Sunday, August 2, 2009

ჯეი ლენოს ”ეკოჯეტი” გზაზე გამოდის

Jay Leno's EcoJet

2 აგვისტო

ჯეი ლენო ღავის ”ეკოჯეტთან”


ჯეი ლენო არამარტო იმითაა ცნობილი, რომ პოპულარული ტელეგადაცემა, ”ღამის შოუ ჯეი ლენოსთან ერთად” მიჰყავს, არამედ იმითაც, რომ ანტიკვარული და უჩვეულო კონსტრუქციის მქონე ავტომობილების მდიდარ კოლექციას ფლობს. და კიდევ იმით, რომ მიღწეულს არასდროს სჯერდება.

სამი წლის წინ, მისი შეკვეთით, ”ჯენერალ მოტორსმა” უჩვეულო კონცეპტუალური ავტომობილი ”ეკოჯეტი” მოამზადა და ლას ვეგასის საავტომობილო შოუზე გამოფინა. მაგრამ ის ავტომობილი არ გადაადგილდებოდა, დამთვალიერებელს კი მასზე იმას უყვებოდნენ, რაც პროექტს საფუძვლად დაედო. მაგრამ ლენომ არ ისურვა თავისი ჩანაფიქრის შუა გზაზე მიტოვება და თავისი ავტოფარეხის (რომელიც ბედ დოგ გარაჟის სახელითაა ცნობილი) მთავარ მექანიკოს ბერნარდ ჯუჩლისთან ერთად, პროექტის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში მას გვერდზე კვლავ ”ჯენერალ მოტორსი” და ამავე კომპანიის მთავარი დიზაინერი ედ უელბურნი დაუდგნენ.

”ჩვენ გვინდოდა, ავტომობილების ახალგაზრდა ენთუზიასტებისთვის გვეჩვენებინა, რომ არაა აუცილებელი, გარემოსადმი მეგობრული ავტომობილი ყოველთვის ”პრიუსს” ჰგავდეს”, - ამბობს ლენო, რომელმაც საქმის დასაწყისში, ესკიზების ერთგვარი კონკურსი ჩაატარა და ნამუშევრებიდან ის აირჩია, რომელზეც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და აგრესიული გარეგნობის მქონე ავტომობილი იყო გამოხატული.

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე კი შემკვეთმა ”ჯენერალ მოტორსის” ჩრდილოეთ ჰოლივუდის (კალიფორნია) მოწინავე პროექტების პერსონალს მთავარი პირობა გააცნო - ავტომობილს ბიოდიზელზე მომუშავე რეაქტიული ძრავი უნდა ჰქონოდა!

ავტომობილის ბაზისად, ”შევროლე კორვეტ Z06-ის” შასია გამოყენებული. რა თქმა უნდა, შასის მოდერნიზება დასჭირდა, რათა მასზე რეაქტიული ძრავის დადგმა ყოფილიყო შესაძლებელი. მოდერნიზებისას, ძირითადად ალუმინია გამოყენებული. ძარა კი ნახშირბადისა და კევლარის ქსოვილების კომპოზიციური მასალისგანაა დამზადებული. რაც შეეხება ძრავს, ის კომპანია ”ჰონიუელის” (LT-101) წარმოებისაა და 650 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან კი ”შევროლე კორვეტისვე” ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.

ლენოს რეაქტიულ ავტომობილს უკვე ჩაუტარდა პირველი ჩქაროსნული ტესტი, რომლის დროსაც, მან 250 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა. მართალია, ის მსგავსი მონაცემების მქონე ავტომობილებზე მეტ საწვავს მოიხმარს, მაგრამ ლენო თავს იმით იმშვიდებს, რომ ავზში განახლებადი წყაროსგან მიღებული საწვავი უსხია.

”ლოს ანჯელესში ხალხს ჰგონია, რომ სწრაფი ავტომობილები მაინცდამაინც, გარემოს უნდა აბინძურებდეს. მე ამ მანქანით ხშირად სიარულს ვაპირებ, რათა ყველას დავანახო, რომ ასე არ არის და რომ სუფთა მანქანითაც შეიძლება თავის მოწონება”, - ამბობს ლენო.

No comments:

Post a Comment