Thursday, May 20, 2010

”პეჟო” ”გოლფ GTI-ს” კონკურენტს პარიზისთვის ამზადებს

Peugeot Tries to Challenge Golf GTI

20 მაისი

”პეჟომ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის ჰეჩბეკ 308-ს დამუხტულ ვერსიას - 308 GTi-ს ამზადებს, რომელიც მხოლოდ ევროპულ ბაზარზე გაიყიდება. ახალი ავტომობილი მხოლოდ ხუთკარიან ძარას მიიღებს, მისი პრემიერა კი პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

”პეჟო 308-ს” ახალი მოდიფიკაცია 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 200 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 275 ნიუტონმეტრი (1700-4500 ბრ/წთ დიაპაზონში) იქნება. ძრავს კი 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.

გარდა ამისა, პოპულარული ჰეჩბეკის ახალი ვერსია 1 სანტიმეტრით დადაბლებულ საკიდარს მიიღებს. ზამბარები და ამორტიზატორტები უფრო ხისტი გახდება. ავტომობილი 18-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც 225/40 ზომის საბურავებით შეიმოსება. სამუხრუჭე სისტემა კი 340-მილიმეტრიანი (წინ) და 290-მილიმეტრიანი დისკოებით აღიჭურვება.

მთელი ამ ავლა-დიდებით, ”პეჟო 308 GTi” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 7.7 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 237კმ/სთ-ს მიაღწევს. ამასთან, 100 კილომეტრის გასავლელად, ძრავს მხოლოდ 6.9 ლიტრი საწვავი დასჭირდება, ყოველ კილომეტრზე კი ის ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

სწრაფ 308-ს სტანდარტულისგან შეცვლილი ბამპერები (ვერსიაСС-სგან აღებული), შავი ფერის დიფუზორით, უკანა ანტი ფრთით და სხვა ფორმის გამოსაბოლქვი მილებით გამოარჩევთ. გარდა ამისა, უკანა მარჯვენა ფარის გვერდზე გაჩნდება წარწერა Gti. სალონში, სტანდარტულ სავარძლებს სპორტულები შეცვლის, რომლებიც ტყავში იქნება გამოწყობილი. შეიცვლება საჭის რგოლი, ზოგიერთი დეტალი კი ალუმინის დეკორით გალამაზდება.

სხვათა შორის, დინამიკური მახასიათებლებით, 308 GTi-ს მისი კონკურენტები აშკარად სჯობნიან. მაგალითად, ”ფორდ ფოკუს ST-ს”, თავისი 225-ცხენისძალიანი ტურბო ძრავით, 0-100 კმ/სთ აჩქარება 6.8 წამში შეუძლია, 200-ცხენისძალიან ”ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ის” შესაბამისი მაჩვენებელი 6.9 წამია, ”შკოდა ოქტავია RS-ისა” კი - 7.2 წამი.

პარიზულ გამოფენამდე, ”პეჟო” თავის ახალ ავტომობილს პირველად ფრანგ დილერებს უჩვენებს, საფრანგეთში კი 308 GTi-ს ფასი 26 900 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment