Wednesday, March 7, 2012

„ინფინიტი ემერჯ-E” - შუაძრავიანი სუპერ ელექტრომობილი (ვიდეო)

Infiniti’s 402HP Hybrid Supercar Emerg-E’s at the Geneva Motor Show
7 მარტი
„ინფინიტის“ პირველი ავტომობილი, რომელიც ევროპაში შეიქმნა, იაპონური მარკის პირველი შუაძრავიანი ავტომობილი და მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს მოთავსებული. მოკლედ, „ინფინიტი ემერჯ-E-ს” წარდგენისას, ავტოსამყარომ ბევრი საინტერესო ამბავი გაიგო...

„ინფინიტი ემერჯ-E-ს” სიგრძე 4464 მილიმეტრია. ის აღჭურვილია ჰიბრიდული ძალური დანადგარით, რომელშიც ორი ელექტროძრავი და ერთი სამცილინდრიანი ბენზინის ძრავი შედის. ამ უკანასკნელის დანიშნულებას, ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდა წარმოადგენს. რაც შეეხება ელექტრულ ძრავებს, რა თქმა უნდა, მათ ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს.
ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 402 ცხენის ძალაა, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4.0 წამში აკრიფოს. ადგილიდან 210 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 30 წამი სჭირდება. მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ „ემერჯ-E-მ“ 48 კილომეტრი გაიაროს, მაგრამ როდესაც საქმეში შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება, სვლის სიშორე 480 კილომეტრამდე იზრდება. ამ დროს, მანქანა ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 55 გრამ ნახშირორჟანგს ტოვებს.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „ემერჯ-E“ იაპონური კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის ძიების პროცესის საწყისი ეტაპია. ყოველ შემთხვევაში, ჟენევაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ასე განაცხადა „ინფინიტის“ უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა შირო ნაკამურამ:
„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ „ინფინიტის“ დიზაინის ახალი ენის კვლევის ნიმუში, რომელზეც ასევე ჩვენს მიერ შემუშავებული მოწინავე ტექნოლოგიები გამოვიყენეთ. მაგრამ არის კიდევ ისეთი რამ, რასაც ვერ ხედავთ - ამ მანქანის ძარა კარბონის ბოჭკოსგანაა დამზადებული, რაც მას სიმსუბუქეს ანიჭებს“.
ნაკამურა ამბობს, რომ ევროპაში, სადაურ ბაზარზე დამკვიდრებასაც „ინფინიტი“ ჯერჯერობით ვერ ახერხებს, იაპონურ კომპანიას ეგრეთ წოდებული „ჰალო ქარი“ სჭირდება, ავტომობილი, რომელიც შოურუმში მყიდველს თავისი საინტერესო გარეგნობით მოიზიდავს. იმავე ნაკამურას თქმით, მალე კომპანიის ბრიტანული საინჟინრო დივიზიონი, „ემერჯ-E-ს” ორ მოძრავ პროტოტიპს დაამზადებს, რომლებსაც სავარაუდოდ, ტესტებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამოიყენებენ.

ვიდეო


No comments:

Post a Comment