Wednesday, June 2, 2010

”სიტროენმა” ახალი C4 პარიზამდე გაგვაცნო

New Citroën C4 Breaks Cover

2 ივნისი

”სიტროენმა” ინტერნეტით თავისი სრულიად განახლებული ჰეჩბეკის, C4-ის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. მსოფლიო პრემიერა ავტომობილისა, რომლითაც ფრანგულმა კომპანიამ კონკურენცია ”ფოლკსვაგენ გოლფს”, ”ფორდ ფოკუსს”, ”ოპელ ასტრას” და ”რენო მეგანს” უნდა გაუწიოს, პარიზის საავტომობილო შოუზე, სექტემბერში ჩატარდება.

შესაძლოა, ახალი ავტომობილის ფოტოებზე ეს ნაკლებად შეინიშნება, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ ახალი C4, ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური ”DS ჰაი რადერის” ხუთკარიანი ვერსიაა. ”სიტროენი” სახელ C4-ს მხოლოდ ხუთკარიანი ჰეჩბეკისთვის გამოიყენებს, მის სამკარიან ვერსიას კი რომლის დებიუტიც მერმისს გაიმართება, DS4-ს დაარქმევს.

ეს ორი ავტომობილი წინა ნაწილით ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. სამაგიეროდ, წინა საყრდენის უკან, მათ განსხვავებული ფორმები აქვთ. ამასთან, C4 უფრო კონსერვატიული ფორმებით გამოირჩევა, DS4 კი ნამდვილი სპორტსმენია. სალონში ამ ორ ავტომობილს შორის გაცილებით მეტი მსგავსებაა. გაწყობის დონით და ფორმებით კი, მათი ინტერიერი უფრო მაღალი კლასის C5-საც მოგაგონებთ.

წინამორბედთან შედარებით, ახალი C4 ოდნავ გაზრდილია. კერძოდ, მატება სიგრძეში 55 მილიმეტრი, სიგანეში 17 მილიმეტრი და სიმაღლეში 32 მილიმეტრია. სამაგიეროდ, პრაქტიკულად არ შეცვლილა ავტომობილის პლატფორმა. საბარგულის მოცულობა 408 ლიტრია, 82 ლიტრით მეტი, ვიდრე ახლანდელი C4-ისა.

სამაგიეროდ, წინა თაობის C4-დან ახალზე უცვლელად გადავა ძრავების გამა. ესენია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ატმოსფერული და ტურბოიანი აგრეგატები, ასევე ამავე ლიტრაჟის მქონე დიზელი. ასევე მოსალოდნელია, რომ ამ ავტომობილსვე ”PSA პეჟო სიტროენის” მიერ შემუშავებული, დიზელ-ელექტრული ჰიბრუდული სისტემით აღჭურვავენ. თავიდან, ამ ჰიბრიდული სისტემის გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა 109 გრამი იქნება (ყოველ კილომეტრზე), დახვეწის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 99 გრამამდე შემცირდება.

დაკიდევ, C4-ის მყიდველს ფრანგული კომპანია ”მიშლენის” წარმოების უახლეს, ეკონომიურ საბურავებს შესთავაზებს, რომლებსაც ყოველ 100 კილომეტრზე 0.2 ლიტრი საწვავის დაზოგვა შეუძლიათ, თავიანთი ექსპლუატაციის პერიოდში კი ავტომობილის მფლობელს დაახლოებით 90 ლიტრ საწვავს დააზოგინებენ.

ევროპის ქვეყნებში ახალი C4-ის გაყიდვები პარიზის ავტო შოუს დასრულებისთანავე დაიწყება.

No comments:

Post a Comment