Tuesday, October 19, 2010

”ფორდი” კონცეპტუალურ ”სტარტს” კონვეიერზე დააყენებს

Ford Start to Enter Production in 2014

19 ოქტომბერი

პეკინის წლევანდელ საავტომობილო შოუზე, ”ფორდმა” საზოგადოებას კონცეპტუალური მოდელი ”სტარტი” წარუდგინა, რომელიც მაშინ ბევრმა ახალი ”კა-ს” წინამორბედად მიიჩნია. მალე გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო, თუმცა ”სტარტის” მეშვეობით, ”ცისფერმა ოვალმა” ორი სიახლე მაინც გვიჩვენა.

ჯერ ერთი, ეს იყო უშუალოდ ახალი კონცეპცია და კორპორატიულ სტილ ”კინეტიკური დიზაინის” ევოლუციური ვარიანტი. მეორეც, ამ ავტომობილს კაპოტქვეშ ედგა სერია ”ეკობუსტის” ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, პატარა ძრავი, რომელსაც სამი ცილინდრი და მეტისმეტად მცირე მუშა მოცულობა - მხოლოდ 1.0 ლიტრი აქვს.

ახლახანს კი ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტოქარმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ფორდი” კონცეპტუალური ”სტარტის” წარმოებისთვის მოსამზადებლად მუშაობს. ამავე ჟურნალის ვარაუდით, ეს ავტომობილი ბაზარზე 2014 წელს უნდა გამოჩნდეს და მისი სავარაუდო ფასი 13 000 დოლარი იქნება. ”სტარტი” (ალბათ მას ეს სახელი არ დარჩება) მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებნით კი განვითარებადი ქვეყნების (პირველ რიგში, ჩინეთის და ინდოეთის) ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი.

”ფორდს” გადაწყვეტილი აქვს, რომ ”სტარტის” სერიული ვერსია მსუბუქი მასალებით დაამზადოს. ყოველ შემთხვევაში, ეს მასალები მან კონცეპტუალური მოდელის შექმნისას გამოიყენა. კერძოდ, ძარის პანელები ფორმირების პროცესშივე შეღებილი კომპოზიტებით დაამზადეს, შასისთვის კი ალუმინის შენადნობი და მტკიცე ფოლადი გამოიყენეს.

რაც შეეხება ძრავს, ”ფორდმა” ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აგრეგატი მაქსიმალურად ეკონომიური, კომპაქტური და ეკოლოფიურად სუფთა ყოფილიყო. ძრავს ტურბოკომპრესორი ემსახურება, საწვავის ნარევი კი პირდაპირ წვის კამერაში შეიფრქვევა, სადაც მას ნაპერწკალი აფეთქებს და არა მაღალი წნევა. ”ფორდი” გვარწმუნებს, რომ 1.0-ლიტრიან ძრავს თითქმის ისეთივე მონაცემები აქვს, როგორიც 1.4-ლიტრიანს. სამაგიეროდ, ყოველი კილომეტრის გავლისას, გარემოს 100 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს.

”ფორდი” ჯერჯერობით ამ აგრეგატზე ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა აღიარებს, რომ მალე მის წარმოებას დაიწყებს. უფრო მეტიც, 1.0-ლიტრიან ძრავს მალე ისეთ მოდელებზე ვიხილავთ, როგორებიცაა ”ფიესტა” და ”ფოკუსიც” კი.

No comments:

Post a Comment