Friday, December 16, 2011

„ტორო როსომ“ პილოტები შეცვალა

Ricciardo, Vergne to race for Toro Rosso in 2012 Formula 1 season
16 დეკემბერი
რიკიარდო (მარცხნივ) და ვერნი
მომავალ სეზონში, „ტორო როსოს“ ორი ახალი მრბოლი ეყოლება – შვეიცარიელ სებასტიან ბუემის და ესპანელ ხაიმე ალგერსუარის ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო და ფრანგი ჟან–ერიკ ვერნი შეცვლიან. იტალიურმა გუნდმა გამოაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი, თავისი ახალი ტალანტების ძიების მოტივით გადაიდგა.

„მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი სეზონის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გადავდგით, რადგან ახლა მთლიანად ახალი მანქანის შექმნასა და სრულყოფაზე ვიქნებით მობილიზებულნი. გასულ სეზონში, დანიელმა და ჟან–ერიკმა თავიანთი ნიჭი გამოავლინეს და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ისინი საქმეს მაქსიმალური მონდომებით მოეკიდებიან. დანიელმა ფორმულა ერთში წელს საკმაოზე მეტი გამოცდილება მიიღო, ჟან–ერიკმა კი დაგვანახა, რომ სწრაფად ადაპტაციის უნარი აქვს. მათ ინჟინრებთან მუშაობა შეუძლიათ, რაც მანქანის სწრაფად დახვეწის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა „ტორო როსოს“ შეფმა ფრანც ტოსტმა.
მანვე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ბუემის და ალგერსუარის, თუმცა დასძინა, რომ ორივე მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ მის გუნდს ახალი ტალანტების გამოვლენის დანიშნულება აქვს. უფრო ზუსტად კი, ის ახალ ტალანტებს „რედ ბულისთვის“ ეძებს, თუმცა რამდენადაც ავსტრიული საჯინიბო სრულადაა დაკომპლექტებული, მას შევსებაც აღარ დასჭირდა. ცნობისათვის, ბუემი და ალგერსუარი ფაენცაში ბაზირებულ გუნდში 2009 წლიდან უცვლელად ასპარეზობდნენ.
„მინდა, ორივეს მადლობა გადავუხადო. გასულ სამ სეზონში მათ თავი არ დაუზოგავთ. მათ არაერთი კარგი რბოლა ჩაატარეს, რაც გუნდს განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარა. მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. მაგრამ ალბათ გახსოვთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი 2005 წელს შეიქმნა, მისი დანიშნულება ის იყო, რომ „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის ფარგლებში, ახალბედა ნიჭიერ პილოტებს ფ1–ში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარებოდა. ამგვარად, ჩვენ პერიოდულად პილოტების გამოცვლა მოგვიწევს ხოლმე“, – დასძენს ტოსტი.
გასულ სეზონში რიკიარდო „ტორო როსოს“ სარეზერვო პილოტი იყო და რამდენიმე რბოლაში, „ისპანიას“ მანქანით იასპარეზა. მართალია, მანქანა აუტსაიდერია, მაგრამ ავსტრალიელმა უფრო გამოცდილ ვიტანტონიო ლიუცის ტოლი არაფერში დაოდო. რაც შეეხება ვერნს, ის მომავალ სეზონში მესამე ფრანგი მრბოლი იქნება – სამიდან ერთია რომენ გროჟანი, რომელიც „ლოტუს რენოში“ იასპარეზებს, მეორე კი კიდევ ერთი ახალბედა შარლ პიკი, რომელმაც კონტრაქტი „ვირჯინთან“ (მარუსიასთან) გააფორმა.

No comments:

Post a Comment