Sunday, October 9, 2011

ფორმულა ”ფორდი” ეკონომიურ ძრავებზე გადადის

რამდენიმე ათეული წელია, ”ფორდი” ევროპასა და ამერიკაში საკუთარი მონოსერიის რბოლებს ატარებს და ამ დროის განმავლობაში, მისი სარბოლი მანქანები სახეს მხოლოდ უმნიშვნელოდ იცვლიან ხოლმე. სამაგიეროდ, ”ცისფერი ოვალი” მუდმივად ცდილობს ავტოინდუსტრიის ინოვაციების რბოლებში დანერგვას.
ასეა ამჯერადაც - ამერიკულმა კომპანიამ ფორმულა ”ფორდისთვის” ახალი სარბოლი მანქანა მოამზადა, რომელიც მისი წინამორბედისგან გარეგნულად მცირედ განსხვავდება. თუმცა, აშკარაა, რომ მასში ახალი კორპორატიული სტილის გავლენა იგრძნობა. ასეთია მაგალითად, კუთხვილი ელემენტები, როგორებიცაა ბოლიდის ცხვირში მოთავსებული ტრაპეციული ჰაერის ამღები და ერთგვარად სამკუთხა რადიატორები. სხვა მხრივ, მანქანას ისევ არ აქვს ფრთები, ბორბლები კი ისევ ვიწროა, როგორც საგზაო კომპაქტურ ავტომობილებზე.
ავტომობილის მზიდი ელემენტი ფოლადის მილებისგან შეკრული სივრცული ჩარჩოა, რომელზეც ძარის კარბონის კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ელემენტები მაგრდება. ავტომობილის უკანა ნაწილში მოთავსებულია ”ფორდის” სერია ”ეკობუსტის” 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 158 ცხენის ძალას და 219 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს კი 6-საფეხურიანი სეკვენტალური ტრანსმისია გადაამუშავებს.
რა თქმა უნდა, ძრავის მონაცემები ვერ გაგაკვირვებდათ, მაგრამ ესეც საკმარისია იმისათვის, რომ მსუბუქი ავტომობილებით მოასპარეზე დამწყებმა მრბოლებმა, მაყურებელი საინტერესო სანახაობით მოხიბლონ.

No comments:

Post a Comment