Monday, May 14, 2012

„მინის“ ყველა დროის ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი


New John Cooper Works GP is the Fastest Production Mini Ever, Laps the 'Ring in 8:23
14 მაისი
კომპანია „მინი“ წარმოებისთვის „ჯონ კუპერ უორკს GP-ს“ მეორე თაობის ავტომობილს ამზადებს. მაგრამ სანამ მას ბაზარზე გამოიტანს, მისი შესაძლებლობების შემოწმება სიჩქარის მექაში - ნურბურგრინგის ავტოდრომის ეგრეთ წოდებულ ჩრდილოურ მარყუჟზე გადაწყვიტა.

იქ ახალმა ავტომობილმა საპატიო - „მინის“ ისტორიაში უსწრაფესი სერიული ავტომობილის წოდება მოიპოვა. ნურბურგრინგზე „ჯონ კუპერ უორკს GP-მა“ ერთი წრე 8 წუთსა და 23 წამში გაიარა. ეს კი 19 წამით ნაკლებია წინა თაობის GP-ს მიერ ნაჩვენებ დროზე. ცნობისათვის, პირველი თაობის „ჯონ კუპერ უორკს GP“ 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 210 ცხენის ძალას და 244 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ბრიტანული კომპანია ჯერ არ აკონკრეტებს მეორე თაობის „ჯონ კუპერ უორკს GP-ს“ ძრავის მახასიათებლებს. ცნობილია, რომ ეს ისევ 1.6-ლიტრიანი აგრეგატია, რომელსაც ორსაფეხურიანი ტურბოკომპრესორი ემსახურება. სავარაუდოდ, ძრავის სიმძლავრე 230 ან მეტი ცხენის ძალა იქნება.
„მინის“ განცხადებით, მისმა ინჟინრებმა მთლიანად განაახლეს შასი, რომელიც სპორტული, რეგულირებად საკიდარით აღიჭურვა. გარდა ამისა, მანქანა ახალ, ორიგინალური დიზაინის ოთხწკირიან ბორბლებზე დგას, რომლებშიც სპორტული სამუხრუჭე სისტემები განლაგდა. ავტომობილი ასევე აღიჭურვა ახალი აეროდინამიკური ელემენტებით, როგორებიცაა დიდი ზომის წინა და უკანა ელერონები, გვერდითა კალთები და ახალი დიფუზორი.
„მინის“ არც ახალი GP-ს ინტერიერის ფოტოები გაუვრცელებია, თუმცა სავარაუდოდ, სალონში უკანა სავარძლები ისევ ამოღებული უნდა იყოს, როგორც წინა GP-ზე. ეს მანქანის წონის შემცირების საშუალებას იძლევა.
„მინი“ მხოლოდ 2 000 ცალი „ჯონ კუპერ უორკს GP-ს“ გამოშვებას აპირებს, მათს წარმოებას კი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, „მინი“ წარმოებისთვის „კუპეს“ GP-ვერსიასაც ამზადებს.

No comments:

Post a Comment