Monday, August 8, 2011

მეორე თაობის „ამპერა“ უფრო კოხტა და იაფი იქნება


Second Generation Ampera Will be Cheaper, More Stylish
8 აგვისტო
„ოპელს“ ჯერ სვლის გაზრდილი სიშორის მქონე „ამპერას“ წარმოება არ დაუწყია, თუმცა უკვე მისი მომდევნო თაობის მოდელის შესახებ გეგმებს აწყობს. „შევროლე ვოლტის“ ანალოგის მიწოდებას „ჯენერალ მოტორსის“ ევროპული შტო მერმისს დაიწყებს, მეორე თაობის მოდელი კი ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდება.

გერმანული კომპანიიდან, ინკოგნიტო წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ გვამცნობს, რომ მეორე თაობის „ამპერა“ უფრო რადიკალური დიზაინითაც იქნება გამორჩეული და მისი ფასიც მნიშვნელოვნად დაიკლებს.
ბრიტანეთში „ვოქსოლ ამპერას“ საბაზისო ფასი 28 995 გირვანქა სტერლინგია. თანაც, ამ ფასში გათვალისწინებულია მთავრობის მიერ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე შემოღებული შეღავათი (5 000 გირვანქა სტერლინგი). ამ ფასიდან დაახლოებით 7 000 აკუმულატორების ბლოკის ღირებულებაზე მოდის. და, ყველაფერ ამასთან, „ჯენერალ მოტორსი“ აცხადებს, რომ ჯერჯერობით, „ვოლტი“ (ამპერა) წამგებიანი პროექტია. თუმცა, „ოპელის“ ინჟინრები გვპირდებიან, რომ მეორე თაობის „ამპერა“ თითქმის ორჯერ იაფი ეღირება.
მაგრამ ეს ფასის შემცირების ზღვარი არაა. „ოპელის“ მთავარი აღმასრულებელი ნიკ რილი ამბობს, რომ ფასის მნიშვნელოვანი შემცირება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც წარმოება მასობრივი გახდება. სავარაუდოდ, როცა ეს მოხდება, „ამპერას“ წარმოებაც ევროპაში გადაინაცვლებს. მანამდე კი მას „ჯენერალ მოტორსის“ მიჩიგანური ქარხანა დაამზადებს.
წარმოების მოცულობის ზრდაში მხოლოდ „ამპერას“ წარმოების მოცულობა არ იგულისხმება. გაიაფებას გამოიწვევს ამ მოდელზე გამოყენებული პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემის სხვა მოდელებზე გამოყენებაც. თავისთავად, ეს პროდუქციასაც გაამრავალფეროვნებს და წარმოების მოცულობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.
მომავალ წელს მხოლოდ 10 000 „ოპელ ამპერას“ წარმოება იგგმება და აქედან 7 000-ზე შეკვეთა უკვე მიღებულია. ამასთან, შეკვეთილი ავტომობილების უმეტესობა სამთავრობო დაწესებულებებზე და კომპანიებზე მოდის. მოქალაქეები კი ჯერჯერობით ნაკლებად აქტიურობენ, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ჰიბრიდულ და ელექტრულ ტექნოლოგიებს პროპაგანდა ესაჭიროება.
„ოპელს“ ასევე სურს, რომ მეორე „ამპერას“ უფრო აგრესიული გარეგნობა ჰქონდეს და უფრო შეესაბამებოდეს კორპორატიულ სტილს. პირველი მოდელის შემუშავებისას, გერმანული კომპანიის დიზაინერებს გარკვეული შეზღუდვები ჰქონდათ, რის გამოც, მათ თავიანთი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს. გარემოებათა გამო, ისე მოხდა, რომ პირველი „ამპერა“ რეალურად, ოდნავ სახეშეცვლილი „შევროლე ვოლტია“.

No comments:

Post a Comment