Wednesday, February 3, 2010

”პეჟო 207”, როგორც რალის ავტომობილი

Peugeot 207 S16

4 თებერვალი

”პეჟომ” თავისი საქარხნო გუნდის საპატივცემულოდ, რომელმაც შარშანდელ სეზონში, რალის საერთაშორისო ჩემპიონატი (IRC) მოიგო, თავის პოპულარულ ჰეჩბეკ 207-ის სპეციალური ვერსია შექმნა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ავტომობილი, რომელმაც ინდექსად აღნიშვნა S16 მიიღო, სულ 250 ცალი დამზადდება.

გასპორტულებული 207 რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტით აღიჭურვა, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინო წინა და უკანა სპოილერები და უკანა დიფუზორია. ეს უკანასკნელი უბრალო ბუტაფორიაა და არანაირი რეალური დატვირთვა არ გააჩნია. ”პეჟო 207 S16-ს” ასევე გამოარჩევს მის უკანა ნაწილზე დატანილი ნახატი, რომელიც IRC-ს ჩემპიონატში მონაწილე მანქანაზეცაა გამოსახული.

სპეციალური ვერსია 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, წინა ბამპერის გარშემო რადიატორის ბადეა შემოვლებული, შუშები დამუქებულია, სალონში კი სპეციალური დაფაა, რომელზეც IRC-ის ჩემპიონ კრის მიკის სახელია ამოქარგული.

სპეციალურ ვერსიაზე, 207-ს ცვლილებები მეტწილად გარეგნულად შეეხო, მისი ტექნიკური აღჭურვილობა კი თითქმის არ შეცვლილა. მის კაპოტქვეშ 1.6-ცილინდრიანი ბენზინის ძრავი დგას, რომელიც 120 ცხენის ძალას ავითარებს. ”პეჟოს” მონაცემებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 10.7 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 201 კმ/სთ-ია.

”პეჟო 207 S16” მხოლოდ ბრიტანეთში გაიყიდება და იქ ის სტანდარტულ ”პეჟო 207-ზე”, რომელიც 14 695 გირვანქა სტერლინგი ღირს, 1 200 სტერლინგით მეტი ეღირება.

No comments:

Post a Comment