Thursday, February 11, 2010

”კია” ”ტოიოტა პრიუსთან” კონკურენციისთვის ემზადება

Kia Ray Hybrid

10 თებერვალი

ჩიკაგოს ავტო შოუზე, კორეულმა კომპანია ”კიამ” პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი კონცეპტუალური მოდელი ”რეი” გამოფინა, რომლის ბაზაზეც, მალე სერიული ავტომობილის წარმოება დაიწყება. კონცეპტუალური ავტომობილი გადამუშავებადი, ძალიან მსუბუქი პლასტიკითაა დამზადებული, მის სახურავზე კი ფოტოელემენტებია მოთავსებული, რომლებიც აკუმულატორებისთვის მზისგან მიღებულ ენერგიას ელექტროენერგიად გადაამუშავებენ.

”კია რეის” ჰიბრიდულ სისტემაში შედის ბენზინის 1.4-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 153 ცხენის ძალაა და 75-კილოვატიანი ელექტროძრავი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. მხოლოდ ელექტროძრავის ხარჯზე, ავტომობილს დაახლოებით 80 კილომეტრის გავლა შეუძლია. და თუ საქმეში შიდაწვის ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ჩაერთვება, მაშინ სვლის სიშორე 1 200 კილომეტრამდე გაიზრდება. თანაც, ”რეი” ყოველ 100 კილომეტრზე მხოლოდ 1.2 ლიტრ ბენზინს დაწვავს.

”კია რეის” ეკოლოგიურ თემას მასში გამოყენებული აუდიოსისტემა ”ინფინიტი გრინეიჯიც” აგრძელებს, რომლის გამაძლიერებელი და დინამიკებიც, ჩვეულებრივ ანალოგებზე თითქმის ორჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ენერგოდამზოგია ”მაიკროსოფტის” მიერ შემუშავებული მულტიმედიური სისტემა ”კია უვო-ც”.

”კიას” წარმომადგენელთა განცხადებით, ჩიკაგოში წარმოდგენილი კონცეპტუალური ”რეი” კორეული კომპანიის ახალი ქვებრენდის პირველი მერცხალია. ამ ბრენდის სახელწოდება ”კია ეკოდაინემიკსია”, ამ სახელით კი ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოება იგეგმება.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჯერ ”კიაშიც” არ იციან, ”რეის” ბაზაზე დაიწყებენ თუ არა სერიული ავტომობილის წარმოებას.

No comments:

Post a Comment