Saturday, March 3, 2012

ბარიკელო ინდიქარში სრულ სეზონს გაატარებს

Rubens Barrichello commits to full IndyCar season with KV Racing
2 მარტი
ახალი სეზონიდან, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, ვისაც ფორმულა ერთში ყველაზე მეტ რბოლაში მიუღია მონაწილეობა, თავის კარიერას ინდიქარში გააგრძელებს. ის მსოფლიო სერიის გუნდ „KV რეისინგის“ ბოლიდით იასპარეზებს და მისი ნომერი იქნება 8.

„აღფრთოვანებული ვარ. ეს ჩემთვის ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევაა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ გარიგებაში მონაწილეობდა. განსაკუთრებით კი ტონი კანაანს, ვინც განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინა. სეზონს მოხალისის რანგში გავატარებ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში მოვუმატებ. ძალიან მინდა, რომ გუნდს რამე შევმატო. ისინი საქმეს კარგად აკეთებენ და ტონიმ გასულ სეზონში სულ სხვა დონეზე აიყვანა. იმედი მაქვს, რომ მათთვის ტვირთად არ ვიქცევი და კიდევ უფრო მეტის მიღწევაში დავეხმარები. მოკლედ, ძალიან გახარებული ვარ“, - განაცხადა ბარიკელომ.
ტონი კანაანი და რუბენს ბარიკელო
„KV რეისინგში“ რჩება ბრაზილიელი ტონი კანაანიც, რომელიც ამ გუნდში „ანდრეტი ავტოსპორტიდან“ გასული სეზონის დაწყებამდე გადავიდა. მან განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ბარიკელოსთან ერთ გუნდში ყოფნაზე, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ერთად იქნებოდნენ. თანაც, ინდიქარში.
კევინ კელხოვენი, გუნდის შეფი ამბობს: „სებრინგში რუბენსის პირველ ტესტს დავესწარი და როცა მანქანიდან ამოსულს სახეზე ღიმილი შევნიშნე, ძალიან გამეხარდა. ეს სიხარული სამ დღეს გაგრძელდა. კანაანთან ერთად, ის ბევრ სიამოვნებას მიანიჭებს გუნდსაც და ფანებსაც“.
„ინდიქარი ჩემთვის ფორმულა ერთის ალტერნატივა არაა. ეს სულ სხვა რამაა. აქაურ მანქანებს ბევრი ღირსება აქვს, მათში ელექტრონიკა ნაკლებადაა, რბოლები უფრო სწრაფია, პადოკში სიტუაცია კი შეუდარებელია. აქ უფრო თავისუფლად ხარ, ვიდრე ფ1-ში. რეგლამენტი მანქანის მინიმალურად შეცვლის საშუალებას იძლევა. ყველანი პრაქტიკულად ერთნაირი მანქანით ვასპარეზობთ და ამიტომ, აქ პილოტის როლი გაცილებით მეტია“, - ამბობს რუბინიუ.
აღსანიშნავია, რომ ინდიქარის ხელმძღვანელობამ ბრაზილიელი პილოტი ახალბედების ოფიციალურ სიაში არ შეიყვანა. თუმცა, ინდი 500-ზე ის მაინც ახალბედას როლში იქნება, რადგან ამ ლეგენდარულ რბოლას თავისი წესები აქვს. ამიტომ, ბარიკელოს ინდის მოსამზადებელ ტესტებსა და ახალბედების კვალიფიკაციაში მონაწილეობა მოუწევს. მოსამზადებელი ტესტებისთვის მან ტექსასის ოვალი აირჩია, სადაც ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულის, ჰოლანდიელი არი ლაიენდაიკის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს.

No comments:

Post a Comment