Thursday, October 20, 2011

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი

20 ოქტომბერი
როგორც ამ პროექტის ავტორი, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ალექს იმნაძე ამბობს, დიზაინის შემუშავებისას, შთაგონების წყარო მერცხლისგან მიიღო. მანქანას ასეც დაარქვა - ”ჰირუნდო”, რაც ძველბერძნულად თურმე სწორედ მერცხალს ნიშნავს. რაში სჭირდება ქართულ ავტომობილს ბერძნული სახელი? ყველაფერი მარტივადაა - უცხოელებისთვის მერცხალი საკმაოდ ძნელად წარმოსათქმელია და შესაბამისად, მისი დარქმევა კომერციულად გაუმართლებელი იქნებოდა. ”ჰირუნდო” კი ადვილად დასამახსოვრებელია...
  მაინც, ვინ არის ამ ეფექტური კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინის ავტორი? მას ჯერ არ იცნობთ. ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და სტუდენტია - ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ამჟამად ტურინის IED-ში (ინსტიტუტო ეუროპეო დი დაზაინ) ხვეწს თავის ტექნიკას. სხვათა შორის, მას სახელგანთქმული მეგობარი ჰყავს - აზერბაიჯანელი სამირ სადიკოვი, რომლის პროექტმა ”ხეზრიმაც”, წელს ფერარის დიზაინის კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ”ჰირუნდოს” მთავარი თვისება, მისი აეროდინამიკური გარეგნობაა. რეალობაში, მას ალბათ ელერონების დამატება დასჭირდება, თუმცა კარგად გააზრებული ფორმების წყალობით, აეროდინამიკური ელემენტების ზომები მინიმალური იქნება.
განსაკუთრებულ ყურადღებას ბორბლების თაღები იქცებს, რომლებიც თითქოს ერთმანეთში გადადის. რაც მთავარია, მათ ისეთი დახვეწილი ფორმები აქვს, რომ ჰაერსაც ჭრის და თან ისე, რომ ჰაერის ნაკადი თაღების ზედაპირს არ მოსცილდეს. ამაზე იტყვიან, გარსშემოდენილი ფორმა აქვსო. წინა თაღების ზედა ნაწილში, ”ჰირუნდოს” ავტორს სარკეების მსგავსი დეტალები დაუმაგრებია. ეს ვიდეოკამერებია, რომლებიც სარკეებს ცვლის. რაც მთავარია, ჰაერის შემხვედრ ნაკადს მინიმალურ წინააღმდეგობასაც უწევს და არც მდგრადობას აკარგვინებს - იმ ადგილებში, სადაც ჰაერის ნაკადის წნევა მცირდება, ამწევი ძალა წარმოიქმნება, რაც აეროდინამიკას აუარესებს. ასეთი ხელისშემშლელი ელემენტები კი ”ჰირუნდოს” თითქმის არ აქვს.
მანქანას წინა ნაწილში ერთგვარი ”სასუნთქი” ლაყუჩები აქვს. ეს მართლაც სასუნთქია - აქედან ის ჰაერი გამოიდევნება, რომელიც რადიატორს სითბოს ართმევს. ჰაერის ნაწილი კი გვერდითა სეგმენტებში მიემართება, საიდანაც უკანა დიფუზორში გამოდის. ამგვარად, ავტომობილი თითქმის არ ტოვებს გაუხშოებულ ჰაერს. ესე იგი, მისი უკანა ნაწილის მდგრადობაც გარანტირებულია. სასუნთქი ”ლაყუჩების” მსგავს წარმონაქმნებს ავტომობილის ძრავის სეგმენტის თავზეც ნახავთ და მათაც იგივე დანიშნუება აქვს - ცხელი ჰაერის იმ მიმართულებით გამოდევნა, რომ ”ჰირუნდოს” აეროდინამიკის მთლიანობა არ ”შეაწუხოს”.
ესთეტიკის მხრივ, ალბათ საკამათო არაა ის ფაქტი, რომ ამ კუთხით ”ჰირუნდო” განსაკუთრებით გამოირჩევა. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ფესიბუკსა და თბილისის ფორუმზე დიდი ინტერესი გამოიწვია. არადა, მის შესახებ ჯერ მხოლოდ სახელი და ის იყო ცნობილი, რომ ჩვენებურმა შექმნა. ამ მანქანის დანახვისას, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება - მის ავტორს ჩამოყალიბებული გემოვნებაც აქვს და დიზაინერისთვის საჭირო ტექნიკასაც ფლობს.
ორიოდ სიტყვა ავტომობილის აგებულებაზეც: ამ მხრივ ალექს იმნაძის არჩევანი მარტივია - ”ჰირუნდო” ფოლადის მილებისა და ალუმინის ფურცლებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოს დაეყრდნობა, ძარა კი მთლიანად კომპოზიტებისგან დამზადდება. ამგვარად, ავტომობილი მსუბუქიც გამოვა და მის მზიდ ელემენტსაც სპორტული მანქანისთვის საკმარისი სიხისტეც ექნება.
”ჰირუნდოს” გაბარიტებია: სიგრძე 4 900 მილიმეტრი, სიგანე 2 000 მილიმეტრი, სიმაღლე 1 200 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2 700 მილიმეტრი. რა თქმა უნდა, სალონში მხოლოდ ორი სავარძელი მოთავსდება. ძრავი ბაზაში - როგორც სუპერ ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი. ორივე კარი ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილში იღება - მათ საყრდენი წინ აქვთ და ზევით და წინა მიმართულებით იღება.
რაც შეეხება ძრავს, ის ბაზაში განლაგდება. მას სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება, ორივე სპეციალური ჩარჩოს მეშვეობით, ერთ მთლიან სისტემად აიწყობა, ჩარჩოს კოლოფის ნაწილზე კი უკანა საკიდარი დამაგრდება. ამგვარად, ეს სეგმენტი გრეხვითი დატვირთვების ნაწილს აითვისებს. ძრავი დაკონკრეტებული არაა, რადგან არჩევანი დიდია - შესაძლებელია როგორც V8, ასევე V6 არქიტექტურის მქონე აგრეგატების გამოყენება.
უფრო მეტიც, ტექნიკურად ისიც შესაძლებელია, რომ ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით, ან მხოლოდ ელექტროძრავებით აღიჭურვოს. ელექტროძრავების შემთხვევაში, იმ ადგილს, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილზე შიდაწვის ძრავი თავსდება, ”ჰირუნდოს” ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკს ჩაუდგამენ. თითო ძრავი კი წინა და უკანა ღერძებზე განლაგდება. ამგვარად, ავტომობილი სრულამძრავიანი იქნება.
დაბოლოს, არ იფიქროთ, რომ ეს კონცეპცია მხოლოდ კომპიუტერში არსებობს და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მისი ხორცშესხმა საქართველოშივეა შესაძლებელი. ამისათვის სუპერ ავტომობილისთვის შეუფერებლად მცირე ინვესტიციაც საკმარისი იქნება. თუმცა, ეს სულ სხვა თემაა...

No comments:

Post a Comment