Monday, September 20, 2010

”სიტროენის” და ”ლაკოსტის” ერთობლივი კონცეპცია

Citroen Lacoste Concept Unveiled Before Paris Debut

20 სექტემბერი

სერიულ სიახლეებთან ერთად, ”სიტროენმა” პარიზული საავტომობილო რანდევუსთვის ერთი კონცეპტუალური მოდელიც შეიმუშავა, რომლის შექმნაში მონაწილეობა სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია ”ლაკოსტის” სპეციალისტებმაც მიიღეს. ავტომობილს მისი შემქმნელების სახელი ჰქვია - ”სიტროენ ლაკოსტი”.
ეს მხიარული კონცეპტუალური ავტომობილი თავისი უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. აშკარაა, რომ შემქმნელებმა ის გართობის და სპორტული სტილის მოყვარული ახალგაზრდა ადამიანებისთვის შექმნეს. მაგრამ, სპორტული ამ შემთხვევაში ავტომობილის სპორტულობას სულაც არ ნიშნავს.
”სიტროენ ლაკოტს” ისეთივე მომცრო გაბარიტები აქვს, როგორიც ფრანგული საავტომობილო კომპანიის ყველაზე პატარა ავტომობილს - ჰეჩბეკ C1-ს. მისი სიგრძე სულ რაღაც 3.450 მეტრია, სიგანე 1.800 მეტრი, სიმაღლე კი 1.520 მეტრი. სამაგიეროდ, შედარებით გრძელი ბაზა (2.300 მეტრი) აქვს. სხვათა შორის, C1 კონცეპტ ”ლაკოსტზე” მოკლეცაა, ვიწროც და დაბალიც. სერიულ ჯუჯას მხოლოდ ბაზა აქვს უფრო გრძელი (სულ რაღაც, 40 მილიმეტრით).
რაც შეეხება ძარას, ძნელია, ის რომელიმე არსებულ კლასს შეადარო. ჩვეულებრივი ღია ავტომობილებისგან ჰანსხვავებით, მისი მგზავრების თავებს ხიფათისგან გრძივი რკალი იცავს. ჩვეულებრივ, ღია ავტომობილებში ამ დანიშნულებას განივი რკალი ასრულებს ხოლმე. დაცვითი ფუნქციების გარდა, რკალს სხვა დანიშნულებაც აქვს. კერძოდ, მასზე მოთავსებულია სახელურები, რომლებსაც მგზავრები ავტომობილში ჩაჯდომისას დაეყრდნობიან. გარდა ამისა, რკალში ჩამალულია გასაშლელი სახურავი, რომელიც მოყვითალო ფერისაა და თან გამჭვირვალე. ასე რომ, თუ მოულოდნელად გაწვიმდა, სეირნობისას მსწრაფლ გადახურვაც შეიძლება და თან ისე, რომ თავი მაინც ღია მანქანაში იგრძნო.
თუმცა, წვიმისგან და ქარისგან სრულად დაცული მაინც ვერ იქნებით, რადგან ”სიტროენ ლაკოსტს” არ გააჩნია კარები. და თუ მძღოლისა და წინა მგზავრისთვის ჩაჯდომის გასაადვილებლად, ძარას სპეციალური ჭრილი აქვს, უკანა მგზავრები მასში მხოლოდ ჩახტომას თუ შეძლებენ. რას იზამთ, ესეც სპორტული სტილია. გარდა ამისა, ავტომობილს არ გააჩნია საბარგული.

გარდა იმისა, რომ მის შექმნაში (სიმბოლური) მონაწილეობა ავტომობილებთან არანაირი შეხების არმქონე ”ლაკოსტმა” მიიღო, ეს ავტომობილი ბევრი ორიგინალური დიზაინის დეტალითაც გამოირჩევა. ასეთია მაგალითად საჭის რბოლი, რომელიც ველოსიპედის ბორბალს მოგაგონებთ. თვითონ ”სიტროენ ლაკოსტიც” ხომ უცნაური ფორმებით გამოირჩევა. ეს ითქმის მის სავარძლებზე და ბორბლებზე. ასევე მაჩვენებლების დაფაზე, საქარე შუშასა და ბამპერებზე, ასევე წინა და უკანა ფარებზე. რაც მთავარია, ყველაფერი, მათ შორის, ფერების შეხამებაც, დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული.

კონცეპციის ავტორები არაფერს ამბობენ მათი ქმნილების აგრეგატებზე და სხვა აღჭურვილობაზე. შესაძლოა, ეს ”საიდუმლო” პარიზში, პრეზენტაციის დროს გაიხსნას. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ამ ავტომობილმა ოდესმე კონვეიერამდე მიაღწიოს...

No comments:

Post a Comment