სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე
15 სექტემბერი
რუსთავის რბოლის მონაწილე ერთ-ერთ რუს პილოტს
თავისი მექანიკოსისთვის უკითხავს - ამ ბიჭებს ეტყობა, ოჯახები არ ჰყავთ, ასე
თავზეხელაღებულები რომ არიანო... ის ლეჯენდსის კლასში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო
მრბოლებს გულისხმობდა. ასეთი კი რამდენიმეა და მათ ოჯახები ჰყავთ! ისინი რბოლებში
ბოლომდე იხარჯებიან, საკუთარივე აღიარებით, ხშირად რისკავენ და მაყურებელსაც კარგ
სანახაობას უწყობენ. მაყურებელი ვახსენეთ და სამწუხაროდ, იმ შესანიშნავ რბოლებს,
რომლებიც რუსთავის ახალ ავტოდრომზე ყოველთვიურად ტარდება, ძალიან ცოტა მაყურებელი
ჰყავს...ბევრი პოპულარული სერიის თუ ჩემპიონატის ორგანიზატორები რას აღარ ცდილობენ იმისათვის, რომ მაყურებელს დაძაბული ასპარეზობები, ხშირი გასწრებები და აქედან გამომდინარე, საინტერესო სანახაობები შესთავაზონ, მაგრამ მიზანს იშვიათად აღწევენ, თან ამაზე უზარმაზარი სახსრები იხარჯება. რუსთავში კი, (შედარებით) მინიმალური ძალისხმევის ფასად, ისეთ რბოლებს ნახავთ, მათგან მიღებული შთაბეჭდილებები მთელი თვე გაგყვებათ. ეს რბოლები, ნებისმიერი მაღალი რანგის პრომოუტერს რომ ანახოთ, მათ თავისი რბოლების თანმდევ რბოლებად ინატრებს. ან ამ ბიჭებს მათს შესაფერის კარიერას გაუშანშალებს...
მაგრამ სამწუხაროდ, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის ტრიბუნა მცირედითაც არ ივსება, ბიჭები საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე და ამბიციების დასაკმაყოფილებლად იბრძვიან. ნაფინიშევს კი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
დღეს რბოლა ბეჟიტაშვილმა მოიგო. მან ფინიშის ხაზთან წამით მიასწრო ქაჯაიას, რომელიც ევროპული რბოლების მონაწილეებს ასწავლის საქართველოს ჰიმნს. დანარჩენებიც წამის მეათედებში მიჰყვნენ. არადა, შუა რბოლაში არჯევანიძე და ბიძინაშვილი ისე დაწინაურდნენ, იფიქრებდი, რომ ამათ ვეღარავინ დაეწეოდა. ერთხანს კაკაბაძე ხან ვის გაასწრებდა, ხან ვის, მაგრამ ცუდ დროს დაუშვა შეცდომა (დააშვებინეს - ლეგენდების კლასში რბოლები კონტაქტურია) და მეექვსე ადგილს დასჯერდა.
მოკლედ, რაც დღეს ვერ შეძლეს, კვირას, მეორე რბოლაში
ეცდებიან ანაზღაურებას. ადვილ გამარჯვებას არავინ ელის, ყველამ იცის, რომ რისკის
გარეშე გამარჯვებაზე ოცნებაც არ შეუძლიათ. და ისინიც გარისკავენ... კვარცხლბეკის
უმაღლეს საფეხურს კი მხოლოდ ერთი დაიკავებს. თუმცა, მაინც ყველანი გამარჯვებულები იქნებიან...
No comments:
Post a Comment