Sunday, June 19, 2011

„მინის“ კუპე პრემიერისთვის ემზადება

MINI Previews New Coupe

19 ივნისი

დიდი საავტომობილო კომპანიები ახლა ფრანკფურტის გამოფენისთვის ემზადებიან, რომელიც სექტემბერში გაიმართება. მათ შორისაა „ბეემვე“ და მის ჯგუფში შემავალი „მინიც“, რომელსაც გამოფენისთვის თავისი სამოდელო გამის უახლესი წევრი - სპორტული კუპე აქვს მომზადებული.

მედიაში ინტერესის გასაღვივებლად, ბავარიელებმა თავიანთი „მინი“ სიახლის შესახებ, გარკვეული ცნობების გაჟონვა პრემიერამდე სამი თვით ადრე მოაწყეს. შემდეგ კი ინტერნტის მეშვეობით, ორადგილიანი „მინი“ თავადვე გაგვაცნეს და ამ ავტომობილის ფოტოებიც გაავრცელეს. თუმცა, ამ ფოტოებზე კუპე ჯერაც ნაწილობრივ შენიღბულია.
ამ ფოტოებიდანაც ადვილად შეიძლება მიხვედრა, რომ სერიული კუპე გარეგნულად საკმაოდ განსხვავდება მისივე კონცეპტუალური ვერსიისგან, რომელიც კომპანიამ ორი წლის წინ, ფრანკფურტშივე გვიჩვენეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს სილუეტით მაინც გვანან. აბა სხვანაირად როგორ იქნება, როცა ორივე ავტომობილს, ჩვეულებრივი ჰეჩბეკ „მინისგან“ განსხვავებით, უკანა საყრდენი მოხსნილი აქვს, შუა კი უკანას მოვალეობას ასრულებს. სახურავი დამოკლებულია და უკნისკენ დახრილი. ამასთან, მისი საბარგული ისევე იღება, როგორც ჩვეულებრივ ჰეჩბეკებში. ოღონდ, ის ძლიერ დახრილია.
„მინის“ კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 3728 მილიმეტრი, სიგანე 1683 მილიმეტრი, სიმაღლე 1387 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2467 მილიმეტრი. ამგვარად, ის ჰეჩბეკ „მინი კუპერ S-ზე“ 6 მილიმეტრით მოკლე და 3 მილიმეტრით დაბალია, ბაზა და სიგანე კი ორივეს ერთი სიგრძის აქვს.
რა თქმა უნდა, კუპე ჰეჩბეკის პლატფორმაზეა აგებული, თუმცა შეცვლილია საკიდრის კომპონენტები, რისი მიზანიც, სპორტული მახასიათებლების მიღება იყო. შეცვლილია წინა და უკანა განივი მდგრადობის სტაბილიზატორები, რა თქმა უნდა, მთავარი ცვლილება ისაა, რომ დრეკადი წყვილები უფრო ხისტი გახდა. ამასთან შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო ხისტი საკიდარის და მძლავრი სტაბილიზატორების დაყენება. მყიდველის სურვილის შემთხვევაში კი, ავტომობილის კლირენსი 10 მილიმეტრით დაიწევს.
საბარგულის თავზე მოთავსებულია ანტი ფრთა, რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილს აეროდინამიკური დატვირთვით უზრუნველყოფს. ოღონდ, ეს ფრთა თვითრეგულირებადია და საქმეში მაშინ ერთვება, როცა ავტომობილის სიჩქარე 80 კმ/სთ-ზე მეტია. ისევე როგორც კონცეპტუალურ კუპეს, სერიულსაც განიერი საბორბლე თაღები აქვს, რომელშიც ზორბა ბორბლები თავსდება.
ჯერ ინტერიერის შესახებ არც ინფორმაცია და არც ფოტოები არ გამოქვეყნებულა, თუმცა ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ავტომობილს მხოლოდ ორი სავარძელი აქვს. სალონის გაფორმება ალბათ დიდად არ შეიცვლება, თუმცა სავარაუდოდ, იქ უფრო სპორტული, გვერდითა საყრდენებიანი სავარძლები დაგვხვდება.
„მინის“ კუპესთვის ბენზინის სამი ძრავია გათვალისწინებული. ესაა 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელსაც ფორსირების სამი ხარისხი აქვს. მათგან ყველაზე სუსტის სიმძლავრე 122 ცხენის ძალაა. უფრო მძლავრი ვერსიები საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემით და ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი და ისინი 184 და 211 ცხენის ძალას ავითარებენ. ყველაზე სუსტი ძრავით, „მინი კუპე“ ადგილიდან ასამდე აჩქარებას 9 წამში შეძლებს, ყველაზე მძლავრით, იგივე აჩქარებას კი 6.4 წამი დასჭირდება. შესაბამისად, მაქსიმალური სიჩქარე 203 და 238 კმ/სთ-ია.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დიზელისძრავიანი კუპეს შეძენაც. ესაა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც 143 ცხენის ძალას და 305 ნიუტონმეტრს (1750-2700 ბრ/წთ დიაპაზონში) ავითარებს. ამ ძრავით, სტანდარტული აჩქარებისთვის, კუპეს 7.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 214 კმ/სთ-ია. სხვათა შორის, დიზელისძრავიანი კუპე ყველაზე ეკონომიურია - ასი კილომეტრის გასავლელად 4.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
ყველა ტიპის ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, რომელიც ერთმანეთთან დაახლოებული გადაცემებით გამოირჩევა და სწრაფი აჩქარების საშუალებას იძლევა. კოლოფს ძრავთან გადაბმის თვითრეგულირებადი ქურო აკავშირებს, რომელიც ფრიქციული წყვილების ცვეთის კვალობაზე, თვითონვე რეგულირდება და ამგვარად, გადაბმის სატერფულზე დაჭერის ძალა ისეთივე რჩება, როგორც ახალ ავტომობილზეა. გარდა ამისა, 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის შეკვეთაცშესაძლებელი იქნება.
ამ ავტომობილის ოფიციალური პრემიერა ფრანკფურტში ჩატარდება. იქვე გაგვაცნობენ მისი დამატებითი აღჭურვილობის პაკეტს და ფასს.

No comments:

Post a Comment