Sunday, February 13, 2011

მინი კუპერი ქოვერ EFX-სგან - ლუი ვიტონის ჩანთა ბორბლებზე

MINI Cooper Works Modified by CoverEFX

13 თებერვალი

საავტომობილო ბაზარზე ბევრ ისეთ ავტომობილს ვერ ნახავთ, რომლებიც სატუნინგო კომპანიების მხრიდან ინტერესს იწვევენ. მაგრამ ინგლისურ კომპანია მინის ავტომობილები ასეთთა რიგებს არ მიეკუთვნება. ყველაზე მეტად კი, მოდიფიცირების ოსტატებს მინი კუპერ უორკსი იზიდავს.

ერთ-ერთი ასეთი სატუნინგო კომპანია გერმანული ქოვერ EFX-ია, რომელმაც ბეემვეს ჯგუფში შემავალი ინგლისური კომპანიის ყველაზე პოპულარულ ავტომობილს გარეგნობაც შეუცვალა და აღჭურვილობაც. და, თავისი ქმნილებით, პრესის ყურადღებაც დაიმსახურა.

პირველ რიგში, ტუნერებმა ხელი ძრავს მოჰკიდეს. 1.6-ლიტრიანი ტურბოდამჭირხნიანი აგრეგატისთვის, რომლის სტანდარტული ვერსიაც 211 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ორი კომპლექტი მომზადდა, რომლებიც მის მახასიათებლებს რადიკალურად ცვლიან. პირველ კომპლექტში 2.5 დუიმი დიამეტრის მქონე მილებით დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა, სპორტული კატალიზატორი და სპორტული ფილტრი შედის. რაც მთავარია, ამ კომპლექტისთვის შეცვლილია ძრავის სამართავი კომპიუტერული სისტემის პროგრამა. შედეგად, აგრეგატის სიმძლავრე 236 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრამდე იზრდება.

თითქმის იგივეა მეორე კომპლექტში შემავალი დეტალების ჩამონათვალი. ოღონდ, ამ შემთხვევაში, კომპიუტერის პროგრამა იმგვარადაა შეცვლილი, რომ ძრავის სიმძლავრე 252 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 382 ნიუტონმეტრამდე იზრდება. ამ კომპლექტისთვის იცვლება გადაცემათა კოლოფის კონსტრუქცია, რის შედეგადაც, მისი საფეხურების შეცვლა სტანდარტულ კოლოფთან შედარებით, უფრო მოკლე დროში სრულდება.

შეცვლილია ავტომობილის საკიდარი, რომელიც კომპანია KW-ს სპორტული ამორტიზატორებით აღიჭურვება. ავტომობილი უფრო ეფექტურ მუხრუჭებსაც მიიღებს. რტაც შეეხება ბორბლებს,ესაა კომპანია OZ-ის LM უეივ, რომელზეც კომპანია ტოიოს 205/40 R888 საბურავებია გადაკრული.

ავტომობილის საბაზისო ფერი შავია, რომელიც ოქროსფერი რამდენიმე სახის ფიგურებითაა გაწყობილი. ფერთა იგივე კომბინაცია გვხვდება ბორბლებზეც. საერთო ჯამში, ავტომობილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის ბორბლებზე შემდგარი ლუი ვიტონისეული ჩანთა იყოს. ავტომობილის სახურავი და ცალკეული დეტალები ოქროს ფერადაა შეღებილი. ავტომობილს განსაკუთრებულ მდიდრულ იერს ოქროსფერი არშია ანიჭებს, რომელიც მას გარს უვლის. ის განსაკუთრებით სქელი და თვალშისაცემი ბორბლების თაღებზეა.

კომპანია ქოვერ EFX, მის მიერ მოდფიცირებული მინი კუპერ უორკსის ფასს მოგვიანებით გამოაცხადებს.

No comments:

Post a Comment