Tuesday, April 26, 2011

როლს როისმა ჩინელებს დაგრძელებული გოსტი უჩვენა

Rolls-Royce Ghost gets on the Procrustean Bed: LWB Model Revealed in Shanghai

26 აპრილი

შანჰაის საავტომობილო შოუზე შედგა „როლს როისის „პატარა“ მოდელ გოსტის გრძელბაზიანი ვერსიის პრემიერა, ავტომობილისა, რომელზეც ინგლისური კომპანია ჩინეთის ბაზარზე დიდ იმედებს ამყარებს. მის წარმოებას როლსი წელსვე დაიწყებს და მას საბაზო გოსტზე დაახლოებით 20 პროცენტით ძვირად გაჰყიდის. სხვათა შორის, როლს როისის ისტორიაში, ეს პირველი ავტომობილია, რომლის პრემიერაც აზიაში ჩატარდა.

მწარმოებლის განცხადებით, ესაა ავტომობილი, რომელიც „იმ მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ფართე და კომფორტული ავტომობილი სჭირდება, თუმცა არც საბაზო გოსტის დინამიზმის უნიკალური ბალანსი და ზომიერება ეთმობა“. ამ ავტომობილს წელს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, მერმისიდან კი მისი წარმოება სრული ტემპით დაიწყება.

გრძელბაზიანი ვერსიის ბორბლებს შორის ბაზა 170 მილიმეტრით დაგრძელდა, რისი წყალობითაც, უკანა სავარძლებზე მჯდარ მგზავრთა ფეხებისთვის ადგილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გარდა ამისა, ავტომობილს პანორამული გამჭვირვალე სახურავიც აქვს. საერთო ჯამში, გრძელიგოსტის სიგრძემ 5.40 მეტრს მიაღწია და ამგვარად, ის მოკლებაზიანი ფანტომისას დაუახლოვდა. ვიზუალურად, დაგრძელება უფრო დიდი ზომის უკანა კარებს დაეტყო.

კაპოტქვეშ ისევ 6.6-ლიტრიანი V12 ტურბოძრავია განლაგებული, რომელიც სტანდარტულ გოსტზე და რომელიც 570 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, მაბრუნი მომენტის მაქსიმუმს, ეს აგრეგატი მუხლა ლილვის სულ რაღაც, 1 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს. როლს როისის მონაცემებით, დაგრძელებულ გოსტს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 5 წამში შეუძლია.

გრძელბაზიანი გოსტი საზრიან საკიდარზე დგას, რომელიც ოთხივე ბორბალს დამოუკიდებლად აკონტროლებს და მუდმივად ახერხებს მართვადობასა და კომფორტს შორის ბალანსის დაცვას. საკიდარის ელექტრონულ სისტემას მრავალი სენსორი ემსახურება, რომლებიც საგზაო პირობებს, გადაადგილების სიჩქარეს და სხვა პარამეტრებს აკონტროლებენ.

ეს ავტომობილი, პირველ რიგში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც გრძელბაზიან ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებული აქცენტი კი ჩინეთზე კეთდება, რომელიც უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია და სადაც თითქმის ყველა დიდ ავტოკომპანიას უფრო მეტი ავტომობილი ეყიდება, ვიდრე შინაურ ბაზარზე. ჩინეთში დაგრძელებული გოსტი 5.118 მილიონი იუანი „ეღირება, რაც 548 000 ევროსა და 784 000 დოლარის ტოლფასია.

„მაკლარენი“ მომავალში ელექტრულ ავტომობილსაც გამოუშვებს

McLaren Plans Battery-Based Model for the Future

26 აპრილი

„მაკლარენს“ თავის უახლეს სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს მიწოდება ჯერ არ დაუწყია, თუმცა აცხადებს, რომ ყოველწლიურად, ბაზარზე თითო ახალ ავტომობილს გამოუშვებს. უფრო მეტიც, იგეგმება ისეთი ავტომობილის გამოშვებაც, რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით იმუშავებს.

ამ ნაბიჯისკენ კი ინგლისურ კომპანიას საწვავის ეკონომიის და გამონაბოლქვის ახალი, გამკაცრებული სტანდარტები უბიძგებს, რომელთა მოთხოვნითაც, ავტომწარმოებელს ევალება, რომ მის მიერ წარმოებული ავტომობილების გასაშუალებული მონაცემები ამ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

„მაკლარენის“ მმართველ დირექტორ ენტონი შერიფის განცხადეით, მისი კომპანია მომავალშიც მხოლოდ ორადგილიან სუპერ ავტომობილებს გამოუშვებს და მათი წარმოებისას, უხვად გამოიყენებს ფორმულა ერთში შემუშავებულ ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიათაგან ერთ-ერთი გამორჩეული, კარბონის კომპოზიტისგან შასის ცალკეული ელემენტების და მთლიანად, მონოკოკური შასის წარმოებაა, რაშიც უოკინგელებს უკვე 30-წლიანი გამოცდილება დაუგროვდათ.

შერიფის თქმით, MP4-12C-ს ისეთი ტემპერამენტი აქვს, რომ აჩქარებისას, „სახეზე კანს გაგაძრობთ“. ასეთი შედარება გასაკვირი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობლი აღჭურვილია საკუთარი წარმოების 3.8-ლიტრიანი V8, წყვილტურბოიანი ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალას იძლევა.

შერიფს კარგად ესმის, რომ მისი კომპანიის ავტომობილების ეკონომიურობისა და გამონაბოლქვის ახალი სტანდარტების ჩარჩოში მოქცევა ძალიან ძნელი იქნება. თუმცა დასძენს, რომ ისეთი მცირე ზომის კომპანიები, როგორიც „მაკლარენია“, ამ მხრივ, მცირე შეღავათებით ისარგებლებენ. და მაინც, ინგლისური კომპანია უკვე მუშაობს იმაზე, რომ მისმა ავტომობილებმა გარემო ნაკლებად დააბინძუროს.

ავტომობილების ეკონომიურობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო გზა, ავტომობილების წონის შემცირება და ტურბოკომპრესორიანი ძრავების შემუშავება-დახვეწაა. პარალელურად, აუცილებელი იქნება ჰიბრიდული და ელექტრული ტექნოლოგიების დანერგვა.

„ახალ კანონს არ აღვიქვამთ, როგორც საშიშროებას. ის ჩვენთვის უფრო გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით მივიღებთ და ენთუზიაზმით მოვეკიდებით“, - დასძენს შერიფი.

ელექტრომობილებმა შეჯახებაზე გამოცდები ჩააბარეს

Chevrolet Volt and Nissan Leaf Score Top Ratings in IIHS Crash Test

26 აპრილი

აშშ-ის ავტომაგისტრალებზე უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS), ორ ელექტრომობილს - „ნისან ლიფს“ და „შევროლე ვოლტს“ შეჯახებაზე ტესტები (ქრეშ ტესტები) ჩაუტარა, რომლის შედეგადაც, ორივე ავტომობილმა, წინიდან, გვერდიდან და უკნიდან შეჯახებისას, ასევე გადაყირავებისას, დაცულობის საუკეთესო უნარი გამოავლინა.
ყველანაირი ტესტის დროს, ორივე ავტომობილმა მაქსიმალური შეფასება - 4 ქულა დაიმსახურა. ამასთან, ორივე ავტომობილის საბაზო კომპლექტაციაში შედის სტაბილიზაციის სისტემა, რაც უმაღლესი შეფასებისთვის აუცილებელი პირობაა. ტესტებმა ასევე გამოავლინა, რომ ორივე ავტომობილი უსაფრთხოების სისტემებით იმავე დონეზეა აღჭურვილი, როგორც ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილები.
„ამ ორ ავტომობილის ბორბლებს განსხვავებული აგრეგატები ამოძრავებს, თუმცა „ვოლტისა“ და „ლიფის“ უსაფრთხოება იმავე დონეზეა, რომელზეც ჩვეულებრივ ავტომობილებზე, რომლებიც ჩვენგან უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს“, - ამბობს ინსტიტუტის უფროსი ადმინისტრატორი ჯოი ნოლენი.
„შევროლე ვოლტი“ სუფთა ელექტრომობილი არაა და მას პლაგ-ინ ჰიბრიდების კლასს მიაკუთვნებენ, რადგან ამ ავტომობილს, ელექტროძრავის გარდა, შიდაწვის ძრავიც ემსახურება. ოღონდ, წამყვანი მაინც ელექტროძრავია, შიდაწვისა კი ელექტროენერგიის გამომუშავებას ემსახურება. მისგან განსხვავებით, სუფთა ელექტრომობილია „ნისან ლიფი“, რომელიც მხოლოდ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით გადაადგილდება. და თუ „ლიფის“ სვლის სიშორე მართვის სტილზეა დამოკიდებული, „ვოლტს“ ერთი სრული გაწყობით (სავსე ავზით და სრულად დამუხტული აკუმულატორებით) დაახლოებით 1 600 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ნოლენი ხაზს უსვამს, რომ ელექტრომობილებსაც და ჰიბრიდებსაც უსაფრთხოებაზე შემოწმება ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით უტარდებათ, როგორითაც ჩვეულებრივ ავტომობილებს. მთავარი ისაა, რომ სტანდარტით დადგენილი სიჩქარით შეჯახებისას, სალონში მყოფთა უსაფრთხოება დაცული იყოს. უსაფრთხოების ღვედებმა და აირბალიშებმა ადამიანები სალონში არსებულ საგნებთან ძლიერი შეჯახებისგან უნდა დაიცვას.

პირისპირ შეჯახების ტესტი მანქანის 65 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ტარდება. გვერდითა შეჯახების ტესტის სიჩქარე 50 კმ/სთ-ია. ამასთან, გამოსაცდელ მანქანას პიკაპი, ან უგზოობის მძიმე მოდელი ეჯახება. უკნიდან დაჯახების ტესტისას, გაჩერებულ საცდელ ავტომობილს, სპეციალური მოძრავი ბლოკი, 32 კმ/სთ სიჩქარით ეჯახება. გადაყირავებაზე ტესტიც სპეციალური ბლოკით ტარდება, რომელიც საცდელ ეგზემპლარზე რამდენჯერმე მეტს იწონის და მას სახურავზე გარკვეული წნევით აწვება...

ელექტრომობილი პაიკს პიკს შეუტევს

Unmodified Nissan Leaf entered in Pikes Peak Hill Climb

26 აპრილი

ელექტრომობილი „ნისან ლიფი“, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებები მიიღო, ლეგენდარულ ამერიკულ რბოლაში - პაიკს პიკზე ასვლაში მიიღებს მონაწილეობას. ოღონდ, სამთო რბოლის მონაწილეთაგან განსხვავებით, ის ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე დადგება სტარტზე.

როგორც წესი, პაიკს პიკის მონაწილე მანქანები რადიკალურადაა ხოლმე შეცვლილი. იმდენად, რომ საბაზო ვერსიასთან საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვთ ხოლმე. თუმცა, ეს იმისათვის კეთდება, რომ რბოლისას მაქსიმალურად უკეთესი შედეგი დააფიქსირონ. „ნისან ლიფის“ შემთხვევაში კი, მთავარი მიღწევა, უმძიმეს რბოლაში მონაწილეობა იქნება.

პაიკს პიკზე ელექტრომობილის საჭეს მსგავს რბოლებში გამოცდილი პილოტი, ჩად ჰორდი მიუჯდება, რომელიც ამერიკაში მეტად პოპულარულ სერია TORC-ში (პიკაპის კლასის ავტომობილებით ქროსი) მონაწილეობს.

ცნობისათვის, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ 109-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს. მათი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრი გაიაროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 145 კმ/სთ-ია.

სხვათა შორის, „ნისან ლიფი“ ერთადერთი ელექტრომობილი არაა, რომელსაც პაიკს პიკის ურთულესი აღმართი აუვლია. ელექტრული ძრავით აღჭურვილი ავტომობილები ამ რბოლაში ბოლო წლებში მუდმივად ასპარეზობენ. შარშან ბაგის ტიპის 268-ცხენისძალიანი ელექტროპროტოტიპით, იაპონელმა უკიო ჰანავამ 20-კილომეტრიანი დისტანცია 13 წუთსა და 17.575 წამში გაიარა. ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 93 წამით, ელექტრომობილების წინა რეკორდზე კი (რომელიც 2003 წელს ჯერი ანსერმა დაამყარა) 65 წამით უკეთესი შედეგია.

პაიკს პიკის რბოლა მეორე უძველესია ამერიკაში (მასზე ძველი მხოლოდ ინდი 500-ია). ის პირველად 1916 წელს ჩატარდა. რბოლის დისტანცია 19.99 კილომეტრია, სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლეთა სხვაობა 1 423 მეტრს აღწევს. სულ კი 156 მოსახვევია გასავლელი.

ბოლო წლებში, პაიკს პიკზე ბადალი არ ჰყავს იაპონელ ნობუჰირო ტაძიმას, ვინც რბოლას სულ სხვადასხვა მარკის ავტომობილებით იგებს. შარშან მან ეს „სუძუკის“ წარმოების პროტოტიპით შეძლო და დისტანცია 10 წუთსა და 11.490 წამში გაიარა. მეორე შედეგი, საკუთარი ფორმულით მოასპარეზე პოლ დალენბახს ჰქონდა, მესამეზე კი „ჰიუნდაის“ პროტოტიპით მოასპარეზე რის მილენი გავიდა.