Thursday, July 23, 2009

”აუდი” ახალ ეკოლოგიურ მინიავტომობილს ამზადებს

Audi E1

23 ივლისი

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის, ნავთობის ფასი მეტნაკლებად სტაბილურია, საავტომობილო ინდუსტრიაში კარგად უწყიან, რომ როგორც კი ეკონომიკური კრიზისი დასრულბა, შავი ოქროს ფასიც ზევით ”გაიქცევა”, რის შედეგადაც, ავტობაზარზე კვლავ მოიმატებს მოთხოვნა ეკონომიურ ავტომობილებზე. ამისათვის კი მწარმობლები, მათ შორის, პრემიუმ კლასში მოღვაწენიც გამალბით ემზადებიან.

მაგალითად, ”ბეემვე” უკვ დიდი ხანია, რაც ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობს. კომპანიამ უკვე დაიწყო ”მინის” ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილის ტესტების ფართო პროგრამა, რომელშიც საზოგადოებაცაა ჩართული. პარალელურად, ბავარიელები სუბკომპაქტურ ავტომობილსაც ამზადებენ. ”მერსედეს-ბენცს” უკვე აქვს სუბკომპაქტური ”სმარტი”, რომლის ბაზაზეც უკვე ელექტრომობილის შექმნა და მას საერთო სარგებლობის გზებზე ცდის. და აი, ეკოლოგიური ავტომობილების წარმოების ფერხულში ”აუდიც” ერთვება, რომელიც წარმოებისთვის მინი ავტომობილს ამზადებს.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, მინიავტომობილი ”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალურ მოდელ up!-ზე (სავარაუდოდ, ამ ავტომობილს, როდესაც ის კონვეიერამდე მიაღწევს, ლუპოს დაარქმევენ) იქნება ბაზირებული და ბაზარზე ის მეტოქეობას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს, როგორებიცაა ”ფორდ კა”, ”ტოიოტა iQ” და ”ფიატ 500”. სამოდელო გამაში ახალი, ეკოლოგიური ავტომობილის გამოჩენასთან ერთად, ”აუდი” თავისი ავტომობილების ახალ ინდექსს (E) შემოიღებს, რომლითაც არსებული მოდელების ეკოლოგიურ ვერსიებს აღნიშნავენ. ასეთ ინდექსს კი პირველ რიგში ახალი მინი ავტომობილი მიიღებს, რომელსაც საზოგადოება E1-ის სახელით გაიცნობს.

E1 ორცილინდრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობა მხოლოდ 600 კუბური იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ძრავი ბენზინზე იმუშავებს, თუ დიზელზე. სამაგიეროდ, კომპანიაში ძრავის გამონაბოლქვისა და ეკონომიურობის მაჩვენებლების ორიენტირები წინასწარ აქვთ არჩეული. ასე მაგალითად, აგრეგატმა ყოველი 100 კილომეტრის გავლისას, მხოლოდ 2.9 ლიტრი საწვავი უნდა მოიხმაროს, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 100 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგი უნდა გამოყოს. რა თქმა უნდა, განიხილება ავტომობილის ელექტროძრავით აღჭურვის ვარიანტიც, თუმცა მის შესახებ ჯერ სავარაუდო დეტალებიც უცნობია.

ასევე E1-ის სამცილინდრიანი, 1.2-ლიტრიანი ძრავით აღჭურვაც იგეგმება, რომელსაც ოდნავ უარესი ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლები ექნება. საერთო ჯამში, ”აუდის” სამოდელო გამაში E1 უფრო დაბალ ადგილს დაიკავებს, ვიდრე A1, რომელიც წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა.

სავარაუდოდ, ”აუდი E1” ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდება, ერთი წლით გვიან, ვიდრე ”ფოლკსვაგენ ლუპო”. ორივე ავტომობილის წარმოებისთვის კი უკვე შერჩეულია ქალაქ ბრატისლავაში (სლოვაკეთი) არსებული ქარხანა, რომელიც მოგვიანებით, იმავე up!-ის ბაზაზე, ”შკოდასა” და ”სეატის” მინიავტომობილებსაც გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment