Friday, June 11, 2010

”სუზუკი სვიფტი” ზომებში გაიზარდა

Suzuki Swift

11 ივნისი

ოაპონურმა კომპანია ”სუზუკიმ” ინტერნეტით თავის პოპულარულ კომპაქტურ ჰეჩბეკ ”სვიფტის” ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა. ახალი ავტომობილი მის წინამორბედზე გრძელი, ფართე და იმავდროულად, მსუბუქიცაა. ახლის პლატფორა და ბაზა ძველისაზე სესაბამისად, 0.09 და 0.05 მეტრით გრძელია.

ახალი ”სვიფტი” სრულიად ახალ, ბენზინის 1.2-ლიტრიან ძრავს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 92 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 120 ნიუტონმეტრია. ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური კოლოფი. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ძრავის ხარჯი 100 კილომეტრზე 4.2 ლიტრს შეადგენს, ყოველ კილომეტრზე კი ის ატმოსფეროში 116 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ცოტა ხანში კი, ახალი ”სვიფტისთვის” კომპანია 1.3-ლიტრიან დზელის ძრავის მოდიფიცირებას დაასრულებს, რომლის საწვავის ხარჯიც სულ რაღაც 3.5 ლიტრი (100 კმ-ზე), გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა კი 109 გრამია (ყოველ კილომეტრზე). გარდა ამისა, 2011 წელს კომპანია სპორტულ ”სვიფტსაც” გამოუშვებს, რომელიც 1.6-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება.

ახალი ”სვიფტის” წარმოებას ”სუზუკი” პარიზული ავტოგამოფენის შემდეგ დაიწყებს და ფასსაც მაშინ დაასახელებს. სავარაუდოდ, ჰეჩბეკის საბაზო, ყველაზე იაფი ვერსია 13 000 ევრო ეღირება.

”მინი” შვიდადგილიან ”ქანთრიმენზე” მუშაობს

MINI Countryman

11 ივნისი

პოპულარულ რეტრო ჰეჩბეკების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია ”მინიმ” ქროსოვერ ”ქანთრიმენის” დაგრძელებული ვერსიის წარმოება გადაწყვიტა, ავტომობილისა, რომელსაც შვიდი ადგილი (მათ შორის, მძღოლისაც) ექნება. ეს ქროსოვერი ”მინის” სამოდელო გამაში ისედაც ყველაზე ტევადი ავტომობილია და ამიერიდან, ის კიდევ უფრო გაიზრდება, სახელში კი ”პლუს” დაემატება.

”მინის” მთავარ ბრენდ მენეჯერის, დოქტორ ვოლფგანგ არმბრეხტის განცხადებით, ”ქანთრიმენის” ბორბლებს შორის ბაზა 2.591 მეტრია, ”ქანთრიმენ პლუსისთვის” კი ის 2.713 მეტრამდე გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება ავტომობილის სიგრძეც.

ამგვარად, ”მინი” თანდათან ცდილობს თავისი ავტომობილების გაბარიტების გაზრდას. სხვათა შორის, ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემდეგ საბაზო ჰეჩბეკიც ზომებში მოიმატებს.

რაც შეეხება შვიდადგილიან ”ქანთრიმენ პლუსს”, სავარაუდოდ ბაზარზე ის კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს, როგოებიცაა ”ტოიორას” RAV4 და ”ჰონდას” CR-V.

”რენო ლატიტუდი” - ბიზნეს კლასის სედანი

Renault Latitud

11 ივნისი

”რენო” წარმოებისთვის ამზადებს ბიზნეს კლასის სედან ”ლატიტუდს”, რომლის მსოფლიო პრემიერაც, რატომღაც პარიზის საავტომობილო შოუმდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვის ავტო შოუზე შედგება.

ახალი სედანის გაბარიტებია: სიგრძე 4.89 მეტრი, სიგანე 1.83 მეტრი, სიმაღლე კი - 1.49 მეტრი. ის ”რენოს” ”სამხრეთკორეული შტოს, ”სამსუნგის” უახლეს ბიზნეს სედან SM5-ის ბაზაზეა შექმნილი, რომლის გაყიდვებიც კორეაში ახლახანს დაიწყო.

ჯერჯერობით, ფრანგული კომპანია სედან ”ლატიტუდის” ტექნიკურ მონაცემებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ ცნობილია, რომ დამატებითი მოწყობილობები, პირველ რიგში, ავტომობილის კომფორტის გაზრდისთვისაა მოწოდებული. ასეთ მოწყობილობათა შორისაა ჰაერის ორრეჟიმიანი იონიზატორი, რომელსაც ორმაგი არომატიზატორი აქვს, მძღოლის სავარძელი, რომელსაც მასაჟის ფუნქციაც გააჩნია, სამზონიანი კლიმატ კონტროლი, კომპანია ”ბოსეს” აუდიოსისტემა და ავტომობილში შეღწევის უკონტაქტო სისტემა.

საერთაშორისო ბაზარზე, სედანი ”ლატიტუდი” ფრანგული კომპანიის ფლაგმანი გახდება. პარიზული გამოფენის შემდეგ, ის ერთდროულად ევროპის, აზიის, მექსიკის, აფრიკისა და ავსტრალიის ბაზრებზე გამოჩნდება.

”ფიატი” ახალ, ზეეკონომიურ ჰიბრიდულ აგრეგატს ქმნის

Fiat’s 80g/km baby hybrid

11 ივნისი

”ფიატი” თავისი კომპაქტური ავტომობილებისთვის სრულიად ახალ, კომპაქტურსა და მეტად ეკონომიურ ჰიბრიდულ დანადგარს ქმნის. ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდულ სისტემაში შევა სერია ”ტვინ ეარის” ორცილინდრიანი ბენზინის ძრავი (მუშა მოცულობა 0.9 ლიტრი), ელექტროძრავი და გადაცემათა კოლოფი, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს.

იმისათვის, რომ დანადგარის კომპაქტურობა უზრუნველყონ, ”ფიატის” იჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ ელექტროძრავი, რომელიც ავტომობილის მცირე სიჩქარით მოძრაობას უზრუნველყოფს, გადაცემათა კოლოფის კორპუსში შეეტანათ. ჯერჯერობით, ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, ”ავტოქარი” გვაუწყებს, რომ ეს აგრეგატი ყოველ კილომეტრზე გარემოს მხოლოდ 80 გრამი СО2-ით აბინძურებს.

არაოფიციალური მონაცემებით, ამ ძრავის ყოველმხრივი ტესტირების შემდეგ, ტურინში მწვანე შუქს აუნთებენ პროექტ ”ფიატ ტოპოლინოს” (ტოპოლინო იტალიურად პატარას ნიშნავს), რომელიც ორი წლის წინ შემუშავდა, მაგრამ ჯერაც თაროზეა შემოდებული.

”ფიატს” ჯუჯა მოდელ ”ტოპოლინოს” წარმოება წელს უნდა დაეწყო, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება გაურკვეველი დროით გადაისო. არაა გამორიცხული, რომ ახალი, კომპაქტური ჰიბრიდული სისტემით პირველად სწორედ ”ტოპოლინო” აღიჭურვოს, რომლის სავარაუდო სიგრძე 3.2 მეტრია. ”ტოპოლინოს” გარდა, იგივე სისტემას ჰეჩბეკ 500-ზე, ”პანდასა” და ახალ ”პუნტოზეც” გამოიყენებენ.