Monday, January 31, 2011

”ჰიუნდაის” შეიძლება ”ელანტრას” ამერიკაში ექსპორტი დასჭირდეს
Hyundai may need to source Elantra from Korea to meet demand
31 იანვარი

ბოლო წლებში, ”ჰიუნდაის” გაყიდვები მთელს მსოფლიოში დიდი ტემპით იზრდება. განსაკუთრებით სწრაფი ზრდა კი ამერიკის ბაზარზე შეინიშნება, სადაც კორეულმა კომპანიამ, ნახევარმილიონიანი ზღვარი უკვე გადალახა. და, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს, რის საფუძველსაც ახალი მოდელები აძლევს.

”ჰიუნდაი” წელს ამერიკაში გაყიდვების 10-პროცენტიან ზრდას ვარაუდობს და ეს უპირველეს ყოვლისა, კომპაქტურ სედან ”ელანტრას” პოპულარობის წყალობით უნდა მოხდეს. თუ პროგნოზი გამართლდა, მაშინ კორეელების გაყიდვები 590 000 ცალს მიაღწევს და მათ იქ ”ელანტრას” კორეიდან შეტანა მოუწევთ.

ახალი ელანტრა, რომელიც ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდა, პირველი ავტომობილია, რომლის ამერიკული ვერსიაც შეიქმნა. ”ჰიუნდაი” მას ამერიკაშივე, მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხანაში უშვებს, იქ სადაც ასევე ბიზნეს კლასის სედან ”სონატას” აწარმოებს. მაგრამ კორეული კომპანია უკვე ”ელანტრას” დამატებით კორეიდან შეტანის შესაძლებლობასაც განიხილავს.

აღნიშნული ქარხნის წლიური წარმადობა 330 000 ავტომობილია. შარშან იქ 196 000 ”სონატა” და 132 246 ცალი ძველი ”ელანტრა” დამზადდა. მაგრამ როგორც კი კომპანიამ ახალი ”ელანტრა” წარადგინა, მაშინვე მასზე მოთხოვნა გაორმაგდა. უფრო კონკრეტულად კი, დეკემბერში, როცა ახალი ”ელანტრას” წარმოება დაიწყო, ეს ავტომობილი 13 096 ცალი გაიყიდა. შედარებისთვის, წინა წლის იმავე პერიოდში, სულ 5 763 ცალი (ძველი) ”ელანტრა” გაიყიდა.

”თუ ”ელანტრა” იმ ტემპით გაიყიდება, რასაც ჩვენ ვვარაუდობთ, ჩვენ კორეიდან მისი ექსპორტირება მოგვიწევს. ფასიდან და მასზე მიღებული გამოხმაურებებიდან გამომდინარე, ჩვენ მასზე სოლიდურ მოთხოვნას ველით”, - ამბობს ”ჰიუნდაის” პრესმდივანი ფრენკ არენსი.

”მერსედეს ბენცი” კომპაქტური ავტომობილების ოჯახს გამოუშვებს

Mercedes-Benz Readying Baby CLS and Small SUV

31 იანვარი

იმისათვის, რომ ახალგაზრდა მყიდველი მიიზიდოს, ”მერსედეს ბენცი” ახალ კომპაქტურ პლატფორმას (MFA - მერსედეს ფრონტ-უილ-დრაიბ არქიტექჩა, ანუ მერსედესის წინაამძრავიანი არქიტექტურა) ქმნის, რომელზეც კომპაქტური ავტომობილების მთელს ოჯახს დააფუძნებს. ეს ავტომობილები კი კონკურენციას პირველ რიგში, ”ბეემვეს” შესაბამისი კლასის მანქანებს გაუწევენ.

გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპის” ინფორმაციით, ამჟამად შტუტგარტელები ოთხკარიან კუპე CLS-ის მომცრო ვერსიაზე მუშაობენ, რის შემდეგაც თავიანთ ძალისხმევას იმავე პლატფორმაზე, უგზოობის მცირე მოდელის შესამუშავებლად მიმართავენ, მას კი მოგვიანებით, კაბრიოლეტი და სპორტული ქროსოვერიც მოჰყვება.

წინასწარი ვარაუდით, სამქიმიანები ამ ავტომობილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჰყიდიან. თუმცა, პირველ რიგში, ამ სიახლეებს ევროპელებს შესთავაზებენ. ამერიკაში მათ რამდენიმე თვის დაგვიანებით შეიტანენ.

კომპანიაში ახალ ოთხკარიან კუპეს ”ბეიბი CLS-ს” უწოდებენ და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ახალი პატარა ავტომობილი გარეგნულად და პროპორციებით CLS-ის მსგავსი იქნება. მისი დებიუტი 2013 წელს იგეგმება. ერთი წლის შემდეგ კი ბაზარზე ”ბეემვეს” X1-ის კონკურენტი გამოვა. ამ ავტომობილების ევროპაში გამოჩენიდან ნახევარ წელიწადში, მათ ამერიკის ბაზარზეც შეიტანენ.

ახალ პლატფორმაზე ასევე დაემყნობა ახალი ჰეჩბეკები, რომელმაც ორი, A და B კლასის მოდელები უნდა ჩაანაცვლოს. ამათგან პირველის დებიუტი 2012 წელსაა მოსალოდნელი. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ”მერსედეს ბენცი” ამ ავტომობილების ამერიკაში შეტანას არ აპირებს, თუმცა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელობა სწრაფად რეაგირებას და მ ომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილებას აპირებს.

დაკიდევ, ახალი MFA პლატფორმას, ”მერსედესის” გარდა, მისი ფრანგი და იაპონელი პარტნიორები - ”რენო” და ”ნისანიც” გამოიყენებენ, რომლებიც მის შემუშავებაში ჩართულნი არიან. ”მერსედესის” გლობალური გაყიდვების შეფი იოახიმ შმიდტი ამბობს, რომ ”რენო-ნისანი” ახალ პლატფორმას ”ინფინიტის” მარკით ახალი კომპაქტური ოჯახის შესაქმნელად გამოიყენებს. ამასთან, იმავე ბაზაზე, ახალი ”რენო ტვინგო” და ”ნისან მიკრა” დამზადდება.