Thursday, October 15, 2009

”ოპელ ინსინია” ამერიკაში ”ბიუიკ რეგალის” სახელით გაიყიდება

Buick Regal

15 ოქტომბერი

”ჯენერალ მოტორსმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მის ახალ, საშუალო ზომის სპორტულ სედანს ”რეგალი” ერქმევა. მართალია, ამერიკულ კომპანიას არც ამ ავტომობილის ფოტოები და ტექნიკური სპეციფიკაციები გამოუქვეყნებია, მაგრამ სარწმუნო ვარაუდით, ამერიკული ”რეგალი” ჩინეთის ბაზარზე პოპულარული ”ბიუიკ რეგალის” იდენტური იქნება.

თავის მხრივ, ”ბიუიკ რეგალი” ევროპაში პოპულარული ”ოპელ ინსინიას” ანალოგია. მათ შორის ძალიან მცირე ვიზუალური განსხვავებაა, ტექნიკურად კი ისინი აბსოლუტურად იდენტურია. ”ბიუიკ GMC-ს” მთავარ მენეჯერ სიუზენ დოჩერტის თქმით, ”ბიუიკის” ტრანსფორმაცია მაშინ დაიწყო, როდესაც ბაზარზე ლუქსის კლასის ქროსოვერი ”ბიუიკ ენკლავი” გამოვიდა. ამას მოჰყვა პრემიუმ სედანი ”ლაქროსი”, რომელიც ასევე ”ოპელ ინსინიას” პლატფორმაზეა აგებული. ახლა კი ამ დუეტს ”რეგალიც” შეუერთდება.

მართალია, უკვე ექვსი წელია, რაც სახელ ”რეგალით” ავტომობილები არ იყიდება, მაგრამ ეს სახელი ახლაც პოპულარულია და მისი გამოყენება, მარკეტინგულად გამართლებული იქნება.

სხვათა შორის, სანამ ”ოპელს” გაჰყიდდა, ”ჯენერალ მოტორსი” ამერიკაში ”ინსინიას” გაყიდვას ”სატურნის” სახელით აპირებდა. მაგრამ მართვადი გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ”სატურნის” გაყიდვა, ან გაუქმება გადაწყდა. მას შემდეგ კი, რაც ”პენსკე აუტომოტივმა” ”სატურნის” შეძენაზე უარი განაცხადა, ”გენერლებმა” ეს მარკა მოკლეს და მის ნაცვლად, ამერიკაში გასაყიდ ”ინსინიას” სახელად ”რეგალი” შეურჩიეს.

ჯერჯერობით, ”ჯენერალ მოტორსი” არ აზუსტებს, თუ როდის დაიწყებს ამერიკაში ”რეგალის” გაყიდვებს. სავარაუდოდ, ეს მერმის, წლის მიწურულს მოხდება.

No comments:

Post a Comment