Sunday, September 5, 2010

საიუბილეოდ, ”იაგუარი” სტილს შეიცვლის

Jaguar concept to reveal future sports-car styling

5 სექტემბერი

რა თქმა უნდა, სტილის შეცვლა ერთ დღეში შეუძლებელია. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ინგლისური კომპანია, რომელსაც წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა, პარიზის ავტო შოუზე წარადგენს კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელმაც მისი ახალი კორპორატიული სტილი უნდა განსაზღვროს.

ინტერნეტ გამოცემა ”აუტო უიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის სახელიც ჯერ უცნობია, დაახლოებით კუპე XK-ს ზომის, ორკარიანი იქნება. ამასთან, მისი დანახვისას, ეჭვიც არავის შეეპარება იმაში, რომ ეს ლეგენდარული ”იაგუარების” შთამომავალია. ამის დასტური იქნება თუნდაც ის, რომ ავტომობილს რადიატორის ოვალური ბადე ქნება, რაც ლეგენდარულ მოდელ E-ტაიპისთვის იყო დამახასიათებელი.

”აუტო უიკის” ცნობით, კონცეპტუალური ავტომობილის შექმნისას, ”იაგუარის” ინჟინრებმა და დიზაინერებმა შთაგონება ”პორშეს” კონცეპტუალური 918-სგან მიიღეს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ ჟენევის წლევანდელ შოუზე წარადგინა და არამარტო დამთვალიერებლების, არამედ სპეციალისტების დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რამაც ”პორშეს” მისი წარმოება გადააწყვეტინა.

მოკლედ, ახალი კონცეპციით, ”იაგუარი” საფუძველს ახალ კორპორატიულ სტილს ჩაუყრის, რომელსაც პირველად სერიულ ავტომობილზე 2012 წელს ვიხილავთ მოდელ XK-ს სახით. ამგვარად, დასრულდეა ინგლისური კომპანიის სტილის ის ციკლი, რომელიც ხუთი წლის წინათ, პირველად სწორედ XK-ზე ვიხილეთ.

სხვათა შორის, წინა სტილი, ისევე როგორც ახალი, ”იაგუარის” დიზაინის განყოფილების დირექტორ იან ქელამის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ეს ის ქელამია, რომელიც ადრე ამბობდა, რომ რადიატორის ოვალური ბადე ვერ მიესადაგება ლუქსის კლასის დიდ ავტომობილებს, რადგან გაწელვისას, ოვალი ელეგანტურ პროპორციებს კარგავს. როგორც ჩანს, ის ახლა სხვაგვარად ფიქრობს.

პარიზში ”იაგუარი” იმავე კონცეპტუალურ ავტომობილს ჰიბრიდული აგრეგატითაც აღჭურვავს. ეს აგრეგატი ბენზინის V6 ტურბო ძრავზე იქნება ბაზირებული, რომელთანც 8-საფეხურიან ავტომატურ კოლოფს დააკავშირებენ. ამ ორ აგრეგატს ”იაგუარი” შემდგომში თავის ახალ მოდელებზეც გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment