Saturday, September 29, 2012

„მაკლარენ P1“ - კარგი, ცუდი ბიჭი ფორთოხლისფერში

McLaren P1 Design: Love It, Hate It, or Somewhere In Between?
29 სექტემბერი
რატომ ცუდი? ან კარგი? ცუდი მათთვის, ვისაც ამ მანქანით „მაკლარენი“ კონკურენციას გაუწევს, კარგი კი ზოგადად ავტოინდუსტრიისთვის, რადგან მის უზარმაზარ ოჯახს კიდევ ერთი ბრწყინვალე წევრი შეემატა. მანქანა, რომელიც ყველაზე გამორჩეული სუპერ ავტომობილების ელიტარულ ჯგუფში, გარანტირებულად დაიკავებს გამორჩეულ ადგილს.
პარიზში „მაკლარენ P1“ მისმა მწარმოებელმა კონცეპტუალურ ავტომობილად გაგვაცნო, თუმცა რეალობაში, ის წინასერიული ტიზერია, რომელიც ერთ წელიწადში ბრიტანული კომპანიის შოურუმებში გამოჩნდება. მას უკვე უწოდებენ ლეგენდარული „მაკლარენ F1-ის“ შთამომავალს. „მაკლარენის“ განმარტებით, P1 მალე „მსოფლიოს სარბოლ ტრეკებზე და გზებზე საუკეთესო მძღოლების მანქანა გახდება“.
რამდენადაც P1-ის წარმოების დაწყებამდე ჯერ დიდი დროა, „მაკლარენმა“ მისი მახასიათებლების გამოქვეყნებისგან თავის შეკავება ამჯობინა. თუმცა, ის კი გვაუწყა, რომ მანქანის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ ტონაზე 600 ცხენის ძალაა. ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც 3.8-ლიტრიანი ტურბოძრავის გარდა, სისტემა კერს-იც (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) შედის. ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებით, ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 900 ცხენის ძალას მიაღწევს.
„მაკლარენ P1-ის“ დიზაინზე ისეთი გამოჩენილი სპეციალისტები მუშაობდნენ, როგორებიც არიან „მაკლარენ ავტომოტივის“ მთავარი დიზაინერ-ინჟინერი დენ პერი-უილიამსი და დიზაინის დირექტორი ფრენკ სტივენსონი. სხვათა შორის, „მაკლარენში“ მისვლამდე, სტივენსონს ისეთი პოპულარული ავტომობილების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა თანამედროვე „მინი“, ახალი „ფიატ 500“ და „ფერარი F430“.
სტივენსონის თქმით, ავტომობილს პრაქტიკულად ისეთივე აეროდინამიკური მახასიათებლები აქვს, როგორითაც სპორტული და სარბოლი ავტომობილები გამოირჩევა. „ჩემი აზრით, რაც ჩვენ შევძელით, ის მანამდე წარმოუდგენელი მიღწევაა“, - ამბობს სტივენსონი. პერი-უილიამსის თქმით, ავტომობილის ფორმები, პირველ რიგში, ამათუიმ დეტალის ფუნქციამ განაპირობა და არა სტილის დახვეწის მოთხოვნილებამ. კომპანიის შეფმა რონ დენისმაც თავის სპეციალისტებს კვერი დაუკრა და განაცხადა, რომ ავტომობილის ექსტერიერში ყველა დეტალსა და ზოლს თავისი დანიშნულება აქვს და ყველაფერი ერთ მიზანს - ავტომობილის მაქსიმალურ ეფექტურობას ემსახურება.
პარიზში წარდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი საჩვენებელი მაკეტია და არა მოქმედი მანქანა. ჯერჯერობით მას არც სალონი აქვს. თუმცა სტივენსონი ირწმუნება, რომ P1-ის გარეგნობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩება. ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ძარის ყველა დეტალს აეროდინამიკურად გათვლილი და დამუშავებული ფორმა და ზედაპირი აქვს და მათი უმნიშვნელოდ შეცვლაც კი, ავტომობილის (აეროდინამიკურ) ბალანსს დაარღვევს.
„მაკლარენის“ ინფორმაციით, აეროდინამიკური ელემენტები, ავტომობილის ჩაჭიდების ძალას დაახლოებით 600 კილოგრამით ზრდის. და ასეა მაშინაც კი, როდესაც სიჩქარე მაქსიმალურთან ახლოსაც არაა. ამის უზრუნველყოფა, თვითრეგულირებადი უკანა ანტი ფრთისა და ელერონების საშუალებით ხდება. აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერ მეტია MP4-12C-ს ანალოგიურ მაჩვენებელზე და GT3 კლასის სარბოლი ავტომობილის დონეზეა.
მანქანას აქვს ორმაგი უკანა დიფუზორი, როგორებსაც ჯერ კიდევ გასულ სეზონში, სანამ აკრძალავდნენ, ფ1-ში ფართოდ იყენებდნენ. რეგულირებადია წინა ბორბლების წინ არსებული ელერონები. რაც შეეხება უკანა ანტი ფრთას, დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ძარის უკანა ნაწილშია ჩამალული, სიჩქარის ზრდასთან ერთად კი აქტიურდება და სიმაღლეს ავტომატურ რეჟიმში იცვლის (120-300 მილიმეტრის დიაპაზონში). სიჩქარეის შესაბამისად, ასევე იცვლება ფრთის შეტევის კუთხე (მაქსიმუმ 29 გრადუსამდე).

P1-ის კიდევ ერთი ღირსება, მისი რეგულირებადი საკიდარია, რომელსაც კლირენსის სამი ვარიანტი აქვს. გამოსაბოლქვი მილი მანქანის კუდის ცენტრალურ ნაწილშია გადატანილი და ამოტრიალებული ტრაპეციის ფორმა აქვს. სახურავის შუაში კი ძრავის ცენტრალური ჰაერის ამღები განთავსდა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ელემენტი F1-საც გამოარჩევდა.
რა თქმა უნდა, ეს ამ ავტომობილის შესახებ არასრული ინფორმაციაა. ეს გასაკვირი არცაა - ის ჯერ დასრულებული არ არის. ცნობილია ასევე, რომ „მაკლარენი“ მხოლოდ მარცხენასაჭიან P1-ებს დაამზადებს. ტირაჟი შეზღუდულია - მხოლოდ 500. ბრიტანეთში მისი ფასი სავარაუდოდ 800 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, დანარჩენ ევროპაში კი - მილიონი ევრო. ამასთან, პირველ რიგში, P1-ის შეძენის საშუალება „მაკლარენის“ იმ კლიენტებს ექნებათ, რომლებიც ამ კომპანიის მანქანას უკვე ფლობენ. პრიორიტეტი ასევე ცნობილ კოლექციონერებსაც მიენიჭებათ. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ რეალურად, P1 თავისუფალ გაყიდვაში არც გამოვიდეს.



ვიდეო

ასევე წაიკითხეთ

ელექტრული „მერსედეს SLS AMG“ – AMG-ს ყველაზე მძლავრი ქმნილება

და
„ენცოს“ შემცვლელის კარბონის შასი (ვიდეო)

No comments:

Post a Comment