Saturday, February 13, 2010

”ოპელი” ჟენევაში ახალ ელექტრონულ კონცეპციას გვაჩვენებს

Opel Voltec Concept Teased

13 თებერვალი

”ჯენერალ მოტორსის” გერმანული შტო ”ოპელი” ჟენევის ავტო შოუზე თავის ახალ კონცეპტუალურ ნამუშევარს გამოიტანს, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ”ფლექსტრიმ GTE” ეწოდება. ამ კონცეპციაში ის ჰიბრიდული სისტემაა გამოყენებული, რომელიც ”გენერლებმა” ”შევროლე ვოლტისა” და ”ოპელ ამპერასთვის” შექმნეს.

”ოპელის” მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, კონცეპცია გვაჩვენებს, თუ რა მიმართულებით განვითარდება გერმანული კომპანიის ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები.

”ეს ავტომობილი იმის დადასტურებაა, რომ მანქანის გაბარიტები და კომფორტი არაა მისი ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუარესების მიზეზი”, - ნათქვამია ”ოპელის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

როგორც სურათზე ჩანს, ”ფლექსტრიმ GTE-ზე” ”ოპელის” ემბლება აკუმულატორების დასამუხტ პორტადაა გამოყენებული და მას ორიგინალური დიზაინი აქვს. სურათზე ასევე ჩანს, რომ ლოგოს გარდა, ფსევდორადიატორის მარჯვენა მხარეს, წარწერა ”ვოლტეკია” მოთავსებული.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ კონცეპციას ”ჯენერალ მოტორსი” პირველად თავისი პრემიუმ ბრენდის, ”კადილაკის” ახალი მოდელებისთვის გამოიყენებს. უფრო კონკრეტულად კი, ”ვოლტეკის” პიონერი შეიძლება გახდეს სპორტული ”კადილაკ კონვერჯი”, რომლის პროექტიც, კრიზისის გამო, თაროზეა შემოდებული.

რამდენიმე დღის წინ, ”ოპელმა” თავისი ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ამ პერიოდში, კომპანია თავის განვითარებას 11 მილიარდ ევროს მოახმარს. ამ თანხის დიდი ნაწილი ახალი მოდელების წარმოების დაწყებას მოხმარდება. ნაწილს კი კომპანია ახალი, ეკოლოგიური ტექნოლოგიების შემუშავებასა და წარმოებაში დანერგვას მოახმარს.

No comments:

Post a Comment