Wednesday, November 7, 2012

„ლენდ როვერის“ გამა 16-მდე გაიზრდება

Land Rover Range to Expand to 16 Models by 2020
7 ნოემბერი
„ლენდ როვერი“ საკუთარი საწარმოო პროგრამის მასობრივ გაფართოებას იწყებს - კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 2020 წელს მისი სამოდელო გამა 16-მდე გაიზრდება. ბრიტანული კომპანია, უგზოობის ავტომობილებისა და ქროსოვერების სეგმენტების ყოველი მცირე კუთხე-კუნჭულის შევსებას აპირებს. ავტომობილები განკუთვნილი იქნება როგორც ქალაქგარეთ, გრუნტიან გზებზე მოგზაურობის, ასევე კომფორტული მგზავრობისა და დასვენებისთვისაც.

პირველ რიგში, „რეინჯ როვერის“ სამოდელო გამის გაფართოება იგეგმება. ახალი „დეფენდერის“ ბაზაზე კი მთელი ოჯახი ჩამოყალიბდება. იგივე გეგმაა „ფრილენდერთან“ დაკავშირებითაც, რომლის ბაზაზეც ოთხი ახალი ავტომობილი გამოვა.
მაინც, რას უკავშირდება „ლენდ როვერის“ ასეთი გააქტიურება? საქმე ისაა, რომ ანალიტიკოსთა გათვლებით, მალე უგზოობის ავტომობილების და ქროსოვერების გლობალური ბაზრის მოცულობა 22 მილიონამდე გაიზრდება. ბუნებრივია, ბრიტანულ კომპანიას ამ პოტენციალის ათვისება სურს. ამასთან, არის იმის რეალური საშიშროება, რომ გაფართოების გარეშე, „ლენდ როვერი“ გერმანელი კონკურენტების ჩრდილში მოექცევა.
ახალ ავტომობილებს შორის იქნება: „ევოკ XL“, რომელიც შეავსება ცარიელ ნიშას „ევოკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის, ღია „ევოკი“ და ალბათ „ბეიბი რეინჯი“, ანუ პატარა „რეინჯ როვერი“, რომლის სიგრძე, სულ რაღაც, 4.00 მეტრზე ნაკლები იქნება. ეგრეთ წოდებული „დასასვენებელი“ ავტომობილების რანგში, კომპანია სრულიად ახალ „ფრილენდერს“ გამოუშვებს, რომლის ბაზაზეც, სულ ცოტა, ოთხი მოდელი შემუშავდება. ყველა ეს ავტომობილი, ცხოვრების აქტიური წესის მქონე ავტომობილისტებზე იქნება გათვლილი. ოღონდ, ამ მოდელებს, უგზოობის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი თვისებები ნაკლებად ექნება გამოკვეთილი.
ახალი „ფრილენდერი“ იქნება როგორც ხუთადგილიანი, ასევე შვიდადგილიანი. ალუმინის მზიდ სტრუქტურაზე აიგება ახალი „დისქავერი“, რომელსაც ისეთი სერიოზული კონკურენტები ეყოლება, როგორიც „ბეემვეს“ X5-ია. შემუშავების პროცესშია კონცეპტუალური DC100, რომლისთვისაც „ევოკის“ სტრუქტურას“ გამოიყენებენ. ოღონდ, ადრე იყო ლაპარაკი, რომ ეს ახალი „დეფენდერის“ კონცეპტუალური ვერსიაა. ახლა კი გაჩნდა ვარაუდი, რომ მის საფუძველზე სრულიად ახალ მოდელს ჩაეყრება საფუძველი.
სამ ვარიანტად გამოვა ახალი „დეფენდერი“, რომელიც იქნება ხუთ და შვიდადგილიანი, ასევე პიკაპის ძარით. ამ ავტომობილების ნაწილს ჩინეთში და საუდის არაბეთში გამოუშვებენ. ცნობისათვის, ჩინეთში „ლენდ როვერმა“ ერთობლივი კომპანია, ადგილობრივ „ჩერისთან“ ერთად ჩამოაყალიბა. დაბოლოს, ბრიტანეთის სტეფორდშირში, სრულიად ახალი ქარხნის მშენებლობა იგეგმება.

No comments:

Post a Comment