Sunday, May 20, 2012

დათა ქაჯაიას ტრიუმფი დიჟონში

20 მაისი
ინტერვიუ გამარჯვებულთან
ქართველმა მრბოლებმა საფრანგეთში გვასახელეს - კლას ლეგენდის თასის (ლეჯენდ ქარ კაპ) ევროპის ეროვნებათა სერიის მესამე ეტაპი, რომელსაც საფრანგეთიც ცნობილმა ავტოდრომმა დიჟონ პრენუამ (იქ ერთ დროს ფ1-ის რბოლები ტარდებოდა) უმასპინძლა, „მია ფორსის“ დათა ქაჯაიამ მოიგო, მისი თანაგუნდელი კონსტანტინე კოლიაშვილი კი შუა რბოლაშე მეოთხე ადგილზე იყო, მაგრამ მის მანქანაზე ტაიმერმა აურია, რის გამოც, პიტსტოპიდან გამოსვლა დააგვიანდა და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა. არადა, შეიძლებოდა კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი მრბოლი გვეხილა...

ქაჯაია (1-ლი ნომერი) სერვოლს მისდევს,
მას პიჟო მიჰყვება
დიჟონის რბოლა ძალიან საინტერესო გამოდგა. ქაჯაიამ სტარტი მოწინავე პოზიციიდან აიღო. თავიდანვე მოწინავეთა ჯგუფში მას სერიის ლიდერი რუდი სერვოლი და გიიომ პიჟო მიჰყვნენ. დანარჩენები კი ჩამორჩნენ. რბოლის დასაწყისში, მეორე ჯგუფის უკან მოდიოდა კოლიაშვილიც, რომელმაც მე-5 წრიდან მოყოლებული, რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მეპთხეზე გადაინაცვლა. მე-5 წრეზევე, ცოტა ხნით დაკარგა ლიდერობა ქაჯაიამ, ვისაც სერვოლმა გაუარა. თუმცა, მომდევნო წრეზე ქართველი ისევ დაწინაურდა.
ქაჯაია (მარცხნივ) ლიდერობას იბრუნებს
ქაჯაიას და სერვოლის ბრძოლას ისიც ამწვავებდა, რომ მათ კუდში მიჰყვებოდა პიჟო, რომელიც მზად იყო, მეტოქეთა შეცოდმით ესარგებლა და წინ გასულიყო. ასეთი მომენტი მე-8 წრეზე დადგა, როცა ქაჯაიას სერვოლმა გაასწრო. ხელსაყრელი მომენტით სარგებლობა მეორე ფრანგმაც დააპირა, მაგრამ ჩვენებურმა დროულად აღკვეთა მისი მანევრი, მერე კი სერვოლსაც მიხედა.

შემდეგ სავალდებულო პიტსტოპების დროც მოვიდა. კოლიაშვილმა პირველმა მიაშურა ბოქსებს, სადაც სამწუხაროდ, ორწუთიან ლიმიტზე ნახევარი წუთით დიდხანს დატოვეს, რის გამოც, პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა, თუმცა დარჩენილ 20 წუთში იმდენი მოახერხა, რომ რბოლა მე-7 ადგილზე დაასრულა. არადა, მალე გაირკვა, რომ ტექნიკის შეცდომა რომ არა, მესამე ადგილის რეალური შანსი ჰქონდა, რადგან ბოქსიდან გამოსული პიჟოც ჩამორჩა...
კოტე კოლიაშვილმა (7) ამ მანევრით
მეოთხეზე გადაინაცვლა
რბოლის მეორე ნახევარი ქაჯაიამ მდევრის როლში გაატარა. მან ერთხელ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და დაწინაურდა, თუმცა მოულოდნელი საჩუქარი მალევე დაუბრუნა მეტოქეს - თავადაც შეცდა და ისევ სერვოლი გაუშვა წინ. დაახლოებით 10 წრის განმავლობაში, ქართველი კუდზე აჯდა მეტოქეს და გადამწყვეტი შეტევა ბოლო წრის მიწურულსღა წამოიწყო, რამაც სასურველი შედეგი მოუტანა - ქაჯაიამ მეტოქეს ფინიშზე ერთი ნაბიჯით მიასწრო!

პიტსტოპი
აღსანიშნავია, რომ „მია ფორსის“ და ქართველი მრბოლების საერთაშორისო არენაზე კარგი გამოსვლები რუსთავის ახალი ავტოდრომის გახსნას დაემთხვა. ქაჯაიაც და კოლიაშვილიც საერთაშორისო რბოლების ახალბედები არიან, თუმცა მათზე გამოცდილ მეტოქეებს არაფერს უთმობენ. ქაჯაიამ თავისი დებიუტი მესამე ადგილით დააგვირგვინა, მეორე რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა, მესამეში კი გაიმარჯვა. საგრძნობი წინსვლა აქვს კოლიაშვილსაც, რომელიც იმედია, სპაზე სერვოლს კიდევ ერთ პოზიციას დაათმობინებს...
გამარჯვება

კლას ლეგენდის თასის ევროპის ეროვნებათა სერიის კალენდარში სულ შვიდი ეტაპი შედის. სერიის ორგანიზატორებმა ახალი კლასიფიკაცია დაგვიანებით გამოაქვეყნეს. მასში ქაჯაია ისევ მეორე ადგილზეა, ლიდერობას კი სევოლი ინარჩუნებს, რომელიც ჩვენებურს 7 ქულით უსწრებს.
მეოთხე ეტაპს ბელგიის ლეგენდარული ტრასა სპა ფრანკორშანი სამ კვირაში უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment