Monday, April 11, 2011

„სუიტეკ-პორშე 962 C“ - 80-იანი წლების ლეგენდა სამოქალაქო ფორმაში

Switec-Porsche 962 C Can Be Driven on the Road

11 აპრილი

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ლე მანის 24-საათიან რბოლებში „პორშეს“ სპორტული პროტოტიპი 962 C ბატონობდა. ამ ავტომობილზე მაშინ შეიძლება ბევრი ოცნებობდა, მაგრამ ცუფენჰაუზენელებს მისი საგზაო ვერსია არ დაუმზადებიათ. უსაფრთხოების ნორმები კი სარბოლი მონსტრის გაყიდვებს შეუძლებელს ხდიდა. მაგრამ გამოჩნდა კომპანია, რომელმაც სარბოლი პროტოტიპი საგზაო ნორმებს შეუსაბამა და ის მდიდარი ავტოგურმანებისთვის ხელმისაწვდმი გახადა. ეს კომპანია ახალ ზელანდიაში მუშაობს და მას „სუიტეკი“ ჰქვია.

ამ კომპანიის დამაარსებელია ფორმულა 1-ის შვეიცარულ გუნდ „ზაუბერის“ ყოფილი მთავარი ინჟინერი ერნესტ შლაპფერი, რომელმაც სარბოლი 962-ის ბაზაზე, საგზაო ავტომობილის დამზადებას ოთხი წელი (2001-2005) მოანდომა. როგორც თავად ამბობს, ერთი ეგზემპლარის დამზადება 2 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.

ცნობისათვის, თავის დროზე, C ჯგუფის სპორტულ პროტოტიპ „პორშე 962-ის“ საჭეს ისეთი ლეგენდარული პილოტები მართავდნენ, როგორებიც არიან ბრიტანელი დერეკ ბელი (ლე მანის ხუთგზის გამარჯვებული), გერმანელი ჰანს-იოახიმ შტუკი (ლე მანის ორგზის გამარჯვებული), გერმანელი იოხენ მასი (ლე მანის ერთგზის გამარჯვებული), ასევე ამერიკელი მამა-შვილი - მარიო (ფორმულა 1-ის და ინდიქარის თითო გზის ჩემპიონი, ინდი 500-ის ერთგზის გამარჯვებული) და მაიკლ ანდრეტი (ინდიქარის ერთგზის ჩემპიონი).

შლაპფერმა საგზაო 962-ის ბაზისად სერია IMSA-ს სპეციფიკაციის ალუმუნის შასიზე ბაზირებული სარბოლი ავტომობილი გამოიყენა. გამოცდილმა ინჟინერმა, ის კარბონის კომპოზიტით გააძლიერა, სალონი კი ძვირფასი ტყავით გააწყო. სარბოლი სტილის სავარძლები ექვსწერტილოვანი ღვედებით აღჭურვა, სალონში კი ადგილი ჰაერის კონდიციონერისთვისაც გამონახა. საჭის რგოლი მოსახსნელია, იტალიურ კომპანია „მომოს“ წარმოებისა.

„სუიტეკ 962“ მამოძრავებელ ძალას 3.6-ლიტრიანი ოპოზიტური (H6) 6-ცილინდრიანი ძრავისგან ღებულობს, რომელიც წყვილი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი, რომელიც 580 ცხენის ძალას იძლევა. მაბრუნი მომენტი წამყვან უკანა ბორბლებს 5-საფეხურიანი ტრანსმისიის გავლით გადაეცემა. ამ მახასიათებლებით, დღეს ვერავის გააკვირვებ, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტომობილი მხოლოდ 830 კილოგრამს იწონის. ეს კი ნიშნავს, რომ ეს მანქანა ახალბედებისთვის ძალიან საშიში სათამაშოა.

ეს ფორმულა 1-ის და ლე მანის სერიის ყოფილმა პილოტმა, სლიმ ბორგუდმა დაადასტურა, რომელმაც „სუიტეკ 962“ გამოსცადა და მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებული დარჩა.

No comments:

Post a Comment