Wednesday, March 21, 2012

„პორშე ბოქსტერს“ „ფოლკსვაგენის ქარხანაში გამოუშვებენ

Volkswagen to build new Porsche Boxster
21 მარტი
მართალია, „ფოლკსვაგენმა“ ჯერ ვერ მოახერხა თავის ოჯახში „პორშეს“ გაწევრიანება, მაგრამ ორ გერმანულ კომპანიას შორის ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. ამის მორიგი დასტურია ის ფაქტი, რომ ახალ „ბოქსტერს“ „ფოლკსვაგენის“ ოსნაბრუკის ქარხანა გამოუშვებს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ „პორშეს“ ცუფენჰაუზენის ქარხნის სიმძლავრე სრულადაა ათვისებული და ის მოთხოვნებსაც კი ძლივს აკმაყოფილებს.

მეორე მიზეზი კი არის ის ფაქტი, რომ „პორშესთან“ პარტნიორული ურთიერთობა ფინურმა კომპანია „ვალმეტ ავტომოტივმა“ გაწყვიტა. ადრე სწორედ ავტომობილის ძარების მწარმოებელი კომპანიის უუსიკაუპუნკის ქარხანა აწარმოებდა „ბოქსტერს“. მაგრამ შარშან „პორშესა“ და „ვალმეტს“ შორის ადრე გაფორმებულ შეთანხმებას ვადა ამოეწურა, რის შემდეგაც, ფინურმა კომპანიამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
არადა, „ვალმეტი“ გერმანული კომპანიისთვის ავტომობილებს 1997 წლიდან აწარმოებდა. ამ დროის განმავლობაში, „ვალმეტმა“ 228 ათასი „პორშე“ გამოუშვა. სამაგიეროდ, ფინურ საწარმოში შტუტგარტელთა ინვესტიციებმა 40 მილიონ ევროს მიაღწია.
რაც შეეხება ოსნაბრუკის ქარხანას, ის ადრე ასევე ძარების მწარმოებელ კომპანიას, გერმანულ „კარმანს“ ეკუთვნოდა, რომელიც 2009 წელს გაკოტრდა და იძულებული გახდა, უძრავი ქონება გაეყიდა. სწორდ ამ დროს გამოისყიდა მისმა ძველმა პარტნიორმა „ფოლკსვაგენმა“ ოსნაბრუკის ქარხანა, სადაც ამჟამად ჰეჩბეკ „გოლფს“ აწარმოებენ. ამ ქარხნის წლიური წარმადობა 10 000 ავტომობილია. იქ „ბოქსტერის“ წარმოება შემოდგომაზე დაიწყება, ოღონდ წარმოების მოცულობა ჯერ განსაზღვრული არაა.
ახალი „ბოქსტერისთვის“ ორი ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავია განკუთვნილი, რომელთა მუშა მოცულობა 2.7 და 3.4 ლიტრია. ამათგან პირველი 265, მეორე კი 315 ცხენის ძალას ავითარებს. ევროპაში „ბოქსტერის“ საბაზო ვერსიის ღირებულება 48 000 ევროა.

No comments:

Post a Comment