Saturday, March 13, 2010

”პორშეს” ჰიბრიდული სუპერ ვარსკვლავი

Porsche 918 Spyder Concept

13 მარტი

მითი იმის შესახებ, რომ ჰიბრიდული და ელექტრონული ავტომობილები დინამიკისა და სიმძლავრის მხრივ, ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევენ თანამედროვე სუპერ ავტომობილებს, ჟენევაში საბოლოოდ დაიმსხვრა, როცა ”პორშემ” თავისი კონცეპტუალური მოდელი, შუამოტორიანი ჰიბრიდული ”918 სპაიდერი” წარმოადგინა.

”918 სპაიდერი” გერმანული კომპანიის სარბოლ მოდელ RS-ის ბაზაზეა შექმნილი და ის ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც, მისი აკუმულატორების ბლოკი ენერგიას საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან ივსებს.

ამ ავტომობილის მთავარი აგრეგატია 3.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავი, რომელიც 500 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. შიდაწვის ძრავის გარდა, ჰიბრიდულ სისტემაში ორი ელექტროძრავიც შედის, რომელთაგან ერთი წინა ღერძს ემსახურება, მეორე კი - უკანას. მათი ჯამური სიმძლავრე კი 218 ცხენის ძალას შეადგენს. ამგვარად, ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე 718 ცხენის ზალას აღწევს.

ამ ჰიბრიდული დანადგარის წყალობით, ”918 სპაიდერს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. პრეზენტაციის დროს, რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გერმანელმა ვალტერ რიორლმა, ვინც ”პორშეს” ავტომობილების გამომცდელების ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ამ ჰიბრიდულ ავტომობილს, გერმანულ ავტოდრომ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის გავლა 7 წუთსა და 30 წამში შეუძლია. ასეთ მცირე დროში კი ამავე ტრასას, სუპერ ავტომობილი ”პორშე კარერა GT-ც” კი ვერ გადიოდა.

ავტომობილის ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ის 1.49 ტონას იწონის. ეკონომიურ რეჟიმში მუშაობისას, ის 100 კილომეტრზე სულ რაღაც 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 70 გრამ СО2-ს გამოჰყოფს. ამასთან, მას მხოლოდ ელექტროძრავებით გადაადგილებაც შეუძლია. ოღონდ, აკუმულატორების ტევადობა საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ასე ”918 სპაიდერმა” 25 კილომეტრი გაიაროს.

”918 სპაიდერი” სულ ოთხ რეჟიმში მუშაობს. ერთი რეჟიმი ელექტრომობილისაა. მეორე რეჟიმით მუშაობისას, საქმეში შიდაწვის ძრავიცაა ჩართული და ელექტროძრავებიც. ამასთან ელექტრონიკა თვითონ წყვეტს, როდის და რა ინტენსივობით გამოიყენოს ეს ძრავები.

მესამე რეჟიმი სპორტულია. ამ დროს, შიდაწვის ძრავის მაბრუნი მომენტის ძირითადი ნაწილი უკანა ღერძისკენაა მიმართული, ელექტრომოტორები კი ავტომობილის წევის დასაბალანსებლად გამოიყენება. დაბოლოს, მეოთხე, სარბოლი რეჟიმი. ამ დროს, ყველა ძრავი მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობს.

გარდა ამისა, ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითაცაა აღჭურვილი. მაგალითად, გამოსაწევი ჰაერის ამღებებით, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობისას, ძარის ქვეშ იმალება. სალონში ყურადღებას იქცევს მოსახსნელი საჭის რგოლი და მთლიანად სენსორულ ელემენტებზე აწყობილი ცენტრალური პანელი. ავტომობილს თანამედროვე სანავიგაციო სისტემაც ემსახურება.