Wednesday, June 29, 2011

„ფერარის“ მყიდველებს წითელი ფერი აღარ ხიბლავთ

Fewer Ferrari buyers are seeing red these days
29 ივნისი
წითელი „ფერარის“ ფერია. ფორმულა ერთში იტალიური კომპანიის გუნდის მანქანები მხოლოდ წითლადაა შეღებილი (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა). ასე განსაჯეთ, მისი ხათრით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს მეტსახელად წითელი ბარონიც კი შეარქვეს. და ისე გააწითლეს, რომ „მერსედესში“ გადასულსაც წითელი ჩაფხუტი ახურავს.

წითელი „ფერარისთვის“ დომინანტი საგზაო ავტომობილების წარმოების დროსაცაა. უფრო სწორედ, იყო. თუ რატომ იყო და აღარ არის, ამაზე ქვემოთ. თუმცა, ის მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფერი ჯერაც სჭარბობს მარანელოელთა მიერ გაყიდულ ავტომობილებს შორის. თუმცა, მისი წილი განუხრელად მცირდება...
ამის დასტურად, სტატისტიკას გავეცნოთ: 1990-იანი წლების დასაწყისში, „ფერარის“ მიერ გაყიდული ავტომობილების 85 პროცენტი წითელი ფერის იყო. სხვათა შორის, მაშინ იტალიური კომპანია არცთუ ბევრ მანქანას ჰყიდდა. გავიდა ორი ათეული წელი და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - შარშან მარანელოელთა მიერ გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 45 პროცენტი ყოფილა წითელი...
წითელის პროცენტული წილის კლების მთავარი მიზეზი ისაა, რომ „ფერარი“ მყიდველს ახლა ფერების გაცილებით დიდ არჩევანს სთავაზობს, ვიდრე წლების წინ. განსაკუთრებით (სიგიჟემდე პოპულარული - ფერარის განმარტებით) პოპულარული კი ორ ფერში გამოწყობილი ავტომობილებია. ამ შემთხვევაში, სახურავი განსხვავებული ფერისაა ხოლმე.
გარდა ამისა, „ფერარიმ“ სრულყოფილებამდე მიიყვანა სამშრიანი ღებვის ტექნიკა, რაც მას ღრმა და მკვეთრი ფერების მიღების საშუალებას აძლევს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ მყიდველმა, წითელის გარდა, სხვა ფერზეც იფიქროს. თანაც, „ფერარი“ მყიდველს სთავაზობს, რომ მან თავად მიაწოდოს სასურველი ფერი და კომპანიის სპეციალისტები ამ ფერს აუცილებლად შეაზავებენ. ამასთან, მყიდველს ამ ფერისთვის სახელის შერჩევის უფლებაც აქვს. ეს კი ავტომობილს განსაკუთრებულს, გარკვეულწილად, ექსკლუზიურს ხდის.
და ასე გაჩნდა „ფერარის“ შეთავაზებებში ფერები ინდივიდუალური სახელებით: ბლუ სკოზია (ლურჯი შოტლანდია), ავიო მეტ, ვინაჩა (ჭაჭა)...

No comments:

Post a Comment