„ასტონ მარტინი“ ელექტრომობილსაც გამოუშვებს
Aston Martin will launch an electric Cygnet
17 მაისი
„ასტონ მარტინი“ თავისი სენსაციური საქალაქო მინიქარის, „სიგნიტის“ ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობს. ამ ინფორმაციას ბრიტანული ავტორიტეტული საავტომობილო გამოცემა „ქარ“ აქვეყნებს. სხვათა შორის, ინგლისურ კომპანიამდე, ანალოგიური ავტომობილის (iQ) ბაზაზე ელექტრომობილს მანამდე „ტოიოტაც“ გამოუშვებს.
ცნობილია, რომ სწორედ „ტოიოტა iQ“ არის „ასტონის“ ჯუჯას საბაზო ავტომობილი. პრაქტიკულად, ისინი იდენტურებია და მხოლოდ გარეგნობით განსხვავდებიან და ისიც, მინიმალურად. ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანიას, ამ პატარას გამოშვება იმისთვის დასჭირდა, რომ მისი წარმოების ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა შემცირდეს და ამით, ევროპის გამკაცრებული სტანდარტები მეტნაკლებად დაკმაყოფილდეს.
ბუნებრივია, „ასტონ მარტინი“ არც ელექტრომობილის შემუშავებისას დაიწყებს გამომგონებლობას და იმას აიღებს, რასაც იაპონური კომპანია მანამდე თავისი ჯუჯასთვის შეიმუშავებს. ოღონდ, მიღებულ სიახლეს თავისი ბრენდით, თავის კორპორატიულ სტილში გადააფორმებს.
სხვათა შორის, თავისი ელექტრული iQ „ტოიოტამ“ ჟენევის ავტო შოუზე ახლახანს წარადგინა. ის 64-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს. ამ ბლოკის ტევადობა კი 11 კილოვატსაათია. ბლოკი მანქანის უკანა ნაწილის ძირზე, ზუსტად იქ მოთავსდება, სადაც შიდაწვისძრავიან iQ-ს საწვავის ბაკი აქვს დამაგრებული.
აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, დაახლოებით 105 კილომეტრი გაიაროს. 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის მას 14 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 125 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორები ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდან და სპეციალური მოწყობილობითაც იმუხტება. ამასთან, ამ უკანასკნელის გამოყენებისას, 15 წუთში აკუმულატორის 80 პროცენტით შევსებაა შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment