Saturday, May 14, 2011

კუნიოს პირველი ავტომობილი

Fardier de Cugnot

14 მაისი

წელს „მერსედეს ბენცი“, კარლ ბენცის მიერ პირველი ავტომობილის შექმნიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ეს მხოლოდ პირველი შიდაწვისძრავიანი ავტომობილი იყო. გაცილებით ადრე, კერძოდ კი 1769 წელს, პირველი თვითმავალი ურემი, რომელსაც დღეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ავტომობილი, ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟოზე კუნიომ დაამზადა.

კუნიოს თვითმავალი ურემი (ფარდიე დე კუნიო, ან ფარდიე ა ვაპურ) სამხედრო დანიშნულებით შექმნა და მის მამოძრავებლად ორთქლის მანქანა გამოიყენა. თავისი ქმნილების საფუძვლად, მან ორბორბლიანი მძიმე ურემი გამოიყენა, რომელსაც სამხედროები მძიმე არტილერიის გადასატანად იყენებდნენ. ჩვეულებრივ, ურემს ცხენები ეზიდებოდნენ, რომლებიც კუნიომ დამატებითი ბორბლით და მასზე დამაგრებული ორთქლის მანქანით შეცვალა.

პირველად კუნიომ შედარებით პატარა ორთქლის მანქანა დაამზადა. მომდევნო წელს კი დიდი ზომის მანქანაც დამზადდა, რომელსაც გამომგონებლის გათვლით, ერთ საათში, 4 ტონა ტვირთის თითქმის 8 კილომეტრზე გადატანა შეეძლო (თუმცა, პრაქტიკაში ეს არავის შეუმოწმებია). საკუთრივ ორთქლის ურიკა 2.5 ტონას იწონიდა.

იმის გამო, რომ ყრიკაზე წონა მეტისმეტად უთანაბროდ იყო განაწილებული, ის არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ამ არასტაბილურობას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ ურიკას მოძრაობა მოუწყობელ გზებსა და აღმართებზე უწევდა. სწორედ ეს გახდა პირველი ავარიის მიზეზიც - 1771 წელს, მეორე ურიკა უკონტროლო გახდა, დაღმართზე დაგორდა და არსენალის კედელს დაეჯახა. სწორედ ეს ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს პირველ საავტომობილო ავარიად.

არც ორთქლის მანქანა გამოირჩეოდა სტაბილური მუშაობით. მისი ქვაბი ურიკის წინ იყო დაკიდული. მის ძირზე საცეცხლე იყო განლაგებული. დგუშის ასამოძრავებლად საჭირო ორთქლის წარმოქმნას დაახლოებით 15 წუთი სჭირდებოდა, რის გამოც, მანქანის მოძრაობა ხშირად წყდებოდა და მისი სიჩქარეც ამის გამო მცირდებოდა.

ხანმოკლე ტესტების შემდეგ, საფრანგეთის არმიამ კუნიოს ორთქლის მანქანაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, 1772 წელს საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ, კუნიოს პენსიის სახით, წლიური 600 ლივრი დაუწესა. მისი მანქანა კი, 1800 წელს პარიზის ხელოვნების და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის მუზეუმში გადაიტანეს, სადაც დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.

კუნიოს ორთქლის ურიკის ზუსტი ასლი ტამპა ბეის (აშშ) საავტომობილო მუზეუმშიცაა გამოფენილი. ეს ექსპონატი, რომელიც ორიგინალურისგან განსხვავებით, მოქმედია, ახლახანს პარიზში, ყოველწლიურ პოპულარულ შოუ „რეტრომობილზე“ გამოფინეს.

No comments:

Post a Comment