Monday, November 23, 2009

”კადილაკი” საპრემიეროდ კუპე CTS-ს ამზადებს

Cadillac CTS Coupe Preview

23 ნოემბერი

”კადილაკი” თავის საშუალო ზომის სედან CTS-ის ბაზაზე შექმნილი კუპეს გაყიდვებს რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ ავტომობილის პრემიერა მაინც რამდენიმე დღეში, ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

რა თქმა უნდა, კუპე CTS ამავე ინდექსის მატარებელი სედანის პლატფორმაზეა ბაზირებული, თუმცა გარეგნულად მასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს. ამასთან, მასზე 5 სანტიმეტრით მოკლეა და ამდნეივეთი დაბალი კლირენსიც აქვს (როგორც სპორტულ ავტომობილს შეეფერება). სამაგიეროდ, სედანს და კუპეს ერთი ზომის ბაზა გააჩნია.

კუპეში ჩასაჯდომი ფორმულა 2+2-ია. მას უკანა წამყვანი ბორბლრბი აქვს, თუმცა მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიის შეკვეთის საშუალებაც ექნება. ავტომობილს სპორტული საკიდარი ექნება. უკანა ხედვის სარკეს კი ვიდეოკამერა შეცვლის.

ლოს ანჯელესში პრემიერაზე, ”კადილაკი” გამოიტანს კუპე CTS-ს რომელიც აღჭურვილია 3.6-ლიტრიანი V6 აგრეგატით. ამ ძრავს საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება და მისი სიმძლავრე 304 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 370 ნიუტონმეტრს აღწევს. სტანდარტულ აღჭურვაში, ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, კი ამ კოლოფს 6-საფეხურიანი ავტომატი შეცვლის, რომელსაც მუშაობის ფსევდო მექანიკური რეჟიმიც ექნება.

შიგნიდან კუპე სედანისგან თითქმის არ განსხვავდება. მთავარი განსხვავება ”რეკაროს” წარმოების სპორტული სავარძლებია, რომლებიც 14 განსხვავებულ პოზიციაში ფიქსირდება. მძღოლის და მგზავრების გართობას მოემსახურება ”აიპოდი”, 40-გიგაბაიტიანი გასართობი ცენტრი და კომპანია ”ბოზეს” სტერეო სისტემა.

ლი ნოუბლის ახალი სუპერ სათამაშო
Noble Working on Fenix Supercar
23 ნოემბერიბრიტანელი ბიზნესმენი ლი ნოუბლი სპორტული ავტომობილების დიდი მოყვარულია და არამარტო მოყვარული, მისი აქტიურობით, ბევრი ცნობილი სპორტული ავტომობილიც შექმნილა. მაგალითად, ”ნოუბლ M12” და ”ნოუბლ M400”, ასევე ”ალტიმა” და ”ასკარი”. დღეს კი დაუღალავი ენთუზიასტი კომპანია ”ფინიქს აუტომოტივთან” თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის მიზანიც სპორტული ავტომობილის გამოშვებაა.
ახალ ავტომობილს ჯერ სახელიც არ აქვს, მაგრამ ნოუბლი ირწმუნება, რომ მახასიათებლებისა და ფასის ფარდობის მიხედვით, მას ბადალი არ ეყოლება. ეს იმის იმედს იძლევა, რომ ახალი მანქანა, სუპერ ავტომობილების კლასში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება.
თავად განსაჯეთ - მისი ღირებულება 75 000 გირვანქა სტერლინგზე დაბლა იქნება, ადგილიდან 160 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას კი ის 7 წამზე ნაკლებში შეძლებს. ასე რომ, სატრეკო დღეების ფანებს, ”ფინიქსის” სუპერ ავტომობილი აუცილებლად მიიზიდავს.
”ჩვენი ახალი ავტომობილი, ჩვენს მყიდველს იმ დინამიკასა და სისწრაფეს შესთავაზებს, რომლის შესაფერისი ავტომობილის შესაძენადაც, დღეს მინიმუმ 100 000 გირვანქა სტერლინგი დაგჭირდებათ. ჩვენი ავტომობილის ფასი კი გაცილებით დაბალი იქნება. მასში შეხამებული იქნება სიმარტივე, გამძლეობა და სიმარდე და ის თავის მძღოლებს უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებს”, - ამბობს ნოუბლი და დასძენს, რომ ავტომობილი მოსახერხებელი იქნება როგორც სატრეკო დღეების, ასევე საერთო სარგებლობის გზებისთვისაც.
ახალი ავტომობილის პირველი პროტოტიპი, სამხრეთ აფრიკის ქალაქ პორტ ელიზაბეთში მდებარე ფაბრიკაში მზადდება. ეს ფაბრიკა იმითაა ცნობილი, რომ იქვე ნოუბლი მოდელ M12-ს აწარმოებდა.
დეტროიტის ავტოგამოფენაზე ელექტრული გამზირი მოეწყობა
NAIAS to Debut Electric Avenue
23 ნოემბერიდეტროიტის ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო შოუს (NAIAS) ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2010 წლის გამოფენისას, დამთვალიერებელს ცენტრალურ დარბაზში ეგრეთ წოდებული ელექტრული გამზირი დახვდებათ, რომელიც თანამედროვე ავტოინდუსტრიის მთავარი ტენდენციის - ავტომობილების ელექტრიფიკაციის სიმბოლური გამოხმაურება იქნება.
”ელექტრული ავენიუს” სპონსორი კომპანია ”ლაუ ქემიკალზია”. აღნიშნული არე კი მეტწილად ელექტრომობილების, ასევე იმ ჰიბრიდების საპრეზენტაციო ადგილი გახდება, რომლებშიც მთავარი აგრეგატი ელექტროძრავია.
”2010 წლის გამოფენაზე, ”ელექტრული ავენიუ” უნიკალური ღონისძიება იქნება. აქ ჩატარებული პრეზენტაციების დროს, ჩვენ ბევრ ახალ ელექტრულ ტექნოლოგიას გავეცნობით და იმასაც ვნახავთ, თუ რამდენად აინტერესებს მომავალ მყიდველს ასეთი ავტომობილები. ყოველწლიურად, ჩვენი შოუ დამთვალიერებელს ინოვაციებს უმზადებს, ამჯერად კი ეს გრანდიოზული სიახლე იქნება. ამ ავენიუზე, ჩვენ მას მედიის უამრავ წარმომადგენელს მოვუყრით თავს და აქ წარმოდგენილი ავტომობილებიც, მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა, რითაც ელექტრომობილების პოპულარიზაციის საქმეში, გარკვეულ წვლილს შევიტანთ. აქვე გავიგებთ მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანიების გეგმებს ელექტრომობილებთან დაკავშირებით”, - ამბობს NAIAS-ის აღმასრულებელი დაგ ფოქსი.
წინასწარი მონაცემებით, ”ელექტრულ ავენიუზე” ოცამდე ავტომობილის პრემიერა მოეწყობა. იქვე არაერთი საინტერესო ღონისძიებისა და სიმპოზიუმის ჩატარებაც იგეგმება.
გარდა ამისა, ”კობო სენტერის” საგამოფენო კომპლექსის ქვედა ნაწილში, მოეწყობა 400-მეტრიანი ტესტ-სექცია, სადაც, შოუს დამთვალიერებლებს, ელექტრომობილების მართვის საშუალება მიეცემათ.
ბრენდ ”დე ტომაზოს” აღადგენენ
De Tomaso Brand to be Revived
23 ნოემბერიდე ტომაზო პანტერა
...................................................
ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მდიდარი ადამიანები თადარიგს ახლავე იჭერენ და თავიანთი ძველი ოცნებების განხორციელებას ცდილობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთთაგანია იტალიელი ბიზნესმენი ჯან მარია როსინიოლო, რომლის ოცნებაც თურმე, მივიწყებული იტალიური ბრენდის, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ”დე ტომაზოს” აღდგენაა.
როსინიოლო ერთ დროს ”ფიატის” მარკეტინგის განყოფილების აღმასრულებელი იყო. ცოტა ხნის წინ, მან ქალაქ მოდენას გაკოტრების საქმეთა სასამართლოში ბრენდი ”დე ტომაზო” გამოისყიდა, რის შემდეგაც, ტურინის დასავლეთ გარეუბან გრულიასკოში მდებარე, ”პინინფარინას” საწარმოს დაქირავებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
ქარხანაში 900 ადამიანია დასაქმებული. ის სპეციალიზებულია ძარის დამზადებაზე, სამღებრო სამუშაოებსა და ავტომობილის საბოლოო აწყობაზე. ეს ქარხანა იმ სამ საწარმოთაგანია, რომლებიც ”პინინფარინას: მფლობელობაში შედის.
კონცეპტუალური იზოტა ფრაშინი T8
...................................................
წინასწარი მონაცემებით, განახლებული ”დე ტომაზოს” პირველი კონცეპტუალური მოდელის პრემიერა ჟენევის 2011 წლის საავტომობილო გამოფენაზეა მოსალოდნელი. ევროპულ საავტომობილო გამოცემა ”ავტონიუსის” ცნობით, როსინიოლოს გეგმაში, სამი მოდელის წარმოება შედის. უფრო კონკრეტულად კი, ეს გეგმა წლიურად 3 000 ცალი ქროსოვერის, ამდენივე ლუქსის კლასის სედანისა და 2 000 ცალი კუპეს წარმოებას ითვალისწინებს. იტალიელი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, განახლებული ”დე ტომაზოს” საჭიროებისთვის, ის 116 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
საინტერესოა, რომ ეს 79 წლის როსინიოლოსთვის, ძველი ბრენდის აღდგენის მეორე მცდელობაა. პირველი, რომელიც მას 15 წლის წინ ჰქონდა, წარუმატებელი გამოდგა. მაშინ მას ”ისოტა ფრაშინის” აღდგენა სურდა. 1996 წლის ჟენევის ავტოგამოფენაზე, ”აუდიზე” ბაზირებული კონცეპტუალური ”იზოტა ფრაშინი T8” წარადგინა, მაგრამ მისი წარმოების დაწყება ვეღარ მოახერხა...