Thursday, December 17, 2009

”ასტონ მარტინმა” ”ბარტყის” კონცეპცია მოამზადა

Aston Martin Cygnet Concept Official Images

17 დეკემბერი

”ასტონ მარტინმა” თავისი მომავალი ჯუჯა ავტომობილის, ”სიგნიტის” (ბერტყის” კონცეპტუალური ვერსიის ოფიციალური ფოტოები და ტექნიკურო მონაცემები გაავრცელა. ავტომობილი, რომლის გაყიდვებიც მერმის უნდა დაიწყოს, ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ბაზაზეა შექმნილი და მის სახეშეცვლილ და უფრო მდიდრულ ვერსიას წარმოადგენს.

ბრიტანული კომპანიის განცხადებით, მართალია, ”სიგნიტის” კონცეპტუალური ვერსია უკვე მზადაა, მაგრამ მისი ტესტირება და სრულყოფის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ამ ავტომობილის სერიული წარმოების დაწყება კი მომავალი წლის მიწურულიდან იგეგმება.

გარეგნულად, iQ-სგან ”სიგნიტს” წინა ნაწილის ასტონისეული გაფორმება განასხვავებს. ინგლისური ჯუჯას რადიატორის ბადე საფირმო სტილშია შესრულებული, მის ზემოთ კი, კაპოტზე, ”ასტონ მარტინის” ლოგო წამოსკუპებულა, რომელიც დანახვისთანავე, ამ ჯუჯა ავტომობილისადმი პატივისცემით განგაწყობთ. ყურადღებას ასევე იქცევს კაპოტზე დატანილი ”სასუნთქები”, რომლებიც ”ასტონ მარტინ V12 ვენტეჯის” ანალოგიურ ელემენტს მოგაგონებთ. ავტომობილი მისთვის უზარმაზარ, 16-დუიმიან ბორბლებზე დგას. სალონიც, ინგლისური მარკისთვის შესაფერისად - მდიდრულადაა გაწყობილი, რის ხაზგასმასაც გამოყენებული წითელი ტყავი წარმოადგენს.

რაც შეეხება ”სიგნიტის” ტექნიკას, ის მთლიანად იაპონური კომპანიის წარმოებისაა. პირველ რიგში, ესაა iQ-ს პლატფორმა და 1,33-ლიტრიანი ძრავი, რომელიც სულ რაღაც 98 ცხენის ძალას ავითარებს. სხვათა შორის, ”სიგნიტის” წარმოებისთვის, ”ასტონ მარტინი” iQ-ს დაშლილი სახით იაპონიიდან მიიღებს.

ინგლისურ კომპანიას განზრახული აქვს, რომ ”სიგნიტი” მხოლოდ მათ მიჰყიდოს, ვისაც უკვე სხვა ”ასტონი” აქვს ნაყიდი, ან ახლო მომავალში აპირებს მის შეძენას. შემდეგ კი ამ ჯიშიანი ჯუჯას ყიდვის საშუალება ნებისმიერ მსურველს მიეცემა. ბრიტანეთში ”სიგნიტის” ფასი დაახლოებით 20 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. სულ ”ასტონ მარტინი” წლიურად 1 000-2 000 ცალი ”ბარტყის” წარმებას გეგმავს.

No comments:

Post a Comment