„ჰიუნდაი ველოსტერი“ 500 ცხენის ძალით
Hyundai Veloster Rally Car by Rhys Millen Racing
11 თებერვალი


რალისთვის მომზადებული „ველოსტერი“ 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 500 ცხენის ძალას და 813 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ტრანსმისია სრულამძრავიანია.
ავტომობილის წონის შესამცირებლად, მისი ძარის ელემენტები კარბონის და კევლარის კმპოზიტისგან დამზადდა. ასეთი დეტალები ფოლადისაზე დაახლოებით 75 პროცენტით მსუბუქია. შედეგად, „ველოსტერმა“ წონაში მოიკლო და 1 207 კილოგრამამდე შემსუბუქდა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, მის მართვადობასა და დინამიკურ მახასიათებლებზე დადებითად აისახება.

გარდა ამისა, ავტომობილი გაძლიერებული საკიდარით აღიჭურვა, რომელიც გაზრდილი სიხისტითაც გამოირჩევა. მათში რხევების ჩაქრობას კომპანია „პროფლექსის“ წარმოების ამორტიზატორები ემსახურება. უზარმაზარი სიმძლავრის მოთვინიერებაში, პილოტს (ახალზელანდიელი რის მილენის გარდა, ამ ავტომობილის საჭეს მოტოქროსმენი, მოტო ფრისტაილის ავსტრალიელი სპეციალისტი რობი მედისონიც მიუჯდება) კომპანია „ალკონის“ წარმოების 6-ცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემები დაეხმარება. წინა სამუხრუჭე დისკოს დიამეტრი 355 მილიმეტრი, უკანებისა კი - 305 მილიმეტრია.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების კარკასით, „სპარკოს“ სარბოლი სავარძლებით, რალისთვის ჰომოლოგირებული ცეცხლსაქრობი სისტემით, ასევე 18-დუიმიანი ბორბლებით, რომლებიც „ჰენკუკის“ 245/40 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
შეგახსენებთ, რომ სერიული „ველოსტერის“ პრემიერა ერთი თვის წინ, დეტროიტის ავტო შოუზე შედგა. ეს ავტომობილი იმით გამოირჩევა, რომ მძღოლის მხარეს ერთი, მეორე მხარეს კი ორი კარი აქვს. მალე, კერძოდ კი ჟენევის ავტო შოუზე, მისი ევროპული პრემიერაც გაიმართება.
No comments:
Post a Comment