Saturday, April 10, 2010

”ბეემვეს” დიდი გამარჯვების აღსანიშნავი კონცეპცია

BMW 328 Mille Miglia Concept Coupe

10 აპრილი

ძველი და ახალი ბეემვე 328

................................

70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” ლეგენდარული რბოლა ”მილე მილია” (ათასი მილი) მოიგო. ბავარიელებს დიდი გამარჯვება კუპე ”ბეემვე 328 კამმ კუპემ” მოაპოვებინა. იუბილის სღსანიშნავად, გერმანულმა კომპანიამ კონცეპტუალური ავტომობილი ”ბეემვე 328 მილე მილია კონცეპტ კუპე” მოამზადა, რომელსაც იტალიურ სადიზაინერო კონკურს ”დ’ელეგანცა ვილა დ’ესტეზე” წარადგენს.

კონკურსზე, რომელიც 23-25 აპრილს გაიმართება, კონცეპტუალური მოდელის გარდა, გამარჯვების მომპოვებელი ავტომობილიც წარსდგება. ამ ავტომობილის აღდგენას, ბავარიული გიგანტის შეკვეთით, ამ საქმის სპეციალისტებმა რამდენიმე წელი მოანდომეს.

უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომს სულ ხუთი ცალი ”ბეემვე 328 კამმ კუპე” გადაურჩა. ”ბეემვემ” ამ ავტომობილის აღდგენა 15 წლის წინ დაიწყო. ამისათვის, გამოიყენეს საარქივო მასალები და კოლექციონერთა ხელთ არსებული ავტომობილები. იმ ნაწილების დასამზადებლად, რომელთა შოვნაც ვერ მოხერხდა, კომპიუტერული მოდელირების პროცესი გამოიყენეს.

”ამ ავტომობილის აღსადგენად, ჩვენ უამრავი დრო დაგვჭირდა. რესტავრაციის პროცესში, არაერთი ტექნიკური სირთულის დაძლევა მოგვიხდა. რიგ შემთხვევებში, სადავო საკითხებს კონსილიუმი კენჭისყრით წყვეტდა, რამდენჯერმე კი კვლევითი სამუშაოს ჩატარებაც კი გახდა საჭირო. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ ავტომობილს იხილავთ, მიხვდებით, რომ მის აღდგენაზე ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებმაც თავიანთ საქმეში მთელი ნიჭი და მონდომება ჩააქსოვეს”, - ამბობს ”ბეემვეს” კლასიკური ავტომობილების განყოფილების დირექტორი კარლ ბაუმერი.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა ბავარიელები ელეგანტურობის კონკურსისთვის, თავიანთი ძველი ლეგენდარული ავტომობილის რეპლიკას ამზადებენ. ორი წლის წინ, მათ დაამზადეს კონცეპტუალური M1, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე სპორტული ავტომობილის შექმნიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ოღონდ, ის კონცეპტუალური ავტომობილი მხოლოდ მაკეტი იყო ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე.

No comments:

Post a Comment