკვეთით თბილისშიც დაგიმზადებენ. ალბათ გსმენიათ თვითნასწავლი დიზაინერის, გოჩა ქსოვრელის შესახებ, რომელმაც შარშან „ჰონდა სივიკის“ ბაზაზე მცირე შედევრი შექმნა.

გოჩა ქსოვრელი ასეთი ავტომობილის დამზადებას დიდი ხანია, აპირებს, მაგრამ უსახსრობა უშლის ხელს. მაგრამ თუ შეკვეთას მიიღებს, „სუბარუ იმპრეზას“, ან „მიცუბიში ლანსერ ევოს“ აგრეგატების ბაზაზე, ისეტ კიტქარს დაგიმზადებთ, ნამდვილი „ლამბოსა“ და „ფერარისგან“ ვერ განასხვავებთ...

„ჰიუნდაის“ აღმაშენებელი გადადგა

Hyundai R&D head Lee steps down

17 მარტი

„ჰიუნდაის“ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, კორეული კომპანიის კვლევისა და განვითარების განყოფილების შეფი ლი ჰიუნ-სუნი თანამდებობიდან გადადგა. მან „ჰიუნდაი“ აქ მუშაობის 27 წლის შემდეგ დატოვა.

ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელმაც ამ კომპანიის სტაბილურ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ კორეულ კომპანიას დღეს მოწინავე ტექნოლოგიების დამნერგავის სახელი აქვს და რომ მის პროდუქციას მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში ენდობა.

ლი „ჰიუნდაიში“ იმ დროიდან მუშაობდა, როცა კორეულმა კომპანიამ თავისი პირველი ძრავი (სერია ალფა) შეიმუშავა. ეს 1991 წელს მოხდა, მანამდე კი „ჰიუნდაი“ „მიცუბიშის“ აგრეგატებზე იყო დამოკიდებული. შემდეგ კი, ლის ხელმძღვანელობით, „ჰიუნდაი“ თანდათან ნერგავდა საწვავის შეფრქვევის, ჰიბრიდულ და სხვა მოწინავე ტექნოლოგიებს. ჰიბრიდული აგრეგატი ახლახანს „სონატას“ კაპოტქვეშ აღმოჩნდა, რომელსაც მალე მიიღებს ამერიკელი მყიდველი.

„ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ლის იანგ ვუნ-ჩული შეცვლის, ვინც ადრე კომპანიის კვლევისა და განვითარების კორეული ცენტრის პრეზიდენტი იყო.