Monday, April 25, 2011

„შევროლე ვოლტი“ ერთი სავსე ავზით 1 600 კილომეტრს გადის

Chevrolet Volt Could Reach 1,000 Miles

25 აპრილი

„ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ მის მიერ გამოშვებულ, სვლის გაზრდილი სიშორის მქონე პლაგ-ინ ჰიბრიდ „შევროლე ვოლტს“, აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით და ერთი სავსე ავზით, 1 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამერიკულმა კომპანიამ, შინაურ ბაზარზე, გაყიდვების დაწყებიდან პირველ ოთხ თვეში, უკვე 1 210 „ვოლტი“ გაჰყიდა. გაყიდული ავტომობილების მიერ ნაჩვენები შედეგი კი მწარმოებლისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.

„პირველი მყიდველების მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ავზის სრულად ავსებამდე, „ვოლტს“ 1 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამ ეტაპზე, მასზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. იმდენად მაღალი, რომ შეკვეთების დაკიმაყოფილებას ძლივს ვასწრებთ“, - ამბობს „შევროლე ვოლტის“ საავტომობილო ხაზის დირექტორი ტონი პოსავაცი.

მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებისას, „შევროლე ვოლტის“ სვლის სიშორე მხოლოდ 64 კილომეტრია, რასაც 16 კილოვატსაათი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი უხრუნველყოფს. ძრავი 149 ცხენის ძალას და 370 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 9 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს აღწევს.

აკუმულატორების დამუხტვა სახლის შტეპსელიდან შეიძლება. ამასთან, 240-ვოლტიანი შტეპსელიდან დამუხტვას 4 საათი სჭირდება, მაგრამ თუ ძაბვა ორჯერ ნაკლებია, მაშინ დრო 2.5-3-ჯერ იზრდება. როდესაც კომბინირებული რეჟიმით გადაადგილდება, ავტომობილი 90 კილომეტრს ერთი გალონი (3.785 ლიტრი) საწვავით გადის (შიდაწვის ძრავი ელექტროგენერატორს ამუშავებს), რაც 100 კილომეტრზე 3.9 ლიტრის ტოლფასია. მარტო ელექტროძრავით მოძრაობისას, ხარჯი (100 კმ-ზე) 2.5 ლიტრის ექვივალენტურია (იგულისხმება, რომ აკუმულატორებში დაგროვილი ელექტროენერგია თბოსადგურშია მიღებული). და თუ ელექტროძრავი შიდაწვის ძრავისა და გენერატორის მიერ გამომუშავებულ ენერგიას იყენებს, მაშინ საწვავის ხარჯი (100 კმ-ზე) 6.3 ლიტრს აღწევს.

ზემოთ მოყვანილი სვლის სიშორის - 1 600 კილომეტრის უმეტესი წილი შერეული რეჟიმით გადაადგილებაზე მოდის. ანუ, ამ დროს, „ვოლტი“ შეიძლება სხვა ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე უკეთესი ეკონომიურობით და სუფთა გამონაბოლქვით არც კი გამოირჩეოდეს.

სამაგიეროდ, ის ძალიან ძვირია: მისი საბაზო ფასი 41 000 დოლარია, თუმცა ფედერალური შეღავათების გათვალისწინებით, „ვოლტის“ ფასი (ამერიკაში) 33 500 დოლარამდე ჩამოდის.

No comments:

Post a Comment