Wednesday, June 29, 2011

გაიცანით T.27 - გორდონ მარის ჯუჯა ელექტრომობილი

Gordon Murray Unveils Radical T.27 Electric City Car
29 ივნისი
ვინც არ იცნობთ, გაიცანით - გორდონ მარი, ფორმულა ერთის გენიალური ინჟინერი, დამოუკიდებელი კონსტრუქტორი და ახალი იდეების უშრეტი წყარო, ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ „მაკლარენ F1-ის“ შემოქმედი და ფორმულა ერთში არაერთი საინტერესო და თამამი იდეის განმხორციელებელი (თავისი დროის ედრიან ნიუი).
დღეს ის მისივე სახელის მატარებელ კომპანიას ფლობს და ახალ-ახალ იდეებს ახორციელებს. მათ შორის მთავარი კი საქალაქო ჯუჯა ავტომობილის შემუშავებაა, ავტომობილისა, რომელმაც მარის აზრით, ავტოინდუსტრიაში რევოლუცია უნდა მოახდინოს. შეიძლება ითქვას, რომ ის ამ იდეით დაავადებულია. და ამ „ავადობის“ პირველი ნიმუში დღეს (29 ივნისს) წარუდგინა საზოგადოებას.
ავტომობილის, T.2-ის პრეზენტაცია ლონდონში, ბრიტანეთის სამეფო ავტო კლუბის შტაბ-ბინაში შედგა. პრეზენტაციაზე სიახლის შესახებ ბევრი საინტერესო რამ ითქვა. მაგალიტად ის, რომ კონცეპციის შემუშავებიდან სულ რაღაც 17 თვეში, ავტომობილი უკვე ფეხზე იდგა და საგზაო გამოცდებს გადიოდა. რომ ამ პერიოდშივე შეძლო პროექტირ პარტნიორმა, ძრავების მწარმოებელმა კომპანია „ციტეკმა“ ჯუჯასთვის ელექტრონული ძალური დანადგარის შემუშავება და დამზადება.
პროექტის განხორციელება 9 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა და ამ თანხის ნახევარი „ტექნოლოგიური სტრატეგიის საბჭომ“ დააფინანსა, ორგანიზაცია, რომლის უკანაც ბრიტანეთის მტავრობა დგას და რომლის მიზანიც, მოწინავე იდეების დანერგვაში ხელის შეწყობაა.
ამ პროექტზე მუშაობისას, მარის მიზანი იყო, შეექმნა ახალი ტიპის ავტომობილი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ბევრი ურბანული პრობლემის მოგვარებაში შეუწყობს ხელს. მაგალითად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებაში, საქალაქო გზების განტვირთვაში, პარკირების პრობლემების მოგვარებაში და ავტომობილების ფასების შემცირებაში. ამ უკანასკნელის მისაღწევად, მან შეიმუშავა ავტომობილების წარმოების სრულიად ახლებური პროცესი, რომელსაც „აისტრიმ“ (iStream) უწოდა. ეს ტექნოლოგია ავტომობილების მსუბუქი მზიდი სტრუქტურების შექმნას უზრუნველყოფს და თანაც ისე, რომ გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების ნორმები.
მარის სიტყვებით: „სიმსუბუქე არის ყველაზე ძლიერი საშუალება საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვის შემცირების საქმეში. ეს ფაქტორი კარგად მოქმედებს ნებისმიერი ტიპის ავტომობილებზე, განსაკუთრებით კი ელექტრომობილებზე, რადგან მსუბუქი ავტომობილი მსუბუქ აკუმულატორებს ნიშნავს. მსუბუქი ავტომობილი იაფიც ჯდება და უსაფრთხოების მხრივაც შესანიშნავია“.
სხვათა შორის, T.2-ს უკვე ჩაუტარდა ქრეშ ტესტები (50 კმ/სთ-ზე), რომლებმაც აჩვენა, რომ შასი სრულიად შეესაბამება ევროპული უსაფრთხოების (მკაცრ) სტანდარტებს. ამასთან, საგზაო ტესტებისას გამოვლინდა, რომ ეს ჯუჯა ყველაზე ეკონომიურად მოიხმარს ენერგიას - „სმარტის“ ელექტრომობილზე 29 პროცენტით, „მიცუბიში iMiEV-ზე“ 36 პროცენტით და „მინის“ ელექტრომობილზე 86 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რიტაც მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ ელექტრომობილად შეიძლება ჩაითვალოს.
ავტომობილის მონაცემები: სიგრძე 2.50 მეტრი, სიგანე 1.30 მეტრი, სიმაღლე 1.60 მეტრი, ბაზა 1.78 მეტრი. მობრუნების რადიუსი 6.00 მეტრი, წონა 680 კილოგრამი, საბარგულის მოცულობა 190-750 ლიტრი. ელექტროძრავის სიმძლავრე 25 კილოვატი (34 ცხ.ძ), მაბრუნი მომენტი 875 ნიუტონმეტრი, ლითიუმ-იონური ელემენტების ტევადობა 12 კვტ.სთ, ელემენტების სრული დამუხტვის დრო 4 სთ. მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 15 წამამდე, სვლის სიშორე 160 კმ.
ამ ეტაპზე, კომპანია „გორდონ მარი დიზაინი“ მოლაპარაკებას სამ დიდ ავტოკომპანიასთან აწარმოებს, რისი მიზანიც, ამ ჯუჯა ელექტრომობილის წარმოების დაწყებაა. და თუ რომელიმესთან (ან ერთდროულად სამივესთან) შეთანხმება მალე შედგა, T.2-ის პირველი საწარმოო ვერსიის ნახვა 500 ნოემბერს იქნება შესაძლებელი, როცა ჩატარდება სამეფო ავტო კლუბის მიერ ორგანიზებული ფესტივალი „ფიუჩა ქარ ჩელინჯი“ (მომავლის ავტომობილის გამოწვევა).

No comments:

Post a Comment