Tuesday, October 13, 2009

”კრაისლერი” და ”ლანჩა” ერთმანეთს პლატფორმებს გაუზიარებენ

Chrysler & Lancia To Share Products

13 ოქტომბერი

ბოლო წლებში, იტალიური ავტომწარმოებელი ”ლანჩა”, რომელიც ”ფიატის” იმპრიასაა შეფარებული, პრობლემებს განიცდის. მართალია, ტურინელები თავიანთი ბიზნესის გამოცოცხლებას ცდილობენ, მაგრამ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. თუმცა, ”ფიატისა” და ”კრაისლერის” ერთ ალიანსში გაერთიანების შემდეგ, ახალი პერსპექტივები გამოისახა, რომელიც პირველ რიგში, ”ლანჩას” სამოდელო გამის ავტომობილებისთვის ”კრაისლერის” პლატფორმების გამოყენებას ითვალისწინებს.

ახლახანს, ”კრაისლერის” ხელმძღვანელად ”ლანჩას” ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ოლივიე ფრანსუა დაინიშნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ორი კომპანია სულ მალე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაახლოება პირდაპირ უნდა გავიგოთ, როგორც მათი მოდელების დაახლოება. ამაში მარტო ის კი არ იგულისხმება, რომ იტალიური და ამერიკული კომპანიები ზიარ პლატფორმებზე დაამზადებენ თავიანთ ავტომობილებს, არამედ ისიც, რომ ისინი ერთსადაიმავე მაკომპლექტებლებს და აგრეგატებსაც გამოიყენებენ და ერთმანეთს ტექნოლოგიებსაც გაუზიარებენ.

მოსალოდნელია, რომ მალე ”კრაისლერ 300-ის” ბაზაზე, ”ლანჩა” საკუთარი სედანის გამოშვებას დაიწყებს, რომლითაც საკუთარ ”თეზისს” შეცვლის. სამაგიეროდ, ამერიკული კომპანიისთვის იტალიელი პარტნიურის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”იპსილონი” გახდება ხელმისაწვდომი და მას ”კრაისლერი” ევროპაში გაჰყიდის.

ამგვარი ინტენსიური დაახლოებით, ტურინული კომპანია ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ჯერ ერთი, ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდება ”ლანჩა”. მეორეც, ”კრაისლერი” ძველ კონტინენტზე უფრო გააქტიურდება. მომავალში კი სხვა ბაზრებზეც შეაღწევს.

საინტერესოა, რომ ”ფიატი” ”ლანჩას” ჯერ მხოლოდ ევროპის ბაზარზე დატოვებს. ამ უკანასკნელის პოპულარული ჰეჩბეკი ”დელტა” კი აშშ-ის ბაზარზე ”კრაისლერის” მარკით გაიყიდება.

No comments:

Post a Comment