Saturday, March 12, 2011

„ფორდის“ შეფს „ფიატ 500-ის“ ამერიკული წარმატების არ სჯერა

Ford CEO Alan Mulally Believes Fiat 500 Won’t Succeed in the USA

12 მარტი

მალე „ფიატი“ თავის პოპულარულ რეტრო ჰეჩბეკ 500-ს ამერიკაში შეიტანს და ასე დაბრუნდება ატლანტიკის მეორე მხარეს. ავტო სამყაროს ბევრი ანალიტიკოსი ამ ავტომობილს შტატებში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საწინააღმდეგოს ფიქრობს და მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია „ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი (ზედა ფოტოზე).

იტალიურ ჟურნალ „პანორამასთან“ საუბრისას, მიულალიმ განაცხადა: „არა მგონია, ამერიკაში „ფიესტაზე“ პატარა ავტომობილებისთვის დიდი ბაზარი იყოს. მათ, ვინც ასეთი ავტომობილების შემოტანა სცადეს, არაფერი გამოუვიდათ“. მიულალის არ დაუზუსტებია, ვინ იგულისხმა „მათში“, თუმცა აშკარაა, რომ ეს „დაიმლერის“ ჯუჯა ავტომობილების მწარმოებელი „სმარტია“, რომელმაც 2008 წელს 24 624 ავტომობილი გაჰყიდა, თუმცა შარშან გაყიდვები 5 927-მდე შეუმცირდა.

რამდნიმე დღის წინ, „კრაისლერის“ მექსიკურმა ქარხანამ, რომელიც ქალაქ ტოლუკაში მდებარეობს, „ფიატ 500-ის“ წარმოება დაიწყო. ამ ქარხნის მოდერნიზაციისთვის, „კრაისლერმა“ და „ფიატმა“ 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღეს. ამ თანხის ნაწილი მათ მექსიკის მთავრობისგან სესხად აიღეს.

„კრაისლერის“ და „ფიატის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, რომ ტოლუკას ქარხანა წლიურად 120 000 „ფიატ 500-ს“ გამოუშვებს და ეს ავტომობილები, მექსიკის გარდა, აშშ-ში, კანადასა და სამხრეთ ამერიკაში, ასევე ჩინეთში გაიყიდბა. სხვათა შორის, ტოლუკას ქარხანა ასევე უშვებს საშუალო ზომის ქროსოვერ „დოჯ ჯურნის“, ასევე მის ტყუპისცალ „ფიატ ფრიმონტს“, რომელთაგან პირველი ამერიკაში იყიდება, მეორეს კი მალე შეიტანენ ევროპის ბაზარზე.

No comments:

Post a Comment